ახალი ამბები

ფემიციდის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების არგუმენტები

6 ივნისი, 2016 • 3702
ფემიციდის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების არგუმენტები

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა, სადაც სისხლის სამართლის კოდექსით ფემიციდის განსაზღვრებაზე მსჯელობენ, კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობის განსაზღვრებას არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, ასევე,  სოსო მანჯავიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე, მღვდლები, რომლებიც კომიტეტის სხდომას ესწრებიან.

“მგონია, რომ იურიდიულად სწორი ფორმა არ არის შერჩეული. ისეთი ემოციური მდგომარეობა იქმნება, რომ თითქოს ქალებს ვიღაცა ვერ იტანს. არ არის ასეთი მოცემულობა საზოგადოებაში,” – განაცხადა ფოფხაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ კანონპროექტის ავტორებს, თამარ ხიდაშელსა და თამარ კორძაიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საზოგადოების “გენდერიზაციაში” დასდო ბრალი და აბორტის უფლების შეზღუდვის კონტექსტში ილაპარა:

“თუ ფემიციდი ქალთა მოწყვლადობას უსვამს ხაზს მამაკაცთან მიმართებაში, მაშინ ქალის წინაშეც არსებობენ. იგივე ემბრიონი, რომლის ხელყოფის უფლებაც, სამწუხაროდ, ქალბატონებს აქვთ. მაშინ შეიძლება შემოვიღოთ კანონი ემბრიონციდის შესახებ,” – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მღვდელმა დავით ნოზაძემ არსებული რეალობის საპირისპირო განცხადება გააკეთა: “შეეცადეთ ქალებს აუხსნათ, რომ ნუ ძალადობენ ქალებზე პირიქით,” – ამ სიტყვებით მან კანონპროექტის ავტორებსა და მხარდამჭერებს მიმართა. მღვდელმა კანონპროექტზე გამართული დისკუსია იურიდიული დისკურსიდან რელიგიურში გადაიტანა, ხოლო არგუმენტები ბიბლიიდან მოიხმო: “მას შემდეგ, რაც ევამ ადამი აცდუნა, ღმერთმა ადამს უთხრა – შენ ამის უფალი იქნებიო. ეს იმიტომ უთხრა, რომ კაცი მოძალადე არ ყოფილიყო. რახან ღმერთმა უთხრა შენ მასზე იუფლებ, განა იძალადებ, იუფლებო, ამიტომ კაცი არის უფრო შემწყნარებელი. ”

დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას თამარ კორძაიამ დამსწრეებს შეახსენა, რომ საქართველო სეკულარული ქვეყანაა:

“მინდა მივესალმო სასულიერო პრიების დამოკიდებულებას, რომ ჰარმონიას შევუწყოთ ხელი და ხელი შევუწყოთ ძალადობის შემცირებას. ვფიქრობ, ამ ნაწილში სასულიერო პირები თავის მოვალეობას ასრულებენ, როგორც სასულიერო პირები, მაგრამ აქ  მე  ვლაპარაკობ საერო, სეკულარული სახელმწიფოს წარმომადგენელი. ჩვენ ვლაპარაკობთ საერო კანონმდებლობაზე და მოქალაქეები როდესაც დაცვას ითხოვენ, პასუხისმგებლობას სთხოვენ ხელისუფლებას და შვების მისაღებად მიდიან სასულიერო პირებთან. ჩვენ დღეს იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში ვლაპარაკობთ, რაც საქართველოს პარლამენტს აქვს.”

კორძაიას განმარტებით, კაცი ქალს მის თანასწორად არ აღიარებს და სწორედ ამიტომ მოამზადეს ეს კანონპროექტი:

“ჩვენი მიზანი არ არის, რომ ვიღაც განსაკუთრებულად დავსაჯოთ. ჩვენი მიზანია, ქალები დავიცვათ უთანასწორობით გამოწვეული ძალადობისგან და დანაშაულისგან. თუ კაცი ქალის მიმართ დისკრიმინაციული ნიშნით არ ჩაიდენს  დანაშაულს, არ აგებს პასუხს  ამ მუხლით, ხოლო თუ ჩაიდენს დისკრიმინაციული ნიშნით, რატომ არ უნდა დავარქვათ მისი სახელი? რატომ არის ეს ასეთი პრობლემა და დისკუსიის თემა?” – განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ითვალისწინებს ფემიციდისთვის ცალკე დანაშაუალის კატეგორიის მინიჭებას. კერძოდ, მომზადებული პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწერება, რომ ფემიციდი არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა.

კანონპროექტის მიზანია გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მვკვლელობების პრევენცია ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარების გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი