ახალი ამბები

გერგეთის ქუჩის მოსახლეობის პროტესტი სასტუმროების მშენებლობის გამო

5 ივლისი, 2016 • 3178
გერგეთის ქუჩის მოსახლეობის პროტესტი სასტუმროების მშენებლობის გამო

გერგეთის ქუჩის მოსახლეობამ მშენებარე სასტუმროების გამო საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მიწისქვეშა კომუნიკაციის, სანიაღვრე სისტემის და გზის მოწესრიგებას მოითხოვენ.

გერგეთის ქუჩაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ორი სასტუმრო და ერთი კერძო სახლი შენდება. მოსახლეობის განცხადებით, ტერიტორიაზე გაიჩეხა წიწვოვანი ხეები, ასევე მოიჭრა მთის ნაწილი:

“აღშფოთებული ვარ ამ მშენებლობით. მთის ნაწილი მოჭრეს, მოჭრეს ხეები, ეკოლოგიურად ზიანდება ქუჩა და ქალაქი. რაც ბუნებამ მოგვცა, იმას ვაზიანებთ,”- ამბობს მარინა ჩხიკვაძე, გერგეთის ქუჩის მცხოვრები.

სასტუმროს მშენებლობა გერგეთის ქუჩაზე.

სასტუმროს მშენებლობა გერგეთის ქუჩაზე.

“მთელი კლდეა გაშიშვლებული სამ ადგილზე. პატარა მიწისძვრა და ეს კალთა დაიძვრება. მშენებელი ვარ, ინჟინერი ვარ და ვიცი ეს ყველაფერი. ვიბრძოდით მშენებლობის წინააღმდეგ, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. ახლა ოთხი მოთხოვნა გვაქვს. საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, სანიაღვრე სისტემა, სატრანსფორმატორო სადგურის და გზის გაკეთება. მერიამ, მშენებლობა მშვენივრად მიმდინარეობსო, კრება დარჩა მხიარული,” – ამბობს თეიმურაზ ჩიხლაძე.

სასტუმროს მშენებლობა გერგეთის ქუჩაზე

სასტუმროს მშენებლობა გერგეთის ქუჩაზე

მოსახლეობა მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას მოითხოვს. ლია ჩქარეულის თქმით, მშენებლობას თან ახლავს ხმაური და მტვრის დიდი მასა:

“წინა ხელისუფლების დროს მოუხსნეს ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ტყე გაჩეხეს. კომუნისტებმა დარგეს ნაძვები, ხალხი ზურგით ეზიდებოდა წყალს, რომ მოერწყათ, რადგან მცოცავი ქანებია და საჭიროა ხეები. ესენი ვერ აღადგენენ გარემოსთვის მიყენებულ ზიანს, რადგან შენობას აშენებენ. მერიის არქიტექტურის სამსახურმა გვითხრა, ეს ინვესტიციაა და ხელს ნუ უშლითო,”- ამბობს ლია ჩქარეული.

სასტუმროს მშენებლობა გერგეთიქ ქუჩაზე.

გერგეთის ქუჩის მოსახლეობის აქციაზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, რომელიც საკრებულოში ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” კვოტით მოხვდა:

“სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები იმკიან დედაქალაქისადმი უსულგულო, უგულო და უჯიგრო დამოკიდებულების შედეგებს. ლანდშაფტთან შეუსაბამოა ეს პროექტი შენობის მოცულობის თვალსაზრისით, მოძრაობის ორგანიზაციის თვალსაზრისით, კომუნიკაციების თვალსაზრისით. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ამ ქუჩას და მის მაცხოვრებლებს,”- აცხადებს ოგბაიძე.

მშენებლობა გერგეთის ქუჩაზე.

მშენებლობა გერგეთის ქუჩაზე.

თბილისის მერიის გამწვანების სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გერგეთის ქუჩის #3-ში ნებართვა ორი ხის მოჭრაზე გაიცა:

“ორივე ხეზე იყო დასკვნა, რომ ხმელი იყო, თან ეს ხეები კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე იყო. ამის თანხაც გადაიხადეს. გერგეთის ქუჩაზე სხვა ნებართვა არ გაცემულა,” – განაცხადა ნინო კვაჭანტირაძემ.

სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციაა, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას,   “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება:

“ახალი მშენებლობების  კომპანიის წყლის და წყალარინების სისტემაზე დაერთების ნებართვის გაცემა და აბონენტად რეგისტრაცია  არსებული ინფრასტრუქტურის სიმძლავრისა და გამტარუნარიანობის გათვალისწინებით ხდება.  ,,ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურ პირობას სამშენებლო ობიექტის პარამეტრების შესაბამისად, ტექნიკური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გასცემს, სადაც წყლისა და წყალარინების  სისტემაზე დაერთების ოპტიმალური წერტილებია მითითებული,”- აცხადებენ  “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში”.

მათივე ინფორმაციით, გერგეთის ქუჩის სისტემა მწყობრშია და  მოსახლეობის მხრიდან, ბოლო 6 თვის მანძილზე,  წყალარინების სისტემის დაზიანებასთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი