პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა. როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების პრინციპს მხარს უჭერენ, თუმცა:
“ამ ეტაპზე ეს მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ასეთი არის ჩვენი პოზიცია და დასკვნაში ეს აისახება,” – აღნიშნა კახიანმა.
სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება მხარს არ უჭერს ცვლილებების მიღებას:
“სამინისტროში დღეს 4 791 პირი იხდის სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ეს პირები ახორციელებენ სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიც არის მაგისტრალური გაზსადენის დაცვა, ნავთობსადენის დაცვა, საოკუპაციო ხაზი და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცვა. თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება, სამინისტროს მოუწევს დაცვის ამ ღონისძიებების განსახორციელებლად რამდენიმე ათეული მილიონის გამოყოფა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, რისი საშუალებაც არ გვაქვს.”
კანონპროექტის ავტორის, ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, შს სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა მისი მოსაზრება, რომ უფასო მუშახელი სჭირდებათ:
“რეალობა ის არის, რომ სახელმწიფო რამდნეიმე ათას ახალგაზრდას საკუთარი ცხოვრების ერთ წელს მხოლოდ იმის გამო აკარგვინებს, რომ თურმე ბიუჯეტში არ აქვთ ფული ხელფასზე თანამშრომლების ასაყვანად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან არავითარი კავშირი აქვს,”- აღნიშნავს “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” წევრი, ზურაბ ჯაფარიძე.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღების შემთხვევაში, “გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახური; გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესაძლებლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში; – საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება მოიხადოს სამხედრო ვალდებულება საომარი მდგომარეობის დროს; – იარსებებს მხოლოდ სამხედრო პროფესიული სამსახური; – აღარ იარსებებს სავალდებულო სარეზერვო სამსახური; – თვითმმართველობებში გაუქმდება შესაბამისი სამსახური, რომლებიც ახორციელებენ მოქალაქეთა აღრიცხვას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; – სამხედრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და არა ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით; – ხელი შეეწყობა საქართველოში სამხედრო-პროფესიული არმიის შექმნას და საქართველოს თავდაცვიუნარიანობის ამაღლებას,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.