საზოგადოება

კანონპროექტი “კომპანიონი ცხოველების უფლებების და კეთილდღეობის დასაცავად”

1 თებერვალი, 2016 • 2160
კანონპროექტი “კომპანიონი ცხოველების უფლებების და კეთილდღეობის დასაცავად”

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ახლო მომავალში პარლამენტში განსახილველად დაარეგისტრირებს კანონპროექტს “კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისა და უფლებების დაცვის შესახებ”.

როგორც დეპუტატმა ნეტგაზეთს განუცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა 6 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მომზადდა. მისი თქმით, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, პირველად მოხდება საკანონმდებლო სივრცეში “ცხოველთა უფლებების” ტერმინის დაფიქსირება.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ არიან კომპანიონი ცხოველები, ვისზეც ამ კანონპროექტშია ჩაწერილი, დეპუტატი ამბობს, რომ ცხოველების ჩამონათვალი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით შეადგინეს და მასში არ ხვდებიან ის ცხოველები, რომლებსაც ადამიანები ფერმერული მიზნებისთვის იყენებენ:

“კომპანიონი ცხოველები არიან ძაღლები, კატები, ცხენები, მინიატურული ცხენი-პონი, მინიატურული ღორი, მინიატურული ქრცვინი, დეკორატიული მღრღნელები, ზღარბები, ჩიტები (ხოხბისებრი, მტრედისებრი, თუთიყუშისებრი), დეკორატიული შხამის არმქონე ქვეწარმავლები, აკვარიუმის დეკორატიული თევზები, მოლუსკები”, – ამბობს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ თუ კანონპროექტი ძალაში შევა, კომპანიონ ცხოველებთან ურთიერთობა გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცევა.

“მეპატრონეებს დაუწესდებათ გარკვეული მოვალეობები. ხშირად ხედავთ ფეკალიებით მოცულ ქუჩებს, ამ სფეროსაც ყურადღებას ვაქცევთ და მკაცრ რეგულაციებს ვაწესებთ, რათა ნელ-ნელა კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ადამიანი იყოს. კომპანიონი ცხოველებისადმი სასტიკი მოპრყობა მკაცრად დასჯადი იქნება. ჩვენ შემოგვაქვს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის სასჯელები. ჩვენ ახლაც გვხვდება ამ თემაზე ზოგიერთი მუხლი, მაგრამ ძალიან არამკაფიოა, როგორც დისპოზიციური, ის სანქციების ნაწილი”, – ამბობს ცაგარეიშვილი.

“ძირშივე ვკრძალვათ ძაღლთა ორთაბრძოლებს. დღეისათვის აკრძალულია თბილისში, თუმცა იქ საოცარი სურათია, გადავლენ თბილისის ფარგლებს გარეთ და იქ მართავენ ძაღლთა ორთაბრძოლებს. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საქართველოში”.

“ეს ყველაფერი ამოქმედდება 2018 წლის 1 იანვრიდან. ჩვენ ავიღებთ გარდამავალ პერიოდს იმისთვის, რომ საზოგადოების გათვიცნობიერება მოხდეს. ჩვენ არ გვინდა, ცვლილებები საზოგადოებას მყისიერად მოვახვიოთ თავს. ჩვენ არავის ციხეში ჩასმა არ გვინდა, ჩვენ გვინდა ცხოველისადმი პატივისცემის შეგნება დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში”, – ამბობს დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი