ევროპაში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რაც უკავშირდება 1945 წლის 7 მაისს ქალაქ რეიმსში გერმანიის მიერ კაპიტულაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას დასავლეთის ძალებთან. საბჭოთა კავშირთან კი გერმანიამ კაპიტულაციის შესახებ შეთანხმებას ხელი 9 მაისს, გამთენიისას მოაწერა ბერლინში. აქედან გამომდინარე, გამარჯვების დღეს საბჭოთა კავშირი, ხოლო სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც, ევროპის მსგავსად, 8 მაისს აღინიშნება გამარჯვების დღე. უნდა შეუერთდეს თუ არა ამ კუთხით საქართველო ევროპას, ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” ერთ-ერთ დამფუძნებელ, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა:
გულახდილად რომ გითხრათ, ამ თარიღის გადაწევა-გადმოწევის აზრს დიდად ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ, რასაკვირველია, 9 მაისი საბჭოური თარიღია, რომელსაც თავისთავად გამართლება აქვს იმიტომ, რომ 7 მაისს მოაწერა ხელი გერმანიამ კაპიტულაციაზე დასავლეთის ძალებთან და 8 მაისს შევიდა ძალაში ცეცხლის შეწყვეტა. ხოლო რადგანაც სტალინს უნდოდა, რომ გერმანელებს ხელი მოეწერათ ასევე საბჭოთა ძალებთან, მოითხოვა ეს და, რასაკვირველია, დასავლეთმაც კვერი დაუკრა. ამის გამო ფელდმარშალი კეიტელი დაიბარეს 8 მაისს საღამოთი ბერლინში, კარლსჰორსტში, სადაც შემდგომში, დიდი ხნის განმავლობაში, გერმანიის გაერთიანების შემდეგაც კი იყო საბჭოთა ჯარების სამხედრო ბაზა და იქ მოაწერა ხელი.
ხელის მოწერა მოხდა 0:16 საათზე, 9 მაისის დილით. ამის გამო 9 მაისიც, გამომდინარე თარიღებიდან, ისეთივე ლეგიტიმურია, როგორც 8 მაისი, რომელსაც დასავლეთი აღნიშნავს. ამდენად, ეს არის, უბრალოდ, არჩევნის საკითხი, გვინდა ევროპასთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღესასწაული, თუ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებთან და რუსებთან ერთად.
თქვენი პოზიცია როგორია, რა არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველომ?
ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი ეს არ არის, მიუხედავად იმისა, რომ, კარგად მოგეხსენებათ, სრულიად პროევროპულად ვარ განწყობილი. ეს თარიღები ერთი დღით წინ იქნება თუ უკან, ამას, გულახდილად რომ გითხრათ, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ტრადიცია ჩამოყალობდა, რასაკვირველია, საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით, გნებავთ, კოლონია, და ახლა გადატანაც დიდად არაფერს არ შეცვლის.
ხომ არ ფიქრობთ, რომ იმას, რაც გორში ხდება თუნდაც დღეს, როდესაც კომუნისტები და სტალინელები მსვლელობას აწყობენ, გარკვეულწილად ხელს უწყობს ეს საბჭოური თარიღიც?
მაგრამ ეს ხომ არ გაქრება თარიღის გადატანით? ხალხი ისევ გამოვა, შეიძლება 9 მაისს არა, მაგრამ 8 მაისს, მაგრამ ისევ გამოვა და იმავეს გააკეთებს. ამიტომ თარიღის გადატანა-გადმოტანა, არა მგონია, აქ ძალიან სერიოზულად ხსნიდეს რამეს.
და საერთოდ უნდა აღინიშნებოდეს ეს დღე საქართველოში?
საქართველო მონაწილეობდა, როგორც ნაწილი საბჭოეთისა. ეს ომი იყო ისეთი, როგორიც მრავალჯერ ყოფილა საქართველოს ისტორიაში – არა ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ომი, მაგრამ იძულებული ვიყავით, როგორც კოლონიას, მიგვეღო ამ ომში მონაწილეობა. დაიღუპა უამრავი ქართველი ამ ომში, მე ვიტყოდი, სრულიად უაზროდ, როგორც ყველა ომში იღუპებიან ადამიანები და, რასაკვირველია, რადგანაც ეს ადამიანები დაიღუპნენ, ამ ადამიანებისადმი პატივისგება არ არის თავისთავად მიუღებელი. მეტსაც გეტყვით, თუნდაც ის სრულიად საბჭოური ძეგლები რომ არის ომში დაღუპული ადამიანებისა, იმას ადამიანები უნდა უვლიდნენ და არ უნდა იყოს ასე მიტოვებული, რადგან ესეც ერთ-ერთი ომი იყო, რომელშიც ქართველები დაიღუპნენ და დაიღუპა უამრავი ქართველი და საქართველოს რესპუბლიკის მოსახლე. ამიტომ მე არ მგონია, რომ ეს ადამიანები დავიწყებულნი უნდა იქნან და მათ პატივი არ უნდა მიაგონ.
და თავისთავად, დროთა განმავლობაში, ეს თარიღი აღარ იქნება ასეთი მნიშვნელოვანი, როცა, სამწუხაროდ, აღარც ვეტერანები იქნებიან ამ ომის. და ეს ომიც აღარ იქნება რაღაც მითოლოგიის ნაწილი, როგორც დღეს ამას რუსეთი იყენებს თავისი ინტერესებისთვის. და მაშინ ამ დღის ფუნქციაც ალბათ უფრო ნაკლები იქნება.