საზოგადოება

რატომ გააუქმა რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია — სამართლებრივი საფუძველი

8 აპრილი, 2024 • 4002
რატომ გააუქმა რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია — სამართლებრივი საფუძველი

საჯარო რეესტრის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ძალადობრივი, პრორუსული დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.

რეესტრის გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება პარტიის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ მიიღეს მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე შეისწავლეს პარტიის რეგისტრაციის კანონიერება.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, „კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიად რეგისტრაცია ზურაბ მახარაძემ 2021 წლის 21 ნოემბერს მოითხოვა, თუმცა რეესტრმა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა, რისი გამოსწორებაც პარტიას დაევალა.

კერძოდ, რეესტრის მიხედვით, პარტიის სარეგისტრაციო დოკუემნტაციას არ ახლდა გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეული გიორგი ქარდავას ხელმოწერა, პარტიის ემბლემის აღწერილობასა და წარდგენილ ესკიზებში იყო შეუსაბამობები, სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებას ხელს აწერდა მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარე — ამავე წესდების მიხედვით კი დოკუემნტზე ყრილობის ყველა მონაწილის ხელმოწერა იყო საჭირო, ასევე, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავდა წევრთა პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ ინფორმაციას.

როგორც საჯარო რეესტრი 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაში წერს, ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა ხარვეზების გასწორების მიზნით პარტიამ რეესტრში 2021 წლის დეკემბერში წარადგინა განახლებული დოკუმენტაცია, პარტიის წესდებას კი ხელს აწერდა ყრილობის თავმჯდომარე კონსტანტინე მორგოშია. ამის საფუძველზე საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის 7 დეკემბერს დაარეგისტრირა.

თუმცა, როგორც საჯარო რეესტრი აცხადებს, 2021 წლის დეკემბერში წარდგენილი დოკუმენტაცია სამართლებრივად არ იყო გამართული.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის წევრთა ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა“ ,— აცხადებს საჯარო რეესტრი.

მათივე განცხადებით, „საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით“, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პარტიის რეგისტრაცია გააუქმა.

„ალტ-ინფოს“ პარტიას აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლია თავად რეესტრში, შემდეგ კი, სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი