ახალი ამბები

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელად დარეჯან თვალთვაძე აირჩიეს

20 აპრილი, 2016 • 2657
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელად დარეჯან თვალთვაძე აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად  დარეჯან თვალთვაძე 526 ხმით აირჩიეს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ლევან გორდეზიანმა 236 ხმა მიიღო, ცირა ბარამიძემ- 107, ხოლო გიორგი ანდრიაძემ- 39 ხმა.  49 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.

მოქმედი კანონის მიხედვით, დარეჯან თვალთვაძე მოვალეობის შემსრულებელი მაქსიმუმ 6 თვით იქნება.   15 მაისს აკადემიური საბჭოს წევრები უნდა აირჩნენ, რომლებიც თავის მხრივ რექტორს აირჩევენ.

18:00 საათზე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო კომისიის მდივნის, დემეტრე ეგნატაშვილის ინფორმაციით, არჩევნებში ხმა სულ 967-მა ადამიანმა მისცა, რაც 73%-იან ჯამურ აქტივობას ნიშნავს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს, 20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყო. არჩევნებისთვის 1311 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. საარჩევნო პროცესს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია (საქართველოს ოს ქალთა ასოციაცია, ახალგაზრდა ადვოკატები, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი) და 16 დამოუკიდებელი დამკვირვებელი აკვირდებოდა.

არჩევნებს აპროტესტებდა თსუ-სთან არსებული გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი თამაზ კალაძე, რომლის თქმით, გამოყენებითი მათემატიკისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტების თანამშრომლებს, ჯამში, 150 ადამიანს, არ მიეცათ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. კალაძის თქმით, ამის გამო დღევანდელი არჩევნები გაყალბებულად უნდა ჩაითვალოს. ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ამ ორი ინსტიტუტის თანამშრომლებს დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უმაღლესი განათლების შესახებ მოქმედი კანონიდან გამომდინარე აქვთ შეზღუდული.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლობის კანდიდატად დარეგისტრირებულია 4 პირი: დარეჯან თვალთვაძე, ლევან გორდეზიანი, ცირა ბარამიძე და გიორგი ანდრიაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი