სისტემა, რომელსაც წინააღმდეგობის გამო დატყვევებული და სამაგალითოდ დასასჯელად განწირული სინდისის პატიმრები არ ჰყავს, სამართლიანი სასამართლო თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. ასეთ სისტემაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე განსჯის თანაბარი უფლებებით მოსარგებლე პროკურორებისა და ადვოკატების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, გარემოებებს, არგუმენტებს.
„ოცნების“ სასამართლო სხვაგვარია.
11-პირიან პროცესზე 24 ივნისს მორიგჯერ დააყენეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა, რაც, ცხადია, მას არ დაუკმაყოფილებია. მისი გადაწყვეტილებით, ირაკლი ქერაშვილს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, გია ტერიშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს, ვაკო თეთრაშვილს, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, სერგეი კუხარჩუკს, რუსლან სივაკოვსა და რეზო კიკნაძეს დამატებით სახაზინო ადვოკატი დაენიშნებათ. შესაძლოა ერთი, ან მეტიც. ფაქტობრივად, იძულებით — ასეთია ბრალდებულებისა და მათი ნდობით აღჭურვილი ადვოკატების შეფასება. თუმცა მოსამართლე გალუსტაშვილი დარწმუნებულია, რომ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. იმდენად სწორს, რომ კანონის მოხმობა გასამყარებლად საჭირო არ არის.
ყველაფერი უფრო მეტად ნათელი მომდევნო სხდომაზე, 26 ივნისს გახდება. ერთ დღეში უნდა მოასწროს სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა ადვოკატმა 11 პირის 13-ტომიანი საქმის მასალების შესწავლა, სხდომათა ოქმების გაცნობა, ყველა ბრალდებულის მონახულება, მათი ნდობის მოპოვება და დარწმუნება, რომ მასზე უარი არ თქვან.
ყველაფერი 11-დან ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც დარბაზის დატოვება მისი ადვოკატის არყოფნის გამო გადაწყვიტა და ნათელი გახდა, რომ სხდომა ვეღარ ჩატარდებოდა. ადვოკატი რეზო აჭარაძე, რომელიც ირაკლი ქერაშვილის ინტერესებს იცავს, თვეებით ადრე აფრთხილებდა სასამართლოს, რომ კონკრეტული, რამდენიმე დღის განმავლობაში სხდომებზე დასწრებას ვერ შეძლებდა და, შესაბამისად, ამ დღეებში პროცესები არ დანიშნულიყო.
მოსამართლე გალუსტაშვილთან შეთანხმება თითქოს შედგა. თუმცა, ერთ დღესაც, მხარეებთან თანხმობის მიღწევის გარეშე, დამატებით დანიშნა კიდევ ორი სხდომა რეზო აჭარაძის არყოფნის პერიოდში. სხდომები მთელი ივლისის მანძილზეც გაწერილია, თითქმის ყოველ მეორე დღეს. ნინო გალუსტაშვილის დათქმით, საჭირო თუ გახდება, ღამის 12-მდეც გაგრძელდება თითოეული სხდომა.
ჩქარობენ გასული წლის ოქტომბერში გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეები. ჩქარობენ იმიტომ, რომ ჩქარობს რეჟიმი. წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა. განაჩენის გამოტანა თუ დროულად ვერ მოასწრეს, პატიმრების საპყრობილიდან გამოშვება მოუწევთ და დარჩენილ სხდომებზე ისინი უკვე სახლებიდან ივლიან.
ბრალდებულები დეკემბრის პირველ დღეებში არიან დაკავებული. მართალია, ე.წ. წინასწარი პატიმრობის 9 თვე აგვისტოსაც იტევს, მაგრამ აგვისტო შვებულებებისთვის სასურველი თვეა. ახალ სეზონამდე და ახალ რეპრესიებამდე დასვენებაც მოსასწრებია. რამე რომ მოხდეს და თუნდაც ზე-საპატიო მიზეზით, რომელიმე ადვოკატი ან ბრალდებული სხდომაზე ვერ გამოცხადდეს, განაჩენის გამოტანა ამან არცერთი დღით არ უნდა გადაავადოს. საამისო დაზღვევაა ნინო გალუსტაშვილისთვის იძულებით დანიშნული სახაზინო ადვოკატი, რომელიც პროცესებზე გარანტირებულად ივლის.
24 ივნისს მთელი სხდომა მოსამართლესა და ბრალდებულებს შორის უთანასწორო შეჯიბრებითობის პრინციპით წარიმართა. პროტესტს და არგუმენტირებულ, საპროცესო კანონმდებლობით გამყარებულ მსჯელობას შედეგი არ მოაქვს — ჩაქუჩი გალუსტაშვილს უჭირავს.
რეზო კიკნაძის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა მიმართა მოსამართლეს აცილების შუამდგომლობით და აღნიშნა, რომ მოსამართლეს შესაძლოა გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე, წინასწარ ჰქონდეს გამოტანილი ბრალდებულებისთვის, მაგრამ პროცედურულად მაინც უნდა მისდიოს წესებს და დაიცვას კანონი— „იქნებ თქვენც არ გამოცხადდეთ ერთ დღეს. დავნიშნოთ სათადარიგო მოსამართლე.“
გალუსტაშვილის პასუხი ბრალდებულებისა და ადვოკატების განცხადებებსა და არგუმენტებზე, როგორც წესი, შემოიფარგლება რეპლიკებით: „დავასრულოთ“, „არასწორ ინტერპრეტირებას ახდენთ“, „სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება“, „თუ არ მოგწონთ, დატოვეთ სხდომათა დარბაზი“.
დიალოგი ონისე ცხადაძესა და მოსამართლე გალუსტაშვილს შორის:
— ეგრევე რომ გადაწყვეტილებას იღებთ, იქნებ, რას გეუბნებით ისეთს, რომ შეცვალოთ გადაწყვეტილება.
— დავასრულოთ.
— ასე დარწმუნებული ხართ თქვენს თავში, რომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, ყველაფერი სწორია?
— დიახ, დავასრულოთ.
— არა, არცერთი გადაწყვეტილებაა სწორი, რაც აქამდე მიგიღიათ.
— დაასრულეთ?
ადვოკატებიცა და ბრალდებულებიც ერთსულოვნად აპროტესტებენ გალუსტაშვილის გადაწყვეტილებას. რეზო კიკნაძე სასამართლოს მიდგომებს დიქტატორულად მოიხსენიებს, — „აქ იმიტომ ვარ, რომ ქვეყანაში არსებულ დიქტატურას ვაპროტესტებდი. სასამართლოშიც რომ დიქტატურა დამხვდებოდა, არ მეგონა.“
„მე შეიძლება ბავშვი მოვანათვლინო ჩემს ადვოკატს, იმდენად ვენდობი. რატომ მინიშნავთ სხვა ადვოკატს?!“,- კითხულობს ონისე ცხადაძე და გალუსტაშვილის გადაწყვეტილებას ძალადობრივად აფასებს, — „ვეთანხმები აცილებას, მაგრამ არ მგონია, რომ დააკმაყოფილოთ და არც ის მგონია, რომ ვინმე სხვა „ქალბატონი ნინო“ მოვა უკეთესი“.
დარბაზში ღიად და დაუფარავად აყენებენ მოსამართლის მოტივაციას, მიკერძოებას ეჭვქვეშ, პროფესიულ ცოდნასაც კი.
„რეალურად, ყოველდღიურად გვაშანტაჟებთ, რომ მოიწვევთ სახაზინო ადვოკატს“, — მიმართა მოსამართლეს ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.
„ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის ინტერესს იცავდეს ომარ ფურცელაძე“, — ამბობს ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე, — „ეუბნებიან, შენ კი გინდა, რომ ომარ ფურცელაძე იცავდეს შენს ინტერესებს, მაგრამ მე მინდა, რომ სახლში წავიდე სწრაფად და მეტი დრო მქონდეს დასასვენებლად.“
იურიდიული სამსახურის მიმართ, საიდანაც 26 ივნისს სახაზინო ადვოკატს ელიან, თავიანთ მოლოდინებზე საუბრობენ ადვოკატები. ომარ ფურცელაძე ხაზს უსვამს, რომ იმედი აქვს, სახაზინო ადვოკატი ღირსეულად აღიარებს, ვერ შეძლო კომუნიკაცია ბრალდებულთან, საქმის მასალების გაცნობა და 11 პირის საქმეში ჩართვაზე უარს განაცხადებს.
„სინამდვილეში, სახელმწიფო ედავება ამ ბიჭებს, რომ დააზიანეს კონკრეტული ქონება, ადამიანები და სახელმწიფო რესურსით ერთვება ადვოკატი. ცდუნება იმის, რომ ადვოკატი შეიძლება შემოვიდეს განსხვავებული ინტერესებით, ბრალდებულთან შეუთანხმებელი პოზიციებით, ჰქონდეს სპეციალური პოლიტიკური მოტივაცია, ხელი შეუწყოს პროკურატურას თეთრი ძაფით შეკერილ საქმეზე, რეალურია“, — ამბობს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ 11 პირის საქმეს: ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, ირაკლი ქერაშვილი, გიორგი ტერიშვილი, სერგი კუხარჩუკი, რუსლან სივაკოვი, ჯანო არჩაია, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი და რევაზ კიკნაძე. გარდა ამისა, ის ასევე განიხილავს ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის საქმეს, დავით ხომერიკის საქმეს. მან უკვე გამოუტანა განაჩენი 21 წლის მათე დევიძეს და მას 4 წელი და 6 თვე პატიმრობა მიუსაჯა.