პროკურატურის განცხადებით, გამოვლენილია ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ ისტორიებს და დოკუმენტაციას უქმნიდნენ.
უწყება ამბობს, რომ ბრალდება კიდევ 4 პირს წარუდგინეს. განცხადებაში წერია, რომ „მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით“ საქართველოს სამმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, ჯგუფის მიზანი იყო აშშ-ში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისების“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადება.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე, მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას. ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს“, – აცხადებს პროკურატურა.
უწყება აცხადებს, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკისას ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებში აღმოჩენილია 500-მდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია, თავშესაფრის მაძიებლისთვის საჭირო ისტორია, ე.წ. „ქეისები“ და სხვა ყველა საჭირო ყალბი ოფიციალური დოკუმენტი და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ელექტრონული ბეჭდები.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე დროის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 675 794 ლარის, 388 526 აშშ დოლარის, 4 964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს.
უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე პასუხისგებაში მიცემულ ორგანიზებული ჯგუფის წევრთათვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას.
„აღნიშნული პირი სრულად აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – აცხადებს პროკურატურა.
13 ივლისს დაკავებულ პირს და კიდევ ორ ბრალდებულს დაუსწრებლად ბრალდება წარედგინათ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, (ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ან/და საერთაშორისო დაცვის მისაღებად მისი უფლებების, თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება) რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეოთხე ბრალდებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით ( ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ან/და საერთაშორისო დაცვის მისაღებად მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება, ორი ან მეტი პირის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად უკვე გამოვლენილია კიდევ ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და დაკავებულია 3 პირი, 6 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული.
