„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ პირობას დებს, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, აკრძალავს თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც, ბოლო გამოკითხვებით, მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს.
ამ გეგმის გასამართლებლად კი მმართველ პარტიაში უკრაინისა და მოლდოვის მაგალითს იშველიებენ და აცხადებენ, რომ „დამნაშავე პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში“.
ამ სტატიაში ვხსნით რა მოხდა უკრაინასა და მოლდოვაში და რით განსხვავდება ეს იმისაგან, რასაც “ქართული ოცნება” საქართველოში აანონსებს.
რას ამბობ(დნ)ენ „ქართულ ოცნებაში“
მას, შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვა წინასაარჩევნოდ მთავარ გზავნილად აქციეს, მმართველ პარტიაში ცდილობენ ეს გადაწყვეტილება „ჩვეულებრივ დემოკრატიული პროცედურად“ გამოაცხადონ. სწორედ ამ სიტყვებით დაახასიათა „ქართული ოცნების“ გეგმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
თუმცა პარტიების აკრძალვა რომ ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა, ამას ჯერ კიდევ 2 წლის წინ სწორედ ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა თვითონ. 2022 წელს, როცა მაშინდელი სახალხო დამცველის მიერ პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელის მომზადებაზე იყო საუბარი, კობახიძე ომბუდსმენს აკრიტიკებდა.
„ამ შემთხვევაში კომიკური რა არის – როცა საქმე ეხება პარტიის აკრძალვას, ეს არის ადამიანის ძირითად უფლებაში, პარტიების თავისუფლებაში, ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა. შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩარევის მძიმე ფორმაა. ასეთ დროსაც სახალხო დამცველი უნდა გამოდიოდეს ყველა შემთხვევაში, როგორც ადვოკატი“, – აცხადებდა ირაკლი კობახიძე 2022 წელს.
ახლა კი „ქართული ოცნება, არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, აპირებს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ყველა ის პარტია აკრძალოს, რომელთაც პარლამენტში მოხვედრის შანსი გააჩნია და ამასთან, გაცხადებული პროდასავლური ორიენტაცია აქვს.
ირაკლი კობახიძის თანახმად, საუბარია შემდეგ პარტიებზე:
- ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (“სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”)
- ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის;
- ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია;
- გიორგი გახარიას პარტია.
უფრო მეტიც, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის „ლოგიკურ გაგრძელებად“ „ოცნება“ მათთვის მანდატების გაუქმებას მიიჩნევს. შესაბამისად, მმართველი პარტიის დაპირება ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტის არსებობასაც არ გამორიცხავს.
პარალელი მოლდოვასა და უკრაინასთან
ახლა მმართველი პარტია ცდილობს, რომ თითქმის მთელი ოპოზიციის გაუქმების განზრახვა მოლდოვასა და უკრაინაში ცალკეული პარტიების აკრძალვას გაუტოლოს.
„რაც შეეხება არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურა. როდესაც არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს. ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პოლიტიკური პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში და ამასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შეფასებები ისმის იმავე ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თუმცა „ქართული ოცნების“ გეგმასა და მოლდოვასა და უკრაინაში მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს.
განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, არც მოლდოვაში და არც უკრაინაში ძირითადი ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად არ გამოუცხადებიათ და მმართველ პარტიებს თავიანთი თავი ფაქტობრივად უალტერნატივოდ არ დაუტოვებიათ.
მოლდოვაშიც და უკრაინაშიც ეს ამბავი შეეხოთ იმ პრორუსულ პარტიებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებაში არიან ბრალდებულები.
მოლდოვაში არაკონსტიტუციურად გამოცხადებული პრორუსული პარტია „შორი“, რომელიც არც მთავარი ოპოზიციური აქტორია ამ ქვეყანაში და არც მთავარი პრორუსული პარტია. „შორის“ გარდა, მოლდოვის პარლამენტში ასევე მოხვდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის „კომუნისტების და სოციალისტების“ ბლოკი, რომელიც არჩევნებში 27.17%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილზე გავიდა, „შორის“ მხარდაჭერა კი 5.74% იყო და მე-3 ადგილი დაიკავა.
ეს ფაქტი კი აბათილებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის კიდევ ერთ არასწორ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მოლდოვის პარლამენტი დღეს, “პრაქტიკულად, ერთპარტიულია”, რასაც მისი თქმით, „ყველა მიესალმება“. ვინაიდან, სინამდვილეში მოლდოვის პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა, „კომუნისტების და სოციალისტების“ ბლოკი ისევაა, ამასთან არც „შორის“ წევრებს გაუქმებიათ მანდატები და ისინი დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩნენ.
მცირე პრორუსული პარტიების შეზღუდვის გამოცდილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც არსებობს.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 2016 წელს საარჩევნო რეგისტრაციიდან ლადო ბედუკაძის პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტების“ მოხსნა, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი ჰქონდა შეტანილი მაშინდელ საპარლამენტო ოპოზიციას. „ცენტრისტების“ აკრძალვის ინიციატივას იზიარებდნენ „ქართული ოცნების“ წევრებიც. “ცენტრისტები” მოსახლეობას რუსულ პენსიას და რუსული სამხედრო ბაზების დაბრუნებას ჰპირდებოდნენ. საბოლოო ჯამში ისინი ცესკომ მოხსნა რეგისტრაციიდან იქამდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებდა მათი კონსტიტუციურობის საკითხზე.
მიმდინარე წლის აპრილში კი საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია ორჯერ გაუუქმა ძალადობრივი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატიულ მოძრაობას“ ტექნიკური მიზეზებით.
ზემოთმოყვანილ ორივე შემთხვევაში პრორუსული პარტიის ლიდერები ფიქრობდნენ, რომ მათ არა ტექნიკური მიზეზით, არამედ შინაარსის გამო ზღუდავდნენ.
რა მოხდა მოლდოვასა და უკრაინაში
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის ოპოზიციური პარტია „შორი“ ანტიკონსტიტუციურად გასული წლის ივნისში ცნო და მისი დაშლა ბრძანა.
თავად ილან შორი მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის გახმაურებულ საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტია. მან 2019 წელს ქვეყანა დატოვა და ისრაელში გაიქცა. პრორუს ოლიგარქს 2023 წლის აპრილში ფულის გათეთრებისა და თაღლითობის გამო მოლდოვაში 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.
ილან შორს სანქციები აქვს დაწესებული აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ.
შორის პარტია ორგანიზებას უწევდა, თავად კი აფინანსებდა მოლდოვაში მოქმედი პროევროპული ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტებს. მოლდოვის პოლიციის თანახმად, რუსული დაზვერვა შორის მოწყობილ აქციებს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის იყენებდა.
პარტია „შორის“ კონსტიტუციურობის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს მოლდოვის მთავრობამ მიმართა და 2023 წლის ივნისში ის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა. სასამართლომ დაადგინა, რომ პარტიის საქმიანობა არ შეესაბამება მოლდოვის კონსტიტუციის 41-ე მუხლის მეოთხე პუნქტს, რომლის თანახმადაც, „პარტიები და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთა მიზნები ან საქმიანობა მიმართულია პოლიტიკური პლურალიზმის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების, მოლდოვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, არაკონსტიტუციურია“.
პრორუსული ოპოზიციური პარტია „შორი“ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5.74%-იანი მხარდაჭერით მესამე ადგილზე გავიდა და მოლდოვის 101-ადგილიან პარლამენტში 6 მანდატი მოიპოვა. მას შემდეგ, რაც პარტია ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის წევრებს პარლამენტში მანდატები შეუნარჩუნდათ, თუმცა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით და სხვა ფრაქციაში შესვლის უფლების გარეშე.
„შორის“ გაუქმების შემდეგ, მოლდოვის პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც არაკონსტიტუციურად მიჩნეულ პარტიებთან ასოცირებულ პირებს სამი წლით არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებოდათ.
მოგვიანებით მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ, ანუ იგივე უწყებამ, რომელმაც შორის პარტია აკრძალა, დაადგინა, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია და შესაბამისად, წელს, 2024 წლის 20 ოქტომბერს დაგეგმილ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პრორუსული პოლიტიკური პარტიის კანდიდატებსაც მიეცემათ.
გარდა ამისა, მოლდოვის 2023 წლის ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურამდე 2 დღით ადრე, მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომისიის გადაწყვეტილებით (CSE), არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა პრორუსულ პარტია „შანსს“. აღნიშნული პარტია „შორის“ ლიდერებმა დააფუძნეს მას შემდეგ, რაც მათი პოლიტიკური პარტია აიკრძალა. მოლდოვის ხელისუფლების განცხადებით, „შანსი“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო კომისიის წევრების მოსყიდვას ცდილობდა, ფულს კი რუსეთიდან იღებდა.
თუმცა მოგვიანებით, ადგილობრივი არჩევნებიდან 1 თვის შემდეგ, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომისიის(CSE) გადაწყვეტილება, რომლითაც პარტია „შანსს“ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.
რაც შეეხება თავად ილან შორს, მან მიმდინარე წლის აპრილში მოსკოვში ახალი პოლიტიკური ბლოკი „გამარჯვება“ წარადგინა, რომელშიც შედიან პარტია „შანსი“ და მოლდოვური ოპოზიციის პრორუსი წარმომადგენლები. ილან შორის განცხადებით, მისი ახალი ბლოკი კამპანიას აწარმოებს მოლდოვის ევროინტეგრაციის შესაჩერებლად და რუსეთთან მჭიდრო კავშირების დასამყარებლად.
რაც შეეხება უკრაინას, აქ პრორუსული პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღეს. კერძოდ, 2022 წლის მარტში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შეაჩერა 11 პრორუსული პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, სანამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ამ პარტიების წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში მიტაცებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის დამყარებასა და ფსევდო-რეფერენდუმების ორგანიზებაში.
2022 წლის მაისშივე უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ანტიუკრაინულ საქმიანობას ეწევიან.
უკრაინაში აკრძალული პარტიებიდან ყველაზე დიდია პრორუსული პარტიაა „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, რომელსაც უკრაინის პარლამენტში 450 ადგილიდან 44 მანდატი ჰქონდა. პარტიის ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკია, პრორუსი ოლიგარქი, რომელსაც უკრაინაში ბრალი ედება სახელმწიფო ღალატსა და ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში. მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა. პუტინი მისი შვილის ნათლიაა.
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ვიქტორ მედვეჩუკმა ქვეყნიდან გაპარვა სცადა, რა დროსაც ის დააკავეს. მედვუდჩუკის მნიშვნელობას პუტინისთვის ის ფაქტიც მოწმობს, რომ ის რუსეთმა უკრაინას 200 “აზოველ” ტყვეში გაუცვალა.
უკრაინაში აკრძალული კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიაა „ჩვენი“, რომლის ლიდერი ევგენ მურაევია. 2022 წლის იანვარში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მოსკოვი სამხედრო აგრესიის შემდეგ კიევში ლიდერად მურაევის დასმას განიხილავდა.
რა გამოცდილებაა ევროპაში?
პარტიების აკრძალვის გამოცდილება არსებობს ევროპაშიც. აქ 1945 წლიდან დღემდე 50-ზე მეტი პარტია აიკრძალა. ისინი ანტისისტემურ პარტიებს წარმოადგენდნენ, რომელთაც, როგორც წესი, ძალიან მცირე მხარდაჭერა გააჩნდათ. ძირითადად, აკრძალულ პარტიებს შორის არიან: ულტრამემარჯვენე, ულტრამემარცხენე და ნაციონალისტური პარტიები, ასევე, პარტიები, რომლებიც დაკავშირებული იყო ტერორისტულ ჯგუფებთან.
თუმცა როგორც მარტენსის ცენტრის მკვლევარი და science po strasbourg-ის მიწვეული ლექტორი, თეონა ლავრელაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიის აკრძალვისას გაცილებით უფრო მყარ და არგუმენტირებულ საფუძვლებს ეყრდნობიან, ვიდრე „ქართული ოცნება“.
მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები ევროპის ქვეყნებში გაცილებით ნაკლებ კითხვებს აჩენს, ვიდრე საქართველოსნაირ ქვეყნებში, სადაც სასამართლო მიკერძოებაზე კითხვები არსებობს.
“ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, როდესაც პარტიები ცალსახა რისკს წარმოადგენენ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, აშკარად ანტიდემოკრატიულები არიან, აქვთ რასისტული და რადიკალური პოზიციები… როცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიების აკრძალვა დემოკრატიულია და ამის მაგალითები არსებობსო, იმას აღარ გვეუბნება, რა საფუძვლები და კრიტერიუმებია“, – აცხადებს თეონა ლავრელაშვილი.
თეონა ლავრელაშვილის თქმით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლის აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, იმ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, რაც ევროპულ ქვეყნებში პარტიის გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა.
„ჩვენ არ გვინახავს, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას. როცა მათ [„ქართულ ოცნებას“] მაგალითად მოჰყვავთ 2008 წლის აგვისტოს ომი, ეს აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ხელმძღვანელი პირების სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე, დროულობაზე და ბევრ სხვა რამეზე, მაგრამ ამის გამო პარტიის ექსტრემისტულ დაჯგუფებად წარმოჩენა მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ მმართველ პარტიას ძალაუფლების გამყარება და ოპოზიციური პარტიების აღმოფხვრა სურს“, – აცხადებს თეონა ლავრელაშვილი.
თეონა ლავრელაშვილის თქმით, ახლა „ოცნებას“ იმედი აქვს, რომ თუ ევროკავშირს მათ გეგმაზე რეაქცია ექნება, მოლდოვისა და უკრაინის მაგალითზე მიუთითებს.
თუმცა მისი თქმით, „ქართული ოცნების“ განზრახვა ამ ორი ქვეყნის შემთხვევისგან განსხვავებულია.
„ჩვენს შემთხვევაში ძალიან დიდი განსხვავებაა. აქ არ არის საუბარი რაღაც ერთ ექსტრემისტულ პარტიაზე, აქ საუბარია პარტიების ჯგუფზე, მთელ ოპოზიციურ სპექტრზე, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ მმართველი პარტიის ალტერნატივა იყოს. შენიღბვასაც არ ცდილობენ, რომ მაგალითად, „მოდი, ერთ პარტიაზე გავაკეთოთ აქცენტი და დავაბრალოთ ომი და გადატრიალებები“, საუბარია თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიაზე, რომელსაც პროდასავლური იდეები გააჩნია.
უკრაინის მაგალითი კიდევ უფრო სუსტია, რადგან იქ პარტიების აკრძალვის საფუძველი პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან. როცა ქვეყანაში არსებოს იმ ქვეყნის დივერსიული ჯგუფები, რომელიც გიპყრობს, ამ შემთხვევაში უფრო მარტივია ლეგიტიმაცია მისცე მსგავსი პარტიების აკრძალვას“, – აცხადებს თეონა ლავრელაშვილი.
თეონა ლავრელაშვილს მმართველი პარტიის რიტორიკა აფიქრებინებს, რომ ისინი ევროკავშირს პირდაპირ ეუბნებიან, თავი დაანებოს.
„მე ვფიქრობ, ეს ძალიან არასწორია მისი პოლიტიკური სტრატეგიისთვის, რადგან პირიქით გააძლიერებს ოპოზიციის მხარდამჭერებსაც და შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანა დიქტატურისკენ მიდის…
მე არ მინახავს ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, რომ მათ მოლდოვაში პარტიის აკრძალვა მოეწონებინოთ. პირიქით, ევროკომისიის ანგარიშში მოხსენიებულია მოლდოვის მიერ პარტიის აკრძალვაც და ამაზე შემდგომი დავაც. არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნაც, რომელიც ამბობს, რომ არაპროპორციული იყო მოლდოვის სასამართლოს და მათი ცესკოს გადაწყვეტილება“, – აცხადებს თეონა ლავრელაშვილი.
თეონა ლავრელაშვილის თქმით, თუკი „ქართული ოცნება“ დანაპირებს სისრულეში მოიყვანს, „ევროკავშირთან თანამშორმლობასა და ურთიერთობაზე საუბარი უკვე ზედმეტი იქნება“.
ევროკავშირი რომ „ქართული ოცნების“ გეგმას გაგებით არ შეხვდება, ამას მოწმობს პირველი გამოხმაურება ბრიუსელიდან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, შეშფოთებული არიან „ქართული ოცნების“ გეგმით.
მისი თქმით, ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მზად არის შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, თუ „ქართული ოცნების“ განცხადებები ამოქმედდება.