ახალი ამბები

პარლამენტს 9 მაისის მისალოცი ბარათის გამო აკრიტიკებენ

9 მაისი, 2023 • 1425
პარლამენტს 9 მაისის მისალოცი ბარათის გამო აკრიტიკებენ

საქართველოს პარლამენტს ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მომზადებული მისალოცი ბარათის გამო აკრიტიკებენ.

მისალოც ბარათზე, რომელიც პარლამენტის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა, გამოყენებულია ფოტო, რომელზეც ასახულია რაიხსტაგის თავზე საბჭოთა დროშის აღმართვა. მისალოცი პოსტის კომენტარებში კი Facebook-ის მომხმარებლები პარლამენტს საბჭოთა დროშის გამოყენების გამო აკრიტიკებენ.

საქმე ისარის, რომ  ტოტალიტარული სიმბოლიკების გამოყენებას კანონი კრძალავს. კერძოდ, „თავისუფლების ქარტიის“ მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, საჯარო უწყებებს ეკრძალებათ კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკების, მათ შორის დროშების, გამოყენება საჯარო ადგილებში.

პარლამენტის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვას გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილიც.

„პარლამენტის ოფიციალურო გვერდი საბჭოთა დროშით გვილოცავს 9 მაისს-პრინციპში, სწორი არჩევანია რაშისტი უმრავლესობისთვის“, – დაწერა სამადაშვილმა Facebook-ზე.

ნეტგაზეთი განმარტებისთვის პარლამენტსაც დაუკავშირდა, თუმცა პრესსამსახურში კომენტარი არ გააკეთეს.

განახლება [15:15]: სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში საქართველოს პარლამენტმა ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ პოსტში ფოტო გამოცვალა და რაიხსტაგის თავზე საბჭოთა დროშის აღმართვის ნაცვლად თბილისში, ვაკის პარკში მდებარე “უცნობი ჯარისკაცის საფლავის” ფოტო გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი