ნეტგაზეთი | “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს ბედუკაძის პარტიის ასაკარძალად მიმართავს “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს ბედუკაძის პარტიის ასაკარძალად მიმართავს – Netgazeti
RU | GE  

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს ბედუკაძის პარტიის ასაკარძალად მიმართავს

“რესპუბლიკური პარტიის” შემდეგ ლადო ბედუკაძის პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გია ვოლსკი და ეკა ბესელია გამოდიან.

გია ვოლსკი საკუთარ ფეიბუკ გვერდზე წერს, რომ “ცენტრისტების”  საარჩევნო კლიპებში გაჟღერებული შეხედულებები და დაპირებები, არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას:

“ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც, ცხადია, ჩვენი საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები. პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება – და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს, შემოუერთდნენ ამ ინციატივას.”

გია ვოლსკის ნათქვამს სიტყვასიტყვით იმეორებს ეკა ბესელია.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია დეპუტატებს მოუწოდებს, მის ინიციატივას შეუერთდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს ლადო ბედუკაძის პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით მიმართონ.  ამის შესახებ მან დღეს,14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

400-ლარიანი რუსული პენსია, რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონება – არჩევის შემთხვევაში მოქალაქეებს ამ ყველაფერს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” ჰპირდებიან. შესაბამისი ვიდეორგოლი  საზოგადოებირვი მაუწყებლის ეთერში დღემდე გადიოდა. დღეს მაუწყებელმა რეკლამა ეთერიდან მოხსნა.  “სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო ვიდეორგოლის საკითხს ცესკოში გაასაჩივრებს.

13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების სარჩელი, რომლითაც  ამომრჩევლების მოსყიდვის გამო  „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.