ახალი ამბები

პირველი მოსმენით მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსი

20 დეკემბერი, 2011 • • 1259
პირველი მოსმენით მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”  და ახალი საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებების დამტკიცებას მხარი პარლამენტმა ერთპიროვნულად დაუჭირა (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები 107 ხმით ერთის წინააღმდეგ, ხოლო საარჩევნო კოდექსის პროექტი 110 ხმით ერთხმად დამტკიცდა). კენჭისყრაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა სიხალვათე იყო.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ცალკეული საკითხების გარდა, სრულად იქნება გათვალისწინებული ახალ საარჩევნო კოდექსში. ის რამდენიმე საკითხი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან, რაც შევიდა საარჩევნო კოდექსსა და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კოდექსში:

  • საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეეხება მანდატების განაწილების წესს; (150 დეპუტატიან პარლამენტში 77 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 73 – მაჟორიტარი)
  • მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების წესი; (იმისათვის, რომ პარტიამ შეძლოს ყველა ტიპის არჩევნებში მონაწილეობა, საჭიროა, მხარდამჭერთა რაოდენობა (ხელმოწერების სახით) განისაზღვროს 25 ათასით, ნაცვლად 30 ათასისა.
  • დამოუკიდებელ კანდიდატს შეეხება ახლებური რეგულაციები; (ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს ყველანაირ არჩევნებში ჰქონდეს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა).
  • ასევე ის რეგულაციები, რომელიც უკავშირდება საუბნო კომისიის თავჯდომარის მიერ დარღვევებზე რეაგირებას;
  • დამკვირვებლის მეტ გარანტიებს უბანზე, რაც გულისხმბს მის ჩართვას დათვლისა და საჩივრების მიღების პროცედურებში, რაც უკავშირდება მისი დამოუკიდებლობის მეტ გარანტიას; (მხოლოდ საუბნო კომისიის თავჯდომარე აღარ იქნება ერთპიროვნულად უფლებამოსილი, რომ გააძევოს დამკვირვებელი დარბაზიდან, არამედ საუბნო კომისიის წევრთა 2/3–ს თანხმობა იქნება ამ შემთხვევაში)
  • ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს (როგორც კვალიფიციური ისე არაკვალიფიციური სუბიექტისათვის).
  • ნაწილობრივ იკრძალება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
  • ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებს (მათ, ვისაც თავისუფლება არა უმეტეს 5 წლით აქვთ აღკვეთილი) ეძლევათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

კუბლაშვილის განცხადებით,  მოხდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინება კანდიდატისთვის ცხოვრების ცენზთან დაკავშირებითაც.

“ჩვენ გვაქვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის 5 წლის ცხოვრების ცენზი იყო დაწესებული საქართველოში, იმისათვის,  რომ მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო კანდიდატად. პარლამენტთან მიმართებაში ეს ცენზი განსაზღვრული იყო 10 წლით. ვენეციის კომისიის თავდაპირველი შენიშვნის შემდეგ ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და შევამცირეთ 10 წელი 5 წლამდე. თუმცა ევროპული სტანდარტი აქ შეიძლება უფრო სხვაგვარი იყოს. ევროპული სტანდარტი არის, რომ ეს ცენზი ექვს თვემდე უნდა შემცირდეს. მაგრამ ჩვენი მდგომარეობიდან და საგარეო საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენს რეალობაში ეს საკითხი გაცილებით უფრო რთულადაა წარმოდგენილი.  შესაბამისად, ექვსთვიანი ცენზის დაწესება ფაქტობრივად ცენზის გაუქმებას ნიშნავს. ამიტომ ამ ნაწილში, მე ვფიქრობ, უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა არასწორი იქნებოდა,” – აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისივე განცხადებით, გრძელდება არასამთავრობოებთან საუბარი საარჩევნო უბნებზე მარკირების პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებით.

“ინიციატორები ვაგრძელებთ ფიქრს და ეს აისახება საბოლოო კანონპროექტის ტექსტში, ესაა მარკირების საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიას რაიმე კონკრეტული შენიშვნა არ ჰქონია. თუმცა არასამთავრობო სექტორის აზრით, აუცილებლელია, რომ მარკირების მექანიზმი დარჩეს, იმისთვის, რომ დარწმუნებული იყვნენ, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისე დამკვირვებლები, რომ რაიმე სახის მანიპულაციებს არ აქვს ადგილი. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ არასამთავრობოებს, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხზე. მე ვიცი ინიციატორების წინასწარი განწყობა  და მათ შორის მეც მზად ვარ, რომ ეს აღვადგინოთ,” – განაცხადა კუბლაშვილმა.

თუმცა არის საკითხები, რომელთა განხილვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად არ შედგა.

ეს უკავშირდება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურე პერსონალისთვის არჩევნებში სპეციალურ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის შესაძლებლობას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ  მათ შეეძლოთ  მონაწილეობა მაჟორიტარულ ოლქებში. იმ შემთხვევაში, თუ მათი დისლოკაციის ადგილი დაშორებულია საცხოვრებელი ადგილიდან, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საოლქო უბანზე შეძლონ ხმის მიცემა სასურველი კანდიდატისთვის.      

პარლამენტში გარკვეული დავის საგანი გახდა საარჩევნო კოდექსის 47–ე მუხლი “ამომრჩევლის მოსყიდვასთან” დაკავშირებით.

საარჩევნო კოდექსის 47–ე მუხლი:

  • საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა) აკრძალულია.

“ქრისტიან–დემოკრატიული” პარტიის წევრის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ეს ცვლილება გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს, რადგან აღნიშნული ნორმა არა მარტო საარჩევნო პერიოდს, არამედ არასაარჩევნო პერიოდსაც უკავშირდება. პავლე კუბლაშვილს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ცვლილებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი განცხადებით, კოდექსთან დაკავშირებით დისკუსიები მეორე მოსმენამდე კვლავ გაგრძელდება და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ადმინისტრაციული რესურსების რეგულაციის საკითხებს კიდევ ერთხელ გადახედავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი