ახალი ამბები

რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში

2 მარტი, 2012 •
რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში

კამპანია “ეს შენ გეხება!”–ს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შემდეგ ძირითად ხარვეზებს გამოყოფენ:

  • კონსტიტუციით დაცული უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა;
  • ბუნდოვანი ნორმები და პროცედურული გარანტიების არარსებობა;
  • ნორმების ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და კონტროლის პალატის ულიმიტო უფლებამოსილება;
  • არაგონივრული შეზღუდვები და სანქციები;
  • მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობა ამომრჩეველს.

დღეს, 2 მარტს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” კამპანია “ეს შენ გეხება!”–ს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინეს და გააცნეს  საერთაშორისო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.  

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო (ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე, გიორგი ახვლედიანი, ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი), ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები (ივანიშვილის კოალიციის წარმომადგენლები – რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური და “ეროვნული საბჭოს” ლიდერი კობა დავითაშვილი; ასევე შეხვედრას ესწრებოდა  “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე). მმართველი პარტია კი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა წარმოადგინა.

შეხვედრა კამპანიის “ეს შენ გეხება!” ფარგლებში მომზადებული და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების მიმოხილვით დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებით უნდა გაუქმდეს კანონში პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება, რაც არასამთავრობოების საკანონმდებლო წინადადებაში შემდეგი ფაქტითაა გამყარებული: 

კერძოდ, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 261 მუხლის თანახმად, პარტიასთან დაკავშირებულ პირად შესაძლოა მიჩნეულ იქნას იურიდულ და ფიზიკურ პირთა განუსაზღვრელი წრე. პირები იმ შემთხვევაშიც კი შეიძლება მოხვდენენ დაკავშირებული პირის ცნებაში, თუ ისინი მოუწოდებენ ამომრჩევლებს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ…  

არასამთავრობოების პოზიციაა, რომ  პარტიისთვის არსებული ფინანსური შეზღუდვები პირზე გავრცელდება, თუ:

ა) მას აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნისათვის გასწევს ხარჯებს კანონით დადგენილი ლიმიტების დარღვევით;

ბ) მას არ გააჩნია გაცხადებული საარჩევნო მიზანი, თუმცა წლის განმავლობაში 200 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოწირულებას განახორციელებს.

ოფიციალურად როგორ მოხდება ამ მუხლის ახლებური ვარიანტის წარდგენა, ამის შესახებ ჯერ კუბლაშვილს არ განუცხადებია, თუმცა მან აღნიშნა, რომ 261 მუხლი ახლებური რედაქციით დაიწერება.

კონტროლის პალატის მიერ შეზღუდვების გავრცელების პროცედურის დროს არასამთავრობოები მოითხოვენ უზრუნველყოფილი იყოს პირის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ასევე, პირი უფლებამოსილია გაასაჩივროს კონტროლის პალატის გადაწყვეტილება; კონტროლის პალატას მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში შეუძლია გამოითხოვოს ფინანსური დოკუმენტაცია.

“არ არსებობს უფლებამოსილება, რის საფუძველზეც კონტროლის პალატა იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის დაკავშირებულ პირად მიჩნევის თაობაზე, კერძოდ, არ არის განსაზღვრული თუ რა საფუძვლით, რა შემთხვევებში შეიძლება კონტროლის პალატამ მიმართოს კონკრეტულ პირს ცალკეული ინფორმაციის მიღების მიზნით. კანონი ქმნის მატერიალურ საფუძვლებს და ანიჭებს კონტროლის პალატას უფლებამოსილებას, ყადაღა დაადოს პირის ქონებას,” – ნათქვამია არასამთავრობოების განმარტებით ბარათში.  

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 341 მუხლში გაწერილია კონტროლის პალატის უფლებამოსილებები, თუმცა, აქ და ზოგადად კანონში არ არის მითითებული, რის საფუძველზეც კონტროლის პალატა იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის დაკავშირებულ პირად მიჩნევის თაობაზე.   

არასამთავრობოები ასევე მოითხოვენ მოხდეს შემოწირულების ცნების ახლებურად განსაზღვრა. მათი შეფასებით, 25-ე მუხლისთვის შემოთავაზებული დამატებები აფართოვებს შემოწირულების ცნებას და მასში მოიზრებს არა მხოლოდ იმ ფულად სახრებს თუ მატერიალურ რესურსს, რომელსაც უშუალოდ მიიღებს პოლიტიკური პარტია, არამედ შემთხვევებს, როდესაც პირი აღნიშნულ რესურსს კონკრეტული სუბიექტის მხარდასაჭერად გასწევს სხვა ფორმით.

ისინი მიიჩნევენ, რომ ახლებური რედაქციით შემოწირულებად ჩაითვლება პირის მიერ გაწეული ხარჯები, უსასყიდლოდ ან შეღავათით გაცემული მატერიალური ფასეულობა/მომსახურება პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების მიზნით.

არასამთავრობო ორგანიზაციების ახალი ინიციატივით უნდა მოხდეს ყადაღის გამოყენების წესის ცვლილება და ასევე ამ საკითხის მეტად დაზუსტება კანონში.  კერძოდ,

  • მხოლოდ აუცილებელ ფარგლებში და იმ შემთხვევაში თუ არსებობს ქონების გასხვისების/დახარჯვის საშიშროება;
  • ყადაღების დადების  გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო;
  • მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს 24 საათის განმავლობაში.
  • სასამართოს გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება 48 საათში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს 48 საათში, რაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

რაც შეეხება კანონით დადგენილ სანქციებსა და შეზღუდვებს, არასამთავრობოების განცხადებით, კანონის არსებული რედაქცია ითვალისწინებს არაგონივრულ და არათანაბარ შეზღუდვებს საარჩევნო სუბიექტებისათვის. მაგალითად, კანონმდებლობა ადგენს საარჩევნო სუბიექტის წლიური შემოსავლის საერთო ოდენობას (მუხლი 251.1 და 251.5), მაშინ როდესაც აღნიშნული შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ხარჯზე სრულიად საკმარისი იქნებოდა კანონის მიზნებისათვის.

აქედან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა გაუქმდეს ერთი წყაროდან შემოსავლის მიმღები პირებისათვის დადგენილი საერთო ლიმიტი შეწირულობაზე;

  • უქმდება პარტიისათვის წლის მანძილზე მიღებული შემოსავლის საერთო ოდენობის ლიმიტი;
  • წესდება შეზღუდვა დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის ხარჯებზე;

ასევე სანქციები უნდა გახდეს თანაზომიერი და პროპორციული, ჯარიმის ათმაგი ოდენობა უნდა შეიცვალოს სამმაგი ოდენობით; ხოლო ბათილი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება აღარ მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.

და ბოლოს, არასამთავრობოები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებულს. ისინი აცხადებენ, რომ ახლებური რეგულაციებით ამომრჩეველს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა.

საბოლოო ჯამში, “ეს შენ გეხება” –ს განცხადებით, საკანონმდებლო წინადადება უზრუნველყოფს: კონსტიტუციური უფლებების დაცვას; მკაფიო ფორმულირებებს, რაც ზღუდავს კონტროლის პალატის დისკრეციას; გადაწყვეტილების მიღების გამართულ პროცედურას; პარტიათა ფინანსური საქმიანობის კუთხით არსებული ხარვეზების შევსებას; დარღვევის ადეკვატურ სანქციებს.

თუმცა  შეკითხვაზე, მხოლოდ ეს ცვლილები რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნას, არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის საკმარისი საბოლოო მიზნის მისაღწევად.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომელიც კანონში ცალკეული მუხლების დახარისხებასაც და პრიორიტეტების გამოყოფასაც შეეხო. “ეროვნული საბჭოს” ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, “იქნებ, გამოვყოთ საკითხთა წრე, რომელიც პირველ ხარისხოვანია და ის არის პრინციპული. ასევე გამოვყოთ საკითხთა წრე, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის ვიტყვი, შემოსავლების ოდენობის შეზღუდვის მოხსნა, არავისთვის არის მნისვნელოვანი და პრინციპული, აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და არ დაკმაყოფილდეს, მაგალითად სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის გაუქმებაც უფრო პრინციპულია,” – აღნიშნა დავითაშვილმა.

ოპოზიციის მიერ არასამთავრობოების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებზე შენიშვნაც გამოითქვა, პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის კიდევ უფრო უზრუნველყოფის თვალსაზრისით.    

“პოლიტიკური პარტიების ცხოვრებამ ამ ახალი კანონის პირობებში ჩვენ დაგვანახა კიდევ სხვა, ზოგჯერ პროცედურულ–დეტალური,  მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ამიტომ ჩვენ არასამთავრობოებთან შევთანხმდით, რომ ჩვენს გამოცდილებასა და ხედვებს გავუზიარებთ სამუშო ჯგუფს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” უსუფაშვილმა.

რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას გაიმართება სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, სადაც დაზუსტდება და მოხდება ზუსტი ფორმულირებების წარმოდგენა.

“აქვე ავღნიშნავ, რომ არ ვფიქრობ, რომ იმ საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება შევთანხმდეთ, არის მეორე ან მესამე ხარისხოვანი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ის მიზანი, რომელიც დეკემბერში ამ კანონის მიღების დროს იყო, აბსოლუტურად დარჩება ძალაში. არავინ არ წარმოიდგინოს, რომ რაიმე ფორმით ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არ იყოს გამჭვირვალე. ფურმულირებების შეცვლაზე ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ,“ – განაცხადა კუბლაშვილმა.

დღესვე კამპანია “ეს შენ გეხება!”–ს ფარგლებში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ორი მიმართვა გაავრცელეს (ერთი – პრეზიდენტს, პარლამენტის თავჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს გადაუგზავნეს, მეორე – ეუთოს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერს). ისინი საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, ეუთო-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას სთხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი