შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

როგორც უწყებაში ნეტგაზეთს განუცხადეს, ეს ფაქტი ალკოტესტმა დაადასტურა.

ქალაქ გორის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მანქანა დედას, 44 წლის ქალს და მის 3 წლის შვილს დაეჯახა.

ავარიის შედეგად დედაც და შვილიც დაიღუპნენ.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მძღოლი დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და ამ შემთხვევაში 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.