ახალი ამბები

ვინ აპირებდა გუშინ “მაესტროს” ყიდვას?

30 ნოემბერი, 2011 •
ვინ აპირებდა გუშინ “მაესტროს” ყიდვას?

ვინ აპირებდა “მაესტროს” წილის ყიდვას გუშინ და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ გარიგებას დღეს ტელევიზიაში მმართველი კომპანიის მფლობელის ეროსი კიწმარიშვილის შესვლასთან?

ტელეკოპანია “მაესტროს” მფლობელების შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების მოთხოვნის შესახებ განცხადება გუშინ, 29 ნოემბერს, შევიდა საჯარო რეესტრში. თუმცა ამ საკითხზე საუბარი ამ დროისთვის არ სურთ არც ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ილია კიკაბიძეს და არც კომპანიის 15%-ანი წილის მფლობელს მამუკა ღლონტს. მამუკა ღლონტმა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამ ინფორმაციას “ჭორი” უწოდა, ილია კიკაბიძემ კი განაცხადა, რომ “დაკავებულია” და კომენტარს ვერ გააკეთებს.

განცხადება “მაესტროს” 15%-ანი წილის მფლობელმა ლევან ჩიკვაიძემ შეიტანა და რეესტრში ერთდღიანი მომსახურების საფასური – 200 ლარი გადაიხადა, თუმცა საჯარო რეესტრმა მომსახურების ვადის დინება შემდეგი მოტივით შეაჩერა:

“ვინაიდან წარმოდგენილი განცხადებით არ დგინდება მოთხოვნის შინაარსი, უფლებამოსილი პირის მიერ დამატებით წარმოსადგენია დაზუსტებული მოთხოვნის შემცველი სარეგისტრაციო განაცხადი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე. ამ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და მომსახურებისთვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება”.

“ჩვენ შეგვიძლია კონსულტაციაც გავუწიოთ. მთავარი მიზეზი, რის გამოც სარეგისტრაციო პროცესი შეჩერდა, არის ის, რომ ნათელი არ არის, რას ითხოვს განმცხადებელი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” საჯარო რეესტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა  ეკა ერგემლიძემ.

რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციის შედეგად ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ შედგა „მაესტროს“ პარტნიორთა კრება, რის შედეგადაც მომზადდა “მაესტროს” საკუთრების მინდობისა და წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიულად 26 ნოემბერს იქნა დამოწმებული.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ არსებობს “მაესტროს” მფლობელების – გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” 25%-ან წილზე, მამუკა ღლონტის (15%-ის მფლობელი), ლევან ჩიკვაიძის (15%-ის მფლობელი), გიორგი ებრალიძის (15%-ის მფლობელი), ეკატერინე აკობიას (5%-ის მფლობელი) საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაციისა და ასევე გიორგი გაჩეჩილაძის 25%-ანი წილის მმართველად ილია კიკაბიძის (“მაესტროს” გენერალური დირექტორის) რეგისტრაციის საფუძველი.

“მაესტროს” მფლობელები ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა: 2011 წლის 6 აპრილს “მაესტროს” 50%-ანი წილის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი” (“ქართული პარტიის” მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის ძმა) გახდა, 29 აპრილს კი “უცნობმა” თავისი წილიდან 25% “ქართული პარტიის” კიდევ ერთი მაშინდელი ლიდერის – კოტე გოგელიას მეუღლეს, მაკა ასათიანს მიყიდა.

2009 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „მაესტრო“ მართვის უფლებით, სამი წლის ვადით, გადაეცა „რუსთავის მედიის მართვის კომპანიას“, რომლის 100%–ანი წილის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილია, რომელიც მოგვიანებით “ქართულ პარტიას” ჩაუდგა სათავეში.

2011 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე ღიად განაცხადა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, “მაესტროს” ყიდვის თაობაზე შეთავაზება არხის ხელმძღვანელობას გაუკეთა. კიწმარიშვილი, როგორც “მაესტროს” მმართველი კომპანიის მფლობელი, შეთავაზებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და 1 ლარად შესთავაზა ივანიშვილს “მაესტროს” მართვის უფლების გადაცემა. კიწმარიშვილმა ამის ერთადერთი პირობა წამოაყენა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი „მაესტროს“ მენეჯმენტს ინვესტიციების საკითხზე უნდა შეთანხმებოდა.

ეროსი კიწმარიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მზად იყო, დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა თავის ადვოკატებს ჟენევაში „მაესტროს“მართვის უფლების გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.  კიწმარიშვილის ამ შეთავაზებას ბიძინა ივანიშვილი აღარ გამოხმაურებია.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საღამოს ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. დღეს დილით კი არხის შენობა ეროსი კიწმარიშვილმა დაიკავა და მაუწყებლობა რამდენიმე საათით შეაჩერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი