ნეტგაზეთი | თურქეთი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე დროებით უარს ამბობს თურქეთი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე დროებით უარს ამბობს – Netgazeti

თურქეთი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე დროებით უარს ამბობს

თურქეთი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის [ECHR] მიხედვით ნაკისირი ვალდებულებების იმპლემენტაციას დროებით შეაჩარებს. hurriyet daily news-ის ინფორმაციით, ეს განცხადება ვიცეპრემიერმა და მთავრობის სპიკერმა ნუმან ქურთულმუსმა გააკეთა.

მან ამის მიზეზად საგანგებო მდგომარეობა დაასახელა, რომელიც თურქეთში 3 თვითაა გამოცხადებული.

“საფრანგეთმაც გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და მათაც შეაჩერეს ევროპული კონვენცია მის მე-15 მუხლზე დაყდნობით. საგანგებო მდგომარეობა ECHR-ის წინააღმდეგ არ არის მიმართული”, – განაცხადა თურქეთის მთავრობის სპიკერმა.

“ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, როცა საფრთხე ემუქრება ხალხის სიცოცხლეს, ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაატაროს ღონისძიებები კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან გადახვევის მიზნით, მხოლოდ იმ ზომით, რამდენადაც ამას მკაცრად მოითხოვს მდგომარეობის სიმწვავე და იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება მხარის სხვა საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს”, – ნათქვამია კონვენციის მე-15 მუხლში და აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევაშიც კი, სახელმწიფომ არ უნდა გადაუხვიოს კონვენციის იმ უფლებებს, რომლითაც გარანტირებულია ადამიანის სიცოცხლის უფლება, ასევე წამების დაუშვებლობა. ამ პირობებშიც კი კონვენცია ადგენს, რომ ადამიანს კანონის გარეშე სასჯელი არ უნდა შეეფარდოს.

“მე შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ამით ფუნდამენტური უფლებები და ცხოვრების ნორმალური პირობები არ დაზიანდება. ჩვენმა მოქალაქეებმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ”, – თქვა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას წინ უსწრებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ამბოხებულთათვის წაუმატებლად დასრულდა. ამბოხებას რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდან გათავისუფლებულია ათიათასობით ადამიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com