ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

17 მაისი, 2016 •
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.

დღეს, 17 მაისს გამართულ სხდომაზე  კომიტეტმა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა. სხდომის წამყვანმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების პრინციპს მხარს უჭერს, თუმცა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, რაც მთავრობის პოზიციით ახსნა:

“პრინციპის დონეზე ვემხრობი ამ ინიციატივას. პათოსი და არგუმენტები, რაც მომხსენებლის მხრიდან გაჟღერდა, ჩემთვის ძალიან ახლობელი და მისაღებია.  ყველა არგუმენტი, რაც იყო მოსმენილი, არის ძალიან წონადი და ანგარიშგასაწევი. მაგრამ მეც მთავრობის პოზიციას ვუწევ ანგარიშს იმის თაობაზე, რომ პროცესი ეტაპობრივად უნდა განვითარდეს. მე სიფრთხილეს გამოვიჩენ და თავს შევიკავებ მხარდაჭერისგან,”- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

კანონპროექტის ავტორი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას უფასო მუშახელი სჭირდება და ამიტომ არ უჭერს მხარს გაუქმებას:

“არ არსებობს არგუმენტი, რომ მოქმედი სისტემა რამენაირად ადგება თავდაცვისუნარიანობას. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც მთავრობას აქვს, არის ის, რომ მათ სჭირდებათ უფასო მუშახელი. ეს ადამიანები სჭირდებათ, რათა წაიყვანონ და ამუშავონ დაცვის პოლიციაში. სხვა არგუმენტი არ აქვთ. გედევან ფოფხაძემაც დაადასტურა, რომ იზიარებს ჩემს არგუმენტებს, მაგრამ მთავრობის წინააღმდეგ ვერ მიდის,”-განაცხადა ჯაფარიძემ.

კანონპროექტს უახლოეს მომავალში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

11 მარტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ამ კანონპროექტს მხარი იმავე მოტივით არ დაუჭირა. კომიტეტმა გაიზიარა შს სამინისტროს წარმომადგენლის პოზიცია, რომ სამინისტროს სტრატეგიული ობიექტების დასაცავად საჭირო ფინანსური სახსრები არ გააჩნდა. 

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღების შემთხვევაში, “გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახური; გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესაძლებლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში; – საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება მოიხადოს სამხედრო ვალდებულება საომარი მდგომარეობის დროს; – იარსებებს მხოლოდ სამხედრო პროფესიული სამსახური; – აღარ იარსებებს სავალდებულო სარეზერვო სამსახური; – თვითმმართველობებში გაუქმდება შესაბამისი სამსახური, რომლებიც ახორციელებენ მოქალაქეთა აღრიცხვას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; – სამხედრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და არა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით; – ხელი შეეწყობა საქართველოში სამხედრო-პროფესიული არმიის შექმნას და საქართველოს თავდაცვიუნარიანობის ამაღლებას,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი