ახალი ამბები

თეთრი ხმაურის მოძრაობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის 24 აპრილს საყოველთაო შეკრებას გამართავს

23 აპრილი, 2016 • 1937
თეთრი ხმაურის მოძრაობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის 24 აპრილს საყოველთაო შეკრებას გამართავს

24 აპრილს, 19:00 საათზე, კლუბ ბასიანში “თეთრი ხმაურის მოძრაობა” ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის საყოველთაო შეკრებას გამართავს. მოძრაობის აქტივისტებმა ხვალინდელი შეკრების გეგმებსა და დეტალებზე დღეს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში ისაუბრეს.

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი, ბექა წიქარიშვილი ხვალინდელი საყოველთაო შეკრების დეტალებზე საუბრობს. ის განმარტავს, თუ რატომ არის აუცილებელი თითოეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის მონაწილეობა.

თეთრი ხმაურის მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკის გადახედვისთვის ბრძოლა უკვე ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლად იქცა.

“ჩვენს მოძრაობას ჰგონია, რომ დღეს საქართვეოში ნარკოპოლიტიკისთვის ბრძოლა სინამდვილეში უკვე იქცა ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლად. ჩვენი მოძრაობა ძალიან კარგად აცნობიერებს ამას და არ ვაპირებთ, რომ თვალი დავხუჭოთ თელავში მეტადონის პროგრამის ბენეფიციარის სიკვდილზე, რომელსაც ცალსახად მკვლელობად ვაფასებთ. ასევე, არ დაგვიწყებია ქუთაისის ნარკოლოგიურში პოლიციის შარდმდენი აბებით მოკლული ლევან აბზიანიძე, რომლის მკვლელი პოლიციელებიც დღეს ისევ სამართალდამცველების სახელებით დათარეშობენ და არავინ დასჯილა,” – ამბობს ბექა წიქარიშვილი.

ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ჩაერთონ მათი მოძრაობის მიერ დაგეგმილ საყოველთაო შეკრებას და ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი აზრი მოქმედი ნარკოპოლიტიკის შესახებ:

“მე მივმართავ მოქალაქეებს, მათ, ვისაც შემორჩენიათ გამბედაობა, რომ იბრძოლონ სიმართლისთვის, შემოგვიერთდნენ აუცილებლად და ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა მოქმედი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. აგრეთვე, მინდა მივმართო მათ, ვისაც ელოდება დღეს თუ ხვალ პატიმრობა (ასეთი არაერთი ადამიანია), რომ აუცილებლად მოვიდნენ – მათ აუცილებლად უნდა დაარღვიონ სიჩუმე სიმართლის სასარგებლოდ. მე მგონია, პირველ რიგში, სწორედ ისინი უნდა იბრძოდნენ ცვლილებებისთვის, რადგან პირდაპირ ეხება მათ მომავალსა და თავისუფლებას. აგრეთვე, მინდა მივმართო მომხმარებელი პატიმრების ოჯახების წევრებს, რომ შემოგვიერთდნენ აუცილებლად და თქვან სიმართლე – რა უფრო აზარალებთ მათ? ის, რომ მათი ოჯახის წევრი რაღაც ნივთიერებებს მოიხმარს, თუ ის, რომ ამის გამო ისინი ლპებიან ციხეში და სახელმწიფო ართმევს თავისუფლებას.”

წიქარიშვილის განცხადებით, თეთრი ხმაურის მოძრაობას კამპანიური ხასიათის ნაბიჯებს გადადგამს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მისაღწევად. მისი თქმით, მომხმარებლებს სჭირდებათ დახმარება, რაც მათი უფლებრივ საკითხებში გაძლიერებითა და საზოგადოებაში ინტეგრირებით გამოიხატება: “როგორც წესი, მათ წარმოდგენა არ აქვთ საკუთარ უფლებებზე და ძალიან ძნელია, დაიცვან საკუთარი უფლებები, ყოველ შემთხვევაში, მოქმედი პოლიციური რეჯიმის ხელში. პირველ რიგში, მათ სჭირდებათ საზოგადოებაში ინტეგრირება, რადგან საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ გარიყულად მიიჩნევს ამ მოქალაქეებს.”

თეთრი ხმაურის მოძრაობა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს ნარკოპოლიტიკის საკითხის მოსაწესრიგებლად, მათ შორის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC). მოძრაობა ჩართულია საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფორმირებაში. მათი საერთო მიზანია კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლლად სათემო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების გაერთიანება. წიქარიშვილის თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა საერთო მიზნით მოხდა მათი გაერთიანება.

“კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები მუშავდება უკვე და ვეცდებით, ახლო პერიოდში მოვახდინოთ ინიცირება. მიდგომები დღეს აბსოლუტურად არის მიმართული დასჯაზე. ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის სფეროები, დიახ, უნდა იყვნენ საკითხის წამყვანები, მაგრამ დღეს წამყვანები არიან ძალოვანი სტრუქტურები.”

მისი თქმით, ხვალინდელ საყოველთაო შეკრებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიწვეული არიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც: “თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი არის მომხმარებლებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრა. იქ იქნებიან ასეთი ადამიანები წარმოდგენილი, ვისაც უშუალოდ ეხება ეს რეპრესიები. ჩვენი მოძრაობისთვის ეს ადამიანები უფრო საინტერესოები არიან, ვიდრე რომელიმე არასამთავრობო ან სახელმწიფო სტრუქტურები.”

დათო ლაღიძე საუბრობს თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ დაგეგმილ საყოველთაო შეკრების და იმ სარჩელების შესახებ, რომელიც მათმა მოძრაობამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა და შეაქვს: “ერთი ეხება მარიხუანის კულტივაციას, ხოლო სარჩელი, რომელიც მალე შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, მარიხუანის დეკრიმინალიზაციას.”

როგორც ლაღიძე აცხადებს, ახლა არის დრო, როდესაც საზოგადოებამ მაქსიმალურად მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რადგან უკვე ადამიანის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე.

თეთრი ხმაურის მოძრაობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა თითოეულ ჩვენგანს ეხება. ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისთვის ფლობა 20 წლამდე პატიმრობით ისჯება. მოძრაობის განცხადებით, ყოველდღიურად მინიმუმ 115 ადამიანი იძულებით გადაყავთ ნარკოტესტირებაზე, ხოლო პოლიცია რეგულარულად ძალადობრივ და ღირსების შემლახავ მეთოდებს იყენებს.

მათი ინფორმაციით, ნარკომომხმარებლებისთვის საპროცესო შეთანხმება 5000 -დან  30 000 ლარამდე მერყეობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის იხდის პირობით სასჯელს. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს პირადი მოხმარებისთვის დადგენილი ნარკოტიკული საშუალებების ადეკვატური დოზირება.

“ეს ყველაფერი კატასტროფულად გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც დიდი ხანია ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარებაზე გადავიდა. იმისთვის, რომ შეიცვალოს არსებული ძალადობრივი სისტემა, საჭიროა ყველა ადამიანის მაქსიმალური ჩართულობა და ერთობა.”

თეთრი ხმაურის მოძრაობა საზოგადოებას ამ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, რადგან მათი სათქმელი გადაწყვეტილებები მიმღებ პირებამდე მივიდეს, რომლებსაც გარდაუვალი ცვლილებების გატარებას მოსთხოვენ. მოძრაობის განცხადებით, სწორედ ახლაა ბრძოლისა და მოქმედების დრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი