ახალი ამბები

თურქეთის ხელისუფლებამ 45 გაზეთი, 16 ტელევიზია და 23 რადიო დახურა

28 ივლისი, 2016 • 1880
თურქეთის ხელისუფლებამ 45 გაზეთი, 16 ტელევიზია და 23 რადიო დახურა

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლება აგრძელებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას. მასობრივი დაკავებების შემდეგ ხელისუფლებამ 45 გაზეთი, 16 ტელევიზია, 23 რადიო, 15 ჟურნალი, 29 საგამომცემლო სახლი და სამი საინფორმაციო სააგენტო დახურა. ინფორმაციას ამის თაობაზე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს.

დახურულ მედიასაშუალებებს შორისაა გაზეთი “ზამანი”, რომელიც ჰოლდინგ “ფეზა”-ში შედის, ხოლო ეს ჰოლდინგი დაკავშირებულია ფეტულა გულენის მოძრაობასთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ასახელებს აჯანყების იდეოლოგად.

 სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთში ადგილი ჰქონდა 16 ივლისს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აჯანყების უკან დგას აშშ-ში მცხოვრები ყოფილი იმამი ფეტულა გულენი. აჯანყების ჩახშობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა დაახლოებით 13 ათასი ადამიანი, ხოლო 60 ათასი სახელმწიფო მოხელე სხვადასხვა უწყებიდან დაითხოვეს სამსახურიდან. სააგენტო ანადოლუს ცნობით, 27 ივლისს კიდევ დაახლოებით 1700 ჯარისკაცი დაითხოვეს და მათ შორისაა 47 გენერალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი