ახალი ამბები

ფედერიკა მოგერინი: რასაც თურქეთში ვხედავთ, მიუღებელია

22 ივლისი, 2016 • 1700
ფედერიკა მოგერინი: რასაც თურქეთში ვხედავთ, მიუღებელია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ფედერიკა მოგერინი გამოეხმაურა თურქეთში საგანგებო რეჟიმის გამოცხადებას და თქვა, რომ თურქეთი არ უნდა იყენებდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე.

“ნათლად ვეუბნებით ჩვენს თურქ მეგობრებს: ჩვენ ვდგავართ დემოკრატიული და ლეგიტიმური ინსტიტუტების გვერდით, მაგრამ არ არსებობს საბაბი, რითაც შეიძლება ფუნდამენტური თავისუფლებებისა და უფლებებისთვის ძირის გამოთხრა გამართლებული იყოს”, – განაცხადა მოგერინიმ. მისი თქმით, ის, რასაც ახლა თურქეთის უნივერსიტეტებში, მედიასა და მართლმსაჯულების სისტემაში ვხედავთ, მიუღებელია.

თურქეთი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის [ECHR] მიხედვით ნაკისირი ვალდებულებების იმპლემენტაციას დროებით შეაჩერებს. ადგილობრივი გამოცემა “ჰურიეტის” (hurriyet daily news) ინფორმაციით, ეს განცხადება 21 ივლისს ვიცეპრემიერმა და მთავრობის სპიკერმა, ნუმან ქურთულმუსმა, გააკეთა. მან ამის მიზეზად საგანგებო მდგომარეობა დაასახელა, რომელიც თურქეთში 3 თვითაა გამოცხადებული. პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საჭიროა იმისათვის, რომ “სწრაფად მოაშორონ იმ ტერორისტული ორგანიზაციის ელემენტები, რომელიც გადატრიალების მცდელობაში იყო ჩართული”.

საგანგებო რეჟიმის გამოცხადებას გამოეხმაურა თურქეთის ელჩი საქართველოში, ლევენთ გუმრუქჩუ. მისი განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო სამართლით დაშვებული ზომაა, რომელსაც ბევრი სახელმწიფო მიმართავს აუცილებლობის შემთხვევაში: “საგანგებო მდგომარეობას არ ექნება გავლენა ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე. პირიქით, ეს ზომა სწორედ კონსტიტუციური წესრიგისა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნითაა მიღებული”. მისი თქმით, სწორედ არსებული კონტექსტის გათვალისწინებით გამოცხადდა თურქეთში საგანგებო მდგომარეობა “თურქეთის კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად”.

“საფრანგეთმაც გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და მათაც შეაჩერეს ევროპული კონვენცია მის მე-15 მუხლზე დაყდნობით. საგანგებო მდგომარეობა ECHR-ის წინააღმდეგ არ არის მიმართული”, – განაცხადა თურქეთის მთავრობის სპიკერმა.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას წინ უსწრებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ამბოხებულთათვის წაუმატებლად დასრულდა. 15 ივლისის ღამით დაწყებულ ამბოხებას 190 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია ათასობით, თანამდებობებიდან გათავისუფლებულია ათიათასობით ადამიანი. თურქეთის ოფიციალური პირები გადატრიალების დაგეგმვაში აშშ-ში მცხოვრებ ყოფილ იმამს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებენ. თავად გიულენი კი უარყოფს აჯანყებასთან კავშირს.

საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს, შეფასებით, რაც თურქეთში 15 ივლისის ღამეს მოხდა, იყო “ფეტულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETO) დაკავშირებული სამხედროების მიერ სისხლიანი გადატრიალების მცდელობა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მიზნით… “ფეტოს”, რომელმაც ეს ღალატი დაგეგმა, სახიფათო საიდუმლო ქსელი აქვს არა მხოლოდ არმიაში, არამედ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში”, – ნათქვამია ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი