საზოგადოება

სახაზინო ადვოკატებმა 11 პირის საქმიდან აცილება ისურვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

26 ივნისი, 2025 •
სახაზინო ადვოკატებმა 11 პირის საქმიდან აცილება ისურვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

სინდისის 11 პატიმრის საქმეზე დაცვის მხარე იძულებით დანიშნული საზოგადოებრივი [იგივე სახაზინო] ადვოკატების აცილებას ითხოვს. ამ იდეას თავად სახაზინო ადვოკატებიც ეთანხმებიან, თუმცა, უშედეგოდ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა შესაბამისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამ საკითხზე დისკუსია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულ 11 პირს [ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, ირაკლი ქერაშვილი, გიორგი ტერიშვილი, სერგეი კუხარჩუკი, რუსლან სივაკოვი, ჯანო არჩაია, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი და რევაზ კიკნაძე] სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა. ამის მიზეზად მან პროცესის შეუფერხებლად უზრუნველყოფის არგუმენტი დაასახელა წინა სხდომაზე, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოზე ვერ მივიდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სხდომა დატოვა. სახაზინო ადვოკატს ფულს სახელმწიფო უხდის და, როგორც წესი, იმ ადამიანებს ენიშნებათ, ვისაც კერძო ადვოკატის დაქირავების საშუალება არ აქვს.

ამიერიდან, მოქმედ ადვოკატებთან ერთად, ამ საქმეზე სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატებსაც მოუწევთ მუშაობა.

ბრალდებულები ამბობენ, რომ მათ ისედაც ჰყავთ ადვოკატები, რომლებსაც ენდობიან, და არ სურთ საქმეში სახელმწიფოს დანიშნული ადვოკატების ჩართვა.

ქვემოთ წაიკითხავთ მთავარ ამონარიდებს სხდომათა დარბაზში გამართული დისკუსიიდან. ციტატებს ერთ პოზიციაზე მყოფი ბრალდებულების, კერძო და სახაზინო ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის პასუხებს მათ არგუმენტებზე.

„25 ივნისს მოსული იყო სახაზინო ადვოკატი, სალომე არდოტელი, რომელთანაც არანაირი პირადი წყენა არ მაქვს. გამოვხატავ პატივისცემას, მაგრამ არ მგონია, რომ მიზანშეწონილი იყოს, ის იცავდეს ჩემს ინტერესებს. მე მყავს ადვოკატები, რომელთაც ვუცხადებ სრულ ნდობას. იძულებით დანიშნულ სახაზინო ადვოკატთან ვერაფერს შევათანხმებ და მისი იძულების წესით დანიშვნა არღვევს ჩემს უფლებებს“, – თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.

„პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ მაქვს ქალბატონი ადვოკატის მიმართ, არც მის კომპეტენციას ვაყენებ ეჭვქვეშ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, ომარი [ფურცელაძე] მინდა იყოს მხოლოდ ჩემი ადვოკატი“, – თქვა გური მირცხულავამ.

„არც შევხვედრივარ ამ ადამიანებს და არ მინდა მათთან თანამშრომლობა“, — აღნიშნა ლუკა ჯაბუამ.

ერთ-ერთმა სახელმწიფო ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ პოზიცია ასე ჩამოაყალიბა:

„თქვენი განჩინების საფუძველზე დავინიშნე ადვოკატად. მე პირველ რიგში მაინტერესებდა ბრალდებულების პოზიცია. დავგეგმე ვიზიტი. რევაზ კიკნაძესა და ონისე ცხადაძესთან ჩემი კომუნიკაცია არ შედგა. ისინი არ ამოვიდნენ საკნიდან. ვალერი თეთრაშვილს და რუსლან სივაკოვს შევხვდი და რომ გაიგეს, ვიყავი დანიშნული ადვოკატი, განაცხადეს უარი ჩემთან კომუნიკაციაზე. დღეს კიდევ ერთხელ ვცადე კომუნიკაცია, ერთ-ერთმა ჩემთან საუბარიც არ ისურვა, ონისე ცხადაძე გავიცანი, ხელი ჩამოვართვი, მაგრამ მან თავადაც განაცხადა თავისი პოზიცია და გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში“, – განაცხადა ირაკლი ბენიამ.

სალომე არდოტელმა, კიდევ ერთმა დანიშნულმა სახელმწიფო ადვოკატმა, ასევე გამოთქვა პრეტენზია.

„პრეტენზია მაქვს, რომ ჩემზე დაკისრებული მოვალეობები შევასრულო უმაღლეს დონეზე. საზოგადოებრივი ადვოკატი ინიშნება საქმეზე მაშინ, როცა არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ადვოკატსა და დასაცავ პირს შორის ურთიერთობა ემყარება ნდობას. ვერ დავიცავ პირს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, რომელსაც ენდობა. ყველა მათი ადვოკატი იმყოფება ადგილზე და მათი მხრიდან პროცესის გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს ნუ ექნება მოლოდინი, რომ თუ რომელიმე ადვოკატი არ გამოცხადდება, საზოგადოებრივი ადვოკატი მოვა და მას ჩაანაცვლებს“, — განაცხადა სალომე არდოტელმა.

სავალდებულო წესით დანიშნულმა კიდევ ერთმა ადვოკატმა დალი თუშიშვილმა კი განაცხადა, რომ ისიც თვითაცილებას ითხოვს.

„ადვოკატი, რომელიც კომუნიკაციას ვერ ამყარებს ბრალდებულთან, დაცვას ვერ განახორციელებს. ჩვენ ვერ ვიქნებით სათადარიგო ადვოკატები, რომლებიც მაშინ ჩაერთვებიან, თუ ვინმე თავს აარიდებს. ერთი გადადება და გამოუცხადებლობა მაინც ყოფილა სასამართლოს ინფორმირების გარეშე? განჩინება მიაჩნია დაცვის მხარეს სრულიად უკანონოდ. იყო ერთი გამოუცხადებლობა, რომელიც სასამართლოსთვის იყო წინასწარ ცნობილი. ჩვენ არ ვაცხადებთ უარს, რომ განვახორციელოთ დაცვის უფლება, მაგრამ ჩვენ თუ აქ დავრჩებით, რომელი უფლების რეალიზაციას შეეწყობა ხელი, როცა ბრალდებულებს არ სურთ ჩვენთან კომუნიკაცია? მიპასუხოს სასამართლომ. ვეთანხმები ბრალდებულებს და მე თავადაც მექნება თვითაცილება. მხოლოდ აქ ყოფნით სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი დაცვის ფუნქციებს ვერ შეასრულებს“, — განაცხადა თუშიშვილმა.

ირაკლი ჩომახაშვილმა, ბრალდებული გია ტერაშვილის ადვოკატმა, მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივ ადვოკატებს.

„ეს განცხადებები მიანიშნებს, რომ ადვოკატები, ადვოკატთა ასოციაცია ვართ ერთიანები. სასამართლომ გამოხატა ჩვენ მიმართ უპატივცემულობა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი [საზოგადოებრივი ადვოკატები] ჩვენზე ნაკლებად დაიცავენ ბრალდებულებს, მაგრამ ჩვენ წარმოვადგენთ აქ ბრალდებულებს. არცერთი მუხლით გათვალისწინებული არ არის, წინმსწრებად, როცა არცერთი სხდომა არ გამიცდენია, დაიხარჯოს საბიუჯეტო თანხები და დაინიშნოს სახაზინო ადვოკატი. ეს არის არა მარტო ცალკეული ადვოკატების, არამედ ადვოკატთა ასოციაციის შეურაცხყოფაც. ადვოკატთა ასოციაცია და ჩვენ, ადვოკატები, ვართ ისეთი ერთიანები, როგორც არასდროს“, — თქვა ჩომახაშვილმა.

საზოგადოებრივი ადვოკატი ირაკლი ბენია ამბობს, რომ კანონში განსაზღვრულ არცერთ მუხლში არ ჯდება არცერთი ბრალდებული, რომ დაენიშნოს საზოგადოებრივი ადვოკატი. [იგი ცდილობს წაიკითხოს კანონი, რის საშუალებასაც არ აძლევს მოსამართლე გალუსტაშვილი.]

დისკუსიაში ერთვება ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე: „მთელი წინა პროცესი გვაინტერესებდა, რომელი მუხლით დანიშნეთ საზოგადოებრივი ადვოკატები. ჩემი კოლეგა ამყარებს არგუმენტებს და მიეცით საშუალება, წაიკითხოს კანონი არა მარტო ჩვენთვის, იურისტებისთვის, არამედ ბრალდებულებისთვის“.

ბრალდებული ონისე ცხადაძე: „ამდენ ხანში ხომ წაიკითხავდა მუხლს, ბატონი ირაკლი?“

მოსამართლე გალუსტაშვილი ონისე ცხადაძეს პასუხობს: „თქვენი დახმარება არ მჭირდება. კიდევ ერთი შენიშვნა და… დავასრულოთ“.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე: „ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, როგორ ეპყრობით ადვოკატებს, მათ შორის საზოგადოებრივ ადვოკატებს. მოსამართლე რომ საშუალებას არ აძლევს ადვოკატს, წაიკითხოს მუხლი საპროცესო კოდექსიდან, ასეთი რამე არ გამიგია. ლექსს და პოემას ხომ არ წაიკითხავს? ბრალდებულები გეუბნებიან, არ მინდა, ამ ადამიანებმა დამიცვანო. ადვოკატები გეუბნებიან, არ გვინდა, დავიცვათ იმიტომ, რომ არც კანონით გვაქვს საფუძველი და არც ბრალდებულები გვიცხადებენ ნდობასო და როგორ უნდა აიძულოთ ეს ხალხი?”.

საზოგადოებრივი ადვოკატი ირაკლი ბენია: „რაკი არ მაძლევთ კანონის წაკითხვის საშუალებას. 41, 42, 45, და 46 მუხლებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან ვამბობთ უარს”.

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი მოსამართლეს: „გულწრფელად არ მჯერა, რომ არ იცით კანონი. ადამიანურად არ ვისურვებდი თქვენს ადგილას ყოფნას, ისეთ ჩიხში შემოხვედით”.

მოსამართლე გალუსტაშვილი: „არანაირ ჩიხში არაა სასამართლო”.

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი: „თქვენი გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი, დასაბუთებული, შეუსაბამოა კანონთან. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, საზოგადოებრივ ადვოკატებს მადლობას ვუხდი მათი პოზიციისთვის.“

მოსამართლე გალუსტაშვილი: „საზოგადოებრივი ადვოკატების დანიშვნა არ ნიშნავს, რომ კერძო ადვოკატები ვერ მიიღებთ მონაწილეობას. ისევე მიიღებთ, როგორც აქამდე. რაც შეეხება იმას, რომ ერთი ადვოკატის ერთჯერადი გამოუცხადებლობა გახდა მიზეზი. სასამართლომ არ იცოდა, რომ ბრალდებულიც დატოვებდა დარბაზს. საქმე საკმაოდ მოცულობითია და შემჭიდროებული ვადებია განხილვისთვის. სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ საქმეში მონაწილეობას უნდა იღებდეს საზოგადოებრივი ადვოკატიც. სასამართლო აცილებას არ დააკმაყოფილებს. ისევე განაგრძობთ საქმეში მონაწილეობას, როგორც კერძო შეთანხმებით დანიშნული ადვოკატები.

საბოლოოდ მოსამართლე გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი ადვოკატების აცილების მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახაზინო ადვოკატები პროცესში ოფიციალურად ერთვებიან.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ასევე მისი აცილების მორიგი შუამდგომლობა.

როგორ გახადა საზოგადოებრივი ადვოკატები იძულებული, რომ ჩართულიყვნენ საქმეში მოსამართლე გალუსტაშვილმა და როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება, წაიკითხეთ აქ:

რატომ ჩქარობს მოსამართლე გალუსტაშვილი სინდისის 11 პატიმრის საქმეში

მასალების გადაბეჭდვის წესი