ახალი ამბები

უხილავი სისტემატიური დანაშაული

27 მაისი, 2016 • 2916
უხილავი სისტემატიური დანაშაული

უფლებადამცველების შეფასებით, ქალის მიმართ ძალადობის საქმეების ადეკვატურად დაკვალიფიცირება პრობლემატურია საქართველოში. აღმოფხვრის თუ არა ამ ხარვეზს საკანონმდებლო ინიციატივა ფემიციდის შესახებ და რამდენად უზრუნველყოფს კანონპროექტი  გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციას?

პარლამენტის ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრების, თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ითვალისწინებს ფემიციდისთვის ცალკე დანაშაუალის კატეგორიის მინიჭებას. კერძოდ, მომზადებული პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწერება, რომ ფემიციდი არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა.

კანონპროექტის მიზანია გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მვკვლელობების პრევენცია ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარების გზით.

“ქალის მკვლელობა ხშირ შემთხვევაში სწორედ იმიტომ ხდება, რომ მოძალადე [პარტნიორი] მამაკაცი ქალს მასზე დამოკიდებულად თვლის. არ თვლის თანასწორად და დაუმორჩილებლობას არ პატიობს. კანონმდებლობამ უნდა დაანახოს მოქალაქეებს, რომ ეს სხვაობა მიუღებელია,”- ამბოს კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, თამარ კორძაია.

კორძაიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის, ან ოჯახის სხვა წევრის მიერ ქალის მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11-დან 14 წლამდე. ამასთან, აღნიშნული გარემოება განიხილება, როგორც დამამძიმებელი მთელ რიგ შემთხვევებში, მათ შორის ისეთი დანაშაულების მიმართ, როგორებიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, იძულება, მუქარა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი  ცვლილება ფემიციდის პრობლემას საკანონმდებლო დონეზე მეტ ხილვადობას შესძენს:

“ფემიციდის დანაშაულის ცალკე გამოყოფა მეტ შესაძლებლობას მისცემს მოსამართლეებსაც და გამომძიებლებსაც, ადეკვატური შეფასება მისცენ ასეთ საქმეებს,”- აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

ქალის მიმართ ძალადობის საქმეების ადეკვატურად დაკვალიფიცირებისა და სტატისტიკის წარმოების პრობლემა

2014 წლის სექტემბერში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ხანუმ ჯეირანოვამ, რასაც წინ უძღოდა მის მიმართ ქმრის ნათესავების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ საქმეს პროკურატურა დღემდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ და დაუსჯიათ. საქმეში არაფერია ნათქვამი გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულზე, ქალის მიმართ ძალადობაზე, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. ამ ტიპის დანაშაულების შედეგად გარდაცვლილი ქალები არ აღირიცხებიან საგამოძიებო უწყებების სტატისტიკურ მონაცემებში ძალადობის შედეგად მოკლული ქალების შესახებ.

პრესაში აღრიცხული ფაქტებისა და სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, 2013 წელს საქართველოში 21 ქალი მოკლეს, 2014 წელს – 23, ხოლო 2015 წელს ქალთა მკვლელობისა თუ მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა გამოვლინდა. განსხვავებული მაჩვენებლები აქვს შსს-ს, რომლის მიხედვით, 2013 წელს 3 ქალი მოკლეს, 2014 წელს -7, ხოლო 2015 წელს- 5.

შს სამინისტროს ეს სტატისტიკა ეფუძნება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ოჯახში მომხდარ დანაშაულებს, რომლებზეც პასუხისმგებლობა განისაზღვრა სსკ 11′-108 [განზრახ მკვლელობა], 11′-109 [განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში], 11′-117 [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება], 11′-118 [ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება], 11′-126 [ძალადობა]’, 126′ მუხლებით.

“ასეთი სპეციალური მუხლის არარსებობის პირობებში, როგორიცაა ფემიციდი, ძალიან რთულია პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა. ბევრი დანაშაული რჩება ოფიციალური სტატისტიკის მიღმა. მასშტაბები თუ არ განისაზღვრა, სახელმწიფო ეფექტიანად როგორ უნდა ებრძოლოს პრობლემას? ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილება,” – ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ირინა ჯაფარიძე.

რას შეცვლის ფემიციდს შესახებ კანონი დანაშაულის პრევენციის კუთხით?

“სისხლის სამართლის პოლიტიკას აქვს შემაკავებელი და პრევენციული ხასიათი. ეს მისი ერთ-ერთი მიზანია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების მიღება. ახლა ჩვენი კანონმდებლობა გენდერულად ნეიტრალურია,” – ამბობს ირინა ჯაფარიძე.

იმავე პოზიციაზეა ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, რამდენიმე თვეში არა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კანონს პრევენციული ხასიათი ექნება.  

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წევრის, ეკა აღდგომელაშვილის აზრით, ქვეყანაში ქალების ჩაგვრას სისტემური ხასიათი აქვს. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილება  იქნება რეაგირება ქალების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე:

“კანონპროექტს აქვს პრევენციული დატვირთვაც და ღირებულებაც. მხარს ვუჭერ და მივესალმები კანონის გამკაცრებას.

ამ მოსაზრებებს  არ იზიარებს “ეროვნული ფორუმის” საპარლამენტო ფრაქციის წევრი ანი მიროტაძე:

“ეს კანონპროექტი, ჩემი აზრით, ბევრს არაფერს არ შეცვლის. აფექტის მდგომარეობაში ადამიანი, რომელიც მზად არის ასეთი დანაშაული ჩაიდინოს,  ვერაფრით გაიაზრებს იმას, 12-წლიანი სასჯელი ექნება, თუ 14-წლიანი. არ ვამბობ, რომ ცუდი ინიციატივაა, უბრალოდ, მგონია, რომ ვერაფერს შეცვლის.”

როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი ირინა ჯაფარიძე ამბობს, რომ მსოფლიოში 125 ქვეყანას აქვს კანონი ოჯახში ძალადობის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ, ხოლო ამ ქვეყნების გარკვეულ ნაწილს ფემიციდი ცალკე დანაშაულად აქვს განსაზღვრული. გთავაზობთ პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ინფორმაციას სხვა ქვეყნების კანონმდებლობის შესახებ:

აშშ: აშშ-ის ფედერალური კანონი “ქალთა მიმართ ძალადობის” შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლიდან უვადო პატიმრობამდე და ასევე ჯარიმას. ძალადობის ფაქტი, რომელსაც არ მოჰყოლია სიკვდილი, გამოიწვია სერიოზული ფიზიკური დაზიანება და სხეულის მუდმივი დამახინჯება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე. ძალადობის ფაქტი, რომლის შედეგად ქალს მიადგა სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები და ძალადობა განხორციელდა საშიში იარაღის გამოყენებით, ისჯება 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ძალადობის ფაქტი, რომელსაც შედეგად მოჰყვა მსხვერპლის სიკვდილი, ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით.

საფრანგეთი: საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს და ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას მეუღლის მკვლელობის შემთხვევაში, ან 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ძალადობისთვის, რომელმაც გამოიწვია მსხვერპლის სიკვდილი, თუ მსხვერპლი იყო მეუღლე, ან მოძალადესთან მცხოვრები პირი.

ესპანეთი: ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსი არ შიეცავს ტერმინს – ფემიციდი, თუმცა კოდექსი შეიცავს ნორმებს გენდერული ძალადობის შესახებ. ესპანეთმა მიიღო კანონი “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მრავალმხრივი დაცვითი ღონისძიებების” შესახებ, რომლის მიხედვით შექმნილია სპეციალური სასამართლოები [The Courts for Violence Against Women], რომლებიც განიხილავენ შემდეგი სახის დანაშაულებს: მკვლელობა, იძულებითი/ძალადობრივი აბორტი, შეურაცხმყოფელი ფიზიკური კონტაქტი, ემბრიონისთვის ზიანის მიყენება [ორსული ქალის ცემის შემთხვევაში], დანაშაული თავისუფლების და ღირსების წინააღმდეგ, სქესობრივი ხასიათის დანაშაული და ყველა სხვა დანაშაული, რომელიც ჩადენილია ყოფილი ან მოქმედი ქმრის/პარტნიორის მიერ. ამ კანონით, სხეულის დაზიანების შემთხვევაში, თუ მსხვერპლი ცოლია, ან ყოფილი ცოლი ან ქალი, რომელთანაც მოძალადე იმყოფებოდა, ან იმყოფება რაიმე მსგავს კავშირში, ეს გარემოება ითვლება დამამძიმებლად და სასჯელი 2 წლიდან 5 წლამდე იზრდება.

იტალია: იტალიამ 2013 წელს მიიღო კანონი “ქალთა მიმართ ძალადობის” შესახებ. კანონი ითვალისწინებს სავალდებულო პატიმრობას, თუ პირს წაასწრეს ძალადობის ან დევნის ფაქტზე და ასევე ადგენს სავალდებულო გამოძიების ჩატარებას, თუ პოლიციაში საჩივარი შევიდა. კანონი ამძიმებს სასჯელს, თუ მსხვერპლი ორსული ქალია, ან თუ ძალადობა ბავშვის თანდასწრებით მოხდა.

ეს კანონი თითქმის შეუძლებელს ხდის ოჯახში ძალადობის ფაქტზე შეტანილი საჩივრის უკან გამოტანას. მოძალადის შიშით ხშირად ქალი უარს ამბობს დაეხმაროს გამოძიებას, ამ კანონის თანახმად კი, პოლიციელი ვალდებულია გააგრძელოს გამოძიება  მაშინაც კი, როცა მსხვერპლი აღარ თანამშრომლობს მასთან.

დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს კანონპროექტს?

კანონპროექტის მისაღებად 50 დეპუტატის ხმაა საჭირო და მას უკვე აქვს დაახლოებით 64 ხმა “რესპუბლიკური პარტიის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციებიდან. თუ ამ ფრაქციების ყველა წევრი დაედწრება კენჭისყრას, კანონპროექტს მიიღებენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც ამ ფრაქციების წევრი დეპუტატები პლენარულ სხდომებს საპატიო და არასაპატიო მიზეზით არც თუ ისე იშვიათად აცდენენ.

უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ეროვნული ფორუმი”,  ასევე, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “ქართული ოცნება”, “მრეწველები” და “კონსერვატორები”.  მათ ფრაქციებს  კანონოპროექტზე ჯერ არ უმსჯელიათ.

არსებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას გვავალდებულებს  ე.წ. სტამბულის კონვენცია, რომელსაც საქართველო 2014 წელს შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. თუმცა, დოკუმენტი ამ დრომდე არ არის რატიფიცირებული:

“რატიფიცირების პროცესი არის დასაჩქარებელი. პროცესს წინ უძღვის საკანონმდებლო ცვლილებები სხვადასხვა კანონში. ეს სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ვისურვებდი, რომ მთავრობამ პარლამენტში სწრაფად შემოიტანოს დოკუმენტი,” – აღნიშნავს ეკა ბესელია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.

ტერმინი „ფემიციდი“ 1970-იანი წლების ფემინისტური მოძრაობის დროს დამკვიდრდა ქალთა მკვლელობების ფენომენის კონცეპტუალური გააზრებისა და ქალთა მიმართ ფატალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

 

მასალა მომზადდა "ნეტგაზეთისა" და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC),თანადგომის, იდენტობის, ჰერა XXI-ის ერთობლივი მუშაობით, პროექტის "საქართველოს SRHR ორგანიზაციების მხარდაჭერა UPR პროცესში მონაწილეობისთვის", რომელიც მხარდაჭერილია RFSU-ს მიერ. მასალაში წარმოდგენილი შეფასებები და პოზიცია შეიძლება არ წარმოადგენდეს RFSU-ს პოზიციას.

მასალა მომზადებულია  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC),თანადგომის, იდენტობის, ჰერა XXI-ის  პროექტის “საქართველოს SRHR ორგანიზაციების მხარდაჭერა UPR პროცესში მონაწილეობისთვის” მხარდაჭერით.  მასალაში წარმოდგენილი შეფასებები და პოზიცია შეიძლება არ წარმოადგენდეს RFSU-ს პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი