პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარა ჟურნალისტი ნატა ლომაძე. ის უწყებაში დღეს, 2 ივლისს, 16:00 საათზე მივა.

„რა თქმა უნდა, ვაპირებ, მივიდე და პასუხები გავცვე ყველა კითხვას, რომელიც შეიძლება ჰქონდეს გამომძიებელს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რა შეკითხვები შეიძლება არსებობდეს, იმდენად აბსურდულია სამართლებრივად ეს საქმე“, – ამბობს ნატა ლომაძე „ფორმულასთან“.

მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდა ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი.

რა ხდება?

პროკურატურის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს ცრუ დასმენის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 373-3 მუხლის პირველი ნაწილი). უწყების თანახმად, გამოძიებას საფუძვლად დაედო გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება.

საქმე ის არის, რომ „შაბათის ფორმულას“ წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, „2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სუს-თან შეთანხმებით, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა“.

ხაინდრავაც და პროკურატურაც მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია იმისათვის, რომ აღიძრას საქმე “ცრუ დასმენაზე”.

სისხლის სამართლის საქმის ინიციირების პარალელურად გოგა ხაინდრავა სამოქალაქო წესით სასამართლოშიც დავობს, რომ ტელეკომპანია მასზე ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. ის პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

„ფორმულას“ იურისტის განცხადებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, გოგა ხაინდრავას მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.