ახალი ამბები

„ნაციზმის დამარცხების რუსეთთან ერთად აღნიშვნა ისტორიის უპატივცემლობაა“ — სოვლაბი

9 მაისი, 2023 • 1466
„ნაციზმის დამარცხების რუსეთთან ერთად აღნიშვნა ისტორიის უპატივცემლობაა“ — სოვლაბი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ წელსაც ნაციზმზე გამარჯვებას საქართველო კვლავ რუსეთის ფედერაციასთან და მის მოკავშირეებთან ერთად 9 მაისს აღნიშნავს, მაშინ,როცა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ეს თარიღი 8 მაისია.

სოვლაბში აცხადებენ, რომ მხოლოდ თარიღს, ბუნებრივია, არ ექნებოდა პრინციპული მნიშვნელობა, რომ არა ის სიმბოლიზმი და იდეოლოგიზებული შინაარსი, რომლითაც 9 მაისი ჯერ საბჭოთა კავშირმა, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციამ დატვირთა:

„დღევანდელი დღე საბჭოთა იდეოლოგიამ აქცია მეორე მსოფლიო ომის ყალბი ვერსიის სიმბოლოდ, რომლის თანახმადაც, ის 1941 წელს იწყება, 1939-დან 1941 წლამდე პერიოდი კი უბრალოდ არ არსებობს და მეხსიერებიდანაა წაშლილი. ნაციზმზე გამარჯვების ამ ვერსიით დავიწყებას უნდა მიეცეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და ის ფაქტი, რომ ჰიტლერმა და სტალინმა მეორე მსოფლიო ომი პოლონეთზე თავდასხმით ერთობლივად, მოკავშირეების რანგში წამოიწყეს“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

სოვლაბში აღნიშნავენ, რომ ამავე ნარატივის თანახმად, 9 მაისს სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე და საბჭოთა ჯარებმა აღმოსავლეთ ევროპას თავისუფლება მოუტანა. სინამდვილეში კი, ორგანიზაციის განცხადებით, რკინის ფარდის აღმოსავლეთით დარჩენილი ევროპის ნახევრისთვის ერთმა ბოროტებამ გაიმარჯვა მეორეზე:

„ოკუპირებული საქართველოც სტალინის ტირანიის მარწუხებში დარჩა. არაერთი ქვეყანა, მათ შორის, საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ბალტიის ქვეყნები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ შეიარაღებულ და გმირულ წინააღმდეგობას მრავალი წლის განმავლობაში აგრძელებდნენ.

ამდენად, განსაკუთრებით დღეს, უკრაინის წინააღმდეგ სწორედ ამ იდეოლოგიით ნასაზრდოები რუსული აგრესიის ფონზე, ნაციზმის დამარცხების რუსეთთან ერთად აღნიშვნა პოლიტიკური განაცხადის ტოლფასია და ისტორიისა და სიმართლის უპატივცემულობა“, — აცხადებენ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში.

ამ თემაზე წაიკითხეთ სტატია „ბათუმელების“ არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი