ახალი ამბები

არასამთავრობო სექტორს ნაწილობრივ მოსწონს კონტროლის პალატის კანონპროექტი

13 მარტი, 2012 •
არასამთავრობო სექტორს ნაწილობრივ მოსწონს კონტროლის პალატის კანონპროექტი

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ნაწილობრივ მისაღებია კონტროლის პალატის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის დახვეწის მიზნით.

კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ცალკეულ საკითხებზე კოტროლის პალატის ხედვა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონზე მისაღებია, ანუ წარმოდგენილი ხედვა უფრო მეტად ლიბერალური და პროგრესულია, ვიდრე არსებული კანონი.

ამის შესახებ ლომჯარიამ “ნეტგაზეთს” კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

შეხვედრა კონტროლის პალატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხებოდა. ლომჯარია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, სადაც არასამთავრობო სექტორი თავის  კანონპროექტს წარადგენს.

როგორც მე ვიცი, პარლამენტიც ამზადებს კანონპროექტს. ანუ შეიძლება კანონპროექტის სამი ვარიანტიც კი მივიღოთ სახეზე”.

“ჩვენ, არასამთავრობოები, მივიჩნევთ, რომ კანონში არ არის ნათლად განსაზღვული დაკავშირებული პირის ცნება. შესაბამისად, ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, თუ ვინ შეიძლება მიჩნეულ იქნას  პარტიასთან დაკავშირებულ პირად. ასევე, რა ტიპის სანქციები უნდა გავრცელდეს ასეთ პირებზე. მათ (კონტროლის პალატას) მიაჩნიათ, რომ ეს იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ კი ეს ადამიანი ან ორგანიზაცია ხარჯავს პოლიტიკური  მიზნებისთვის ფულს. მათი პოზიციაა, რომ შეზღუდვები, იგივე სესხის აღებაზე შეზღუდვა, ეს ყველაფერი უნდა გავრცელდეს არა მთლინად ორგანიზაციის საქმიანობაზე, არამედ  საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, ანუ რა ნაწილშიც თანხების ხარჯვა მიმართულია პარტიის დაფინანსებისკენ,” – აღნიშნავს ლომჯარია.

ლომჯარია მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში გამოყოფს ყადაღის დადებისა და ჯარიმის შეფარდების პროცედურებს.

“ყადაღის დადების პროცედურა და ჯარიმის შეფარდების პროცედურა აქვთ უფრო გაწერილი და სასამართლოსადმი მიმართვა უფრო დაკონკრეტებულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯარიმაზე და ყადაღაზე სასამართლომ უნდა მიიღოს,” – განმარტავს ლომჯარია.

თუმცა კონტროლის პალატის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში ლომჯარია კვლავ გამოყოფს ბუნდოვან ჩანაწერს. კერძოდ, ის, რომ მათ კანონპროექტში ისევ არის ჩანაწერი, რომ პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ პირზეც შეიძლება გავრცელდეს შეზღუდვა, ანუ ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება დადგეს ეს კავშირი.

ლომჯარიას განმარტებით, შეხვედრაზე არასამთავრობოებმა აქცენტი გაამახვილეს კონტროლის პალატის ულიმიტო უფლებამოსილების თაობაზე.

“ვისაუბრეთ კონტოლის პალატის პროცედურულ საკითხებზე და რაც ვუთხარით, მათთვისაც მისაღებია.  ანუ კანონში ნათლად  უნდა განიმარტოს, რის საფუძველზე შეიძლება დაიბარონ პიროვნება კონტროლის პალატაში, უნდა არსებობდეს პროცედურები, ჩართონ მოქალაქეები, გამოათქმევინონ საკუთარი მოსაზრებები, მისცენ დრო და ა.შ. თვითონაც ამ საკითხზე თანხმობა გამოთქვეს,” – განაცხადა ლომჯარიამ.

ერთ–ერთი პრობლემური საკითხი, რასაც არასამთავრობოები აყენებენ არის ის, რომ მოეხსნას ამომრჩევლებს არასამთავრობოების შეფასებით მძიმე და  გაუმართლებელი პასუხისმგებლობა. თუმცა, როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ეს საკითხი კონტროლის პალატას არ განუხილავს.

“სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ჩვენ დავაყენეთ  ეს საკითხი, მაგრამ მათ აღნიშნეს, რომ მათ ეს საკითხი ნაკლებად ეხებათ,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ლომჯარიამ.

მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე კონტროლის პალატამ ახალი ინიციატივა შესთავაზა არასამთავრობოებს. კერძოდ, შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი, არასამთავრობოებისა და თვითონ კონტროლის პალატის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული, რომელიც გაზრდის არასამთავრობო სექტორის ჩართულობას და ინფორმირებულობას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის შესახებ, რასაც არასამთავრობოებიც დაეთანხმნენ.

კამპანია “ეს შენ გეხება!”–ს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შემდეგ ძირითად ხარვეზებს გამოყოფენ:

  • კონსტიტუციით დაცული უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა;
  • ბუნდოვანი ნორმები და პროცედურული გარანტიების არარსებობა;
  • ნორმების ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და კონტროლის პალატის ულიმიტო უფლებამოსილება;
  • არაგონივრული შეზღუდვები და სანქციები;
  • მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობა ამომრჩეველს.

მასალების გადაბეჭდვის წესი