„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა არ არის მულტივექტორული. ეს არის იზოლაციონიზმის და გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის პოლიტიკა, — ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი, საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტი და ყოფილი დეპუტატი.

„ნეტგაზეთი“ მას „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო პოლიტიკის შესახებ ესაუბრა.


— ევროკავშირის და ევროპის საბჭოს შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ „დიფ სთეითს“ მიათვალა და კონფრონტაციაში შევიდა ეუთოსთანაც. რას ნიშნავს და რა საფრთხის შემცველია ის, რომ ფაქტობრივად აღარ რჩება საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთანაც საქართველოს კონსტრუქციული ურთიერთობები ექნებოდა?

— ეს ახალი არ არის და მოულოდნელიც არ იყო. „ქართული ოცნების“ სტრატეგია ასეთია: თუ რაღაც ვერ შეძლეს, მერე თავი უნდა იმართლონ. [ირაკლი კობახიძის] გუშინდელი პრესკონფერენცია უბრალოდ თავის მართლება იყო საკუთარ ამომრჩეველთან, რომ გაამართლონ, რატომ ვერ გაიტანეს თავისი. არადა, ძალიან ბევრს მუშაობდნენ ეუთოში, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეაში, რომ შეერბილებინათ კრიტიკული მოსაზრებები. თვითონაც ხვდებიან, რომ საქართველოს სრული იზოლაცია მათთვისაც ძალიან მძიმე იქნება. სრულ იზოლაციაში საქართველოს არ გააჩნია არც რეალური განვითარების, არც უსაფრთხოების უზრუნველყოფის რესურსი და ზოგადად მიმზიდველობასაც კი კარგავს თუნდაც „შავი ფულისთვის“ და იმ ეკონომიკური აქტორებისთვის, რომლებიც დღეს არიან საქართველოში. ვგულისხმობ თუნდაც რუს ბიზნესმენებს ან გაურკვეველი წარმოშობის ოფშორულ კომპანიებს. მათთვისაც კი ძალიან არასაინტერესო ხდება ეკონომიკურად და პოლიტიკურად იზოლირებული საქართველო. ევროპასთან კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კულტურული იდენტობის კუთხით, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ საერთაშორისო სისტემის ნაწილი ვიყოთ. ჯერჯერობით ვართ და, იმედია, ვიქნებით. აქედან იზოლაცია დამღუპველი იქნება ძალიან ბევრი მიმართულებით.

მე მგონია, „ოცნებაშიც“ ესმით, რომ თავიანთი რეჟიმისთვისაც კი ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ეს, ამიტომაც ვერ ბედავენ რადიკალურ ნაბიჯებს და იბრძვიან, რამენაირად შეარბილონ საერთაშორისო კრიტიკა. ძნელი სათქმელია, რა იქნება შემდეგში — 2028 წელს მოიწვევენ თუ არა დამკვირვებლებს, მაგრამ ფაქტია, ცდილობენ დაასტაბილურონ საერთაშორისო განზომილება. მათი ამოცანა არაა, ვინმემ დემოკრატიად აღიაროს. ერთადერთი რაც უნდათ — აღიარებულნი იყვნენ როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება, თუნდაც ავტოკრატიული მმართველობით, რომელთანაც გარკვეული ტრანზაქციული ურთიერთობები შესაძლებელი იქნება, როგორიც აქვთ ავტოკრატებს, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც.

— „დაკავშირებადობაზე“ ფსონი აშკარაა, თუმცა, რამდენად შესაძლებელია, ევროკავშირმა ამის გამო თვალი დახუჭოს დემოკრატიულ უკუსვლაზე კანდიდატ ქვეყანაში და მასთანაც ისეთივე ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც, მაგალითად, რეგიონში აზერბაიჯანთან?

— ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, მაქსიმალურად გამიჯნოს ორი დღის წესრიგი:  ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორი დღის წესრიგი (გაფართოების და დაკავშირებადოდბის) ჩამოყალიბდეს, ერთის მაგივრად. გაწევრიანების საკითხი ძალიანაც აწყობთ, რომ მხოლოდ ქაღალდზე იყოს. გაწევრიანების წინაპირობები მათთვის სულერთია, რადგან არაფრის შესრულებას არ აპირებენ. მთავარია, ეს მოთხოვნები არ იყოს დაკავშირებული რეგიონულ პროექტებთან, რომლებიც ევროკავშირის ან წევრი ქვეყნების მიერ ხორციელდება.

რამდენად გამოვა, ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე სტრატეგიული მიმართულება: გეოპოლიტიკური მიმართულება, შუა დერეფნის განვითარება და თვითონ გაფართოების პოლიტიკა. ჩვენთვის გაწევრიანებაა და მათთვის — გაფართოება, რომელიც ასევე სტრატეგიული საკითხია ევროკავშირისთვის. მე ვიტყოდი, უფრო ფუნდამენტურიც კი. თუ ევროკავშირს გაფართოების პოლიტიკის მიმართულებით გარკვეული კომპრომისების დაშვება მოუწია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მათთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება.  „ქართული ოცნება“ ცდილობს, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შესთავაზონ საქართველო, ან ივაჭრონ საქართველოთი, როგორც გეოგრაფიული უპირატესობის მქონე ქვეყნით, რომლის გარეშეც თითქოს შეუძლებელია გარკვეული ეკონომიკური რეგიონული პროექტების განხორციელება. გეოპოლიტიკა VS დემოკრატიული ნორმები — რომელი უფრო უპირატესი იქნება, წინასწარ ძნელი სათქმელია. რთული ვითარებაა ზოგადად მსოფლიოში და რეგიონში განსაკუთრებით, მაგრამ პროცესი ამისკენ მიჰყავს „ქართულ ოცნებას“, რომ თავი დაიხსნას [გაწევრიანების] ვალდებულებებისგან დაკავშირებულობის პროექტების ფარგლებში.

— დავუშვათ, ეს რომ გამოუვიდეს „ქართულ ოცნებას“, გაიმიჯნოს გაწევრიანებისგან და დარჩეს დაკავშირებულობის დღის წესრიგში. საქართველოს და ქართული საზოგადოებას რა სარგებელს აძლევს ეს?

— პრინციპში, ბევრს არაფერს აძლევს იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში თუნდაც დიდი ინვესტიცია, რომელიც შეიძლება შემოვიდეს, მაინც არ ხმარდება საქართველოს მოსახლეობას. დღეს მართლა არის ძალიან ბევრი ინვესტიცია, ბევრი ფული შემოდის, ეკონომიკური ზრდა ციფრებში მართლა გვაქვს, მაგრამ მოსახლეობა ვერ გრძნობს თავის თავზე. პირიქით, უფრო ნეგატიური შედეგები მოაქვს, იმიტომ, რომ უკონტროლო ფინანსური რესურსებით, როცა ეკონომიკური სისტემა არ გაქვს სწორად აწყობილი, ხალხის მსყიდველობითი უნარი და შესაძლებლობები უარესდება. შესაბამისად, ხალხი ღარიბდება. ამიტომაც, ევროკავშირის ფარგლებში იქნება თუ მის გარეთ, თუ ეკონომიკური აქტივობა იქნება, რომელსაც არ აქვს სამოქალაქო ზედამხედველობა — ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თანხების ხარჯვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს… თუ ეკონომიკური სისტემა მარტო „ქართული ოცნების“ ლოიალურ ელიტებზე იქნება ორიენტირებული და ისინი მიიღებენ მთელი ეკონომიკური განვითარების სარგებელს, საქართველოს მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ შედეგს არაფერს არ მოიტანს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ რეგიონული პროექტების განვითარება მოხდება საქართველოს მონაწილეობით, მას აუცილებლად უნდა ახლდეს გარკვეული დემოკრატიული სტანდარტები იმისთვის, რომ საქართველოს რეალური ინტერესები იქნას დაცული და არა უბრალოდ ნომინალურად საქართველო მონაწილეობდეს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერების პირადი ინტერესები იყოს გატარებული. თუ არ მოხდა დემოკრატიული სტანდარტებისკენ დაბრუნება, მაშინ ნებისმიერი პროექტი შესაძლებელია მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას და მათ ინტერესებს მოხმარდეს და ფუნდამენტურად არაფერი არ შეიცვლება.

— დღეს ევროკავშირი დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს გაფართოების მიმართულებით უკრაინის, მოლდოვის, ალბანეთის და მონტენეგროსთვის. მიუხედავად ამისა, ზოგს შეიძლება კვლავ არ სჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება რეალურია და მიაჩნია, რომ ამ პროცესისგან განზე დგომით საქართველო ბევრს არაფერს კარგავს. ასეა ეს?

— პირიქით, ასეთი რეალური არასოდეს ყოფილა გაწევრიანება. სამწუხაროდ, საქართველო გამოთიშულია ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს — ეს არის გაწევრიანებისთვის მომზადება,  რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება ბევრად უფრო კარგი და სასარგებლოც იყოს, ვიდრე საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თვითონ პროცესს მოაქვს რეფორმები და ეკონომიკური განვითარება. უზარმაზარი რესურსები შედის გაფართოების ქვეყნებში და შიდა ხელისუფლების ვალდებულებაა მერე ამ რესურსების სწორი გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყანა უბრალოდ კი არ გაწევრიანდეს და ნომინალურად კი არ მოხდეს რაღაცა ფასადური რეფორმა, არამედ თვისებრივად მოხდეს ისეთი ტრანსფორმაცია, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული სტანდარტის. გაწევრიანების პროცესს ახლავს უზარმაზარი რესურსები, უზარმაზარი სტიმულები ძალიან მტკივნეული და რთული რეფორმებისთვის; პრაქტიკულად ყველაფერი შეიძლება დაფინანსებული იყოს — განათლების რეფორმა, დასაქმების რეფორმა, კარგი სამუშაო ადგილების შექმნა, უმუშევრობის დაზღვევა, სოფლის მეურნეობის ისეთი ტიპის განვითარება, რომელიც კონკურენტული გახდება მსოფლიო და  ევროპული ბაზრებისთვის — ეს არის ის, რასაც ახლა საქართველო გამოთიშულია. და ამ გამჭვირვალე ფინანსების ნაცვლად ჩვენ ვიღებთ „შავ ფულს“, რომელიც ემსახურება მხოლოდ კონკრეტული პატარა ჯგუფების გამდიდრებას მოსახლეობის ხარჯზე. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მიღებული დაფინანსებები არის გამჭვირვალე, გარკვეულ მოთხოვნებზე დაფუძნებული, კონკრეტულ შედეგებზე და ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ამაზე საქართველო ამ ეტაპზე ამბობს უარს მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ძალაუფლების და თავისი კეთილდღეობის დაკარგვის.

— მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული, — ამას მოითხოვსო გეოპოლიტიკური მოცემულობა დღეს. მულტივექტორულია ქართული დიპლომატია დღეს?

— არ არის მულტივექტორული. ეს არის იზოლაციონისტური. მულტივექტორულია, მაგალითად, აზერბაიჯანის პოლიტიკა. მას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებთან, მაგრამ ასევე აქვს გარკვეული ტრანზაქციული ურთიერთობები სხვა ქვეყნებთანაც, რაც საქართველოს წლების განმავლობაში ყოველთვის ჰქონდა. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად, ქართულ-ირანული ურთიერთობები არ არის მარტო დღეს ან შარშან დაწყებული, ხომ?! შევარდნაძის ხელისუფლება იქნებოდა, სააკაშვილის ხელისუფლება თუ თუნდაც „ქართული ოცნება“, ყოველთვის იყო გარკვეული ეკონომიკური კავშირები ირანთან, რაც ძალიან ბუნებრივია, იმიტომ, რომ მეზობელი ქვეყანაა. მაგრამ ეს ტრანზაქციული ურთიერთობები არ იყო აყვანილი სტრატეგიულ დონეზე და, რაც მთავარია, არ იყო იმის ხარჯზე, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა გაფუჭებულიყო. დღევანდელი პოლიტიკა კი უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ ატრიალებ გეოპოლიტიკურ ორიენტირებს და ცდილობ, რომ ამას მულტივექტორული დაარქვა.

კიდევ ერთხელ, ეს არ არის მულტივექტორული პოლიტიკა. ის ეწინააღმდეგება საქართველოს ოფიციალურად გაცხადებულ სტრატეგიულ ინტერესებს. ჩვენ დავკარგეთ 35 წლის განმავლობაში აშენებული სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ევროკავშირთან და ბევრ ქვეყანასთან და საპირწონედ მივიღეთ სტრატეგიულთან დაახლოებული ურთიერთობები ირანთან, რომელიც არ არის გაფორმებული, და ძალიან არაერთგვაროვანი სტრატეგიული ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც გაფორმებულია რაღაც მემორანდუმის დონეზე, მაგრამ გაწერილი არ არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესები. ეს არ არის დაბალანსების პოლიტიკა. ცალსახად ორიენტირების შეცვლის, სტრატეგიული მიმართულების შეცვლის და გეოპოლიტიკური ინტერესების შეცვლის პროცესია. უბრალოდ „მულტივექტორულობა“ ახლა მოდური სიტყვაა საგარეო პოლიტიკაში და იყენებენ იმისთვის, რომ გადაფუთონ თავიანთი, ერთი მხრივ,  დასავლეთის მიმართ იზოლაციონისტური, მეორე მხრივ კი, შეცვლილი გეოპოლიტიკური ორიენტირების პოლიტიკა, რომელიც ცალსახაა.

შეიძლება, რუსეთთან უშუალო კავშირები გაცხადებული არ არის, მაგრამ რუსული ინტერესების გატარება საქართველოში ხდება და გეოპოლიტიკურ ნაწილშიც ხდება. მათ შორის თუნდაც რეგიონულ პროექტებში, როდესაც, მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ვითარდება, საქართველო ხშირ შემთხვევაში დესტრუქციულ როლს ასრულებს, ტვირთებს აჩერებს, არ ეხმარება. არ მგონია, ეს „ქართული ოცნების“ პირადი სურვილი ყოფილიყო მხოლოდ. ეს უფრო ჰგავს გეოპოლიტიკურ დავალებას, რომელსაც ასრულებენ. მე არ ვიცი, რა ვალდებულებები გაუჩნდათ ასეთი ირანის მიმართ, რომ ასეთი მკაცრი საზოგადოებრივი კრიტიკის ფონზე ასეთ მაღალ დონეზე ყოფილიყვნენ წარმოდგენილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე. ვფიქრობ, ეს გარკვეული ვალდებულების გამოხატულებაა. და რა არის ეს ვალდებულებები, რამდენად არის საქართველო გეოპოლიტიკურად, აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნის ნაცვლად, უფრო მეტად დაინტერესებული რუსულ-ირანულ-ინდური ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის განვითარებაში, რომელიც რუსეთის სტრატეგიული პროექტია, საკმაოდ სერიოზულ კითხვებს აჩენს. ამიტომაც მულტივექტორული აქ არაფერი არ არის, ეს არის შეცვლილი გეოპოლიტიკური ორიენტაცია.

— დაბოლოს, შეცვლილი გეოპოლიტიკური ორიენტაციის და იზოლაციის ვითარებაში, რაიმე უსაფრთხოების გამოწვევა რომ შეექმნას ქვეყანას, ვის მიმართავს თბილისი დახმარებისთვის?

— ამ შემთხვევაში არანაირი გარანტიები არ გვაქვს და არც მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან ჩვენ გვერდზე, თუნდაც ეს არ იყოს სამხედრო აგრესია, არამედ სადაზვერვო პროცესები, რომელშიც გვეხმარებოდნენ დასავლელი პარტნიორები. საქართველო პრაქტიკულად დაუცველი რჩება და ერთადერთი, ვინც შეიძლება ამის გამოყენება შეძლოს, არის რუსეთი, რომელსაც ბევრად უფრო გაუმარტივდა საქართველოზე ეფექტური კონტროლის დამყარების შესაძლებლობები, თუ ეს უკვე არ არის გაკეთებული. ე.წ. „დათმობის“ და „ნეიტრალიტეტის“ პოლიტიკა, ერთი შეხედვით, თითქოს რაციონალურია და რუსეთისგან საფრთხეს ამცირებს, მაგრამ სინამდვილეში, რაც უფრო დამთმობი ხარ რუსეთის მიმართ, მით უფრო აგრესიულია და მით უფრო მასშტაბურია მოსკოვის გეოპოლიტიკური ამოცანები რეგიონში. ამიტომაც საქართველოს ვასალობა რუსეთის მიმართ აბსოლუტურად არ არის უსაფრთხოების გარანტია. ერთი რომ ამორალურია, ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში აგრესორს ყველაფერს უთმობდე, მაგრამ, მეორე მხრივ, პრაგმატულადაც არარაციონალურია, რადგან რუსეთს უფრო მეტი ამბიციური სტრატეგიული გეგმები უჩნდება, რომლის განხორციელებისთვისაც აუცილებლად გამოიყენებს თავის ვასალებს.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბელარუსი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის პრაქტიკულად ყურმოჭრილი მონა იყო, მაგრამ მაინც აღმოჩნდა წარმოუდგენელი საფრთხის წინაშე, როცა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის მისი ტერიტორიის გამოყენება აიძულა და  პრაქტიკულად, ომში ირიბად ჩართული აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ როლს არ ამართლებს. მაგრამ როცა ასეთი მოწყვლადი და დამორჩილებული რჩები, ყველა იმ ამოცანის შესრულების ვალდებულება გაქვს, რომელსაც კრემლი გადაწყვეტს.


ავტორი: ნინო ჩიჩუა