ახალი ამბებისაზოგადოება

თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია

11 მაისი, 2016 •
თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები დასრულდა. ამ დროისთვის ხმები უკვე დათვლილია, შედეგები კი ასე გამოიყურება:

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: ომარ ფურთხუხია და გიორგი ღვედაშვილი.

მედიცინის ფაკულეტეტი: ნინო ოკრიბელაშვილი და პაატა იმნაძე.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: ელგუჯა მექვაბიშვილი და მარინე მინდორაშვილი.

ფსიქოლოგიია და განათლების მეცნიერების ფაკულტეტი: თამარ აბაშიძე და  რუსუდან სანაძე.

იურიდიული ფაკულტეტი: ირმა ხარშილაძე და ირინა ქურდაძე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: დავით გოცირიძე

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ნოდარ  ბელქანია, ამირან ბერძენიშვილი.

უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, აკადემიური საბჭო 14 არჩეული წევრისგან და უნივერსიტეტის რექტორის/რექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან შედგება. თითოეული ფაკულტეტიდან აკადემიურ საბჭოში ორი კანდიდატი უნდა იყოს წარმოდგენილი. თუმცა დღეს გამართული არჩევნების შედეგად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მეორე კანდიდატი ვერ გამოვლინდა. ორ კანდიდატს, აპოლონ სილაგაძესა და ქეთევან  ხუციშვილს 63-63 ხმა დაუგროვდათ. უნვიერსიტეტის წესდების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში კენჭისტრის მეორე ტური ცხადდება. თუმცა ზუსტი თარიღი, თუ როდის გაიმართება კენჭისყრა, ჯერჯერობით განსაზღვრული არაა. ჯენჭისყრის მეორე ტურში მონაწილეობას ის ორი კანდიდატი მიიღებს, რომლებმაც ხმათა ერთი და იგივე რაოდენობა დააგროვეს.

7 საარჩევნო უბანი, რომელიც უნვიერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე იყო გახსნილი, 17:00 საათზე დაიხურა. თსუ-ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაფიით, 791 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანებზე 666 გამოცხადდა, რაც ამომრჩევლთა 84,1%-იან აქტივობას გულისხმობს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, არჩევნებმა დარღვევების გარეშე, მშვიდ გარემოში ჩაიარა.

თსუ-ის აკადემიური საბჭოს არჩევნები დღეს, 11 მაისს გაიმართა. საარჩევნო უბნები დილის 10:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურა. უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტთა ნაწილს (სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომლებიც ირიცხებიან საფაკულტეტო საბჭოებში)  ხმის მიცემა საკუთარი ფაკულტეტის კანდიდატისთვის შეეძლოთ. არჩევნებში მონაწილეობას სხვადასხვა ფაკულტეტიდან სულ 33 კანდიდატი  იღებდა.

არჩევნების ჩატარება თსუ-ში საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მარტის თვის პირველ ნახევარში უნივერსიტეტში გამართული სტუდენტთა ჯგუფების საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორმა და აკადემიურმა საბჭომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. თსუ-ში უკვე გაიმართა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები. ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებული აკადემიური საბჭო კი მუშაობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც 16 მაისს ამჟამად მოქმედ საბჭოს უფლებასმოსილება შეუწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი