დღეს, 2 ივლისს, დახურულ კარს მიღმა ე.წ. წინასასამართლო სხდომა ჩატარდა ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის საქმეზე, რომელიც ივანიშვილის ყოფილი წარმომადგენელია.
წინასასამართლო სხდომაზე წყდება მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და აგრეთვე ის, შეწყდება საქმის წარმოება, თუ არსებითი განხილვით გაგრძელდება. სხდომაზე უძილაურისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობაც განიხილეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე გადადის არსებითი განხილვის ეტაპზე და უძილაური პატიმრობაში რჩება.
როგორც დახურული სხდომიდან გამოსულმა უძილაურის ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, უძილაურმა სასამართლოში არა მხოლოდ საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა, არამედ აღნიშნა ისიც, რომ უდანაშაულოა ასევე ჯაშუშობაში ბრალდებული გულბაათ რცხილაძე. უძილაურს უთქვამს, რომ მისი სახით არა ვინმე გიორგი უძილაური, არამედ ევროკავშირი ისჯება, რომლის წევრი სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან.
„ბრალდებულის პოზიცია უცვლელია. არ ცნობს თავს დამნაშავედ. დღეს სასამართლოს სხდომაზე გააჟღერა, რომ ვიღაც გიორგი უძილაური კი არ ისჯება, ისჯება ევროკავშირი. ასევე თქვა, რომ გულბაათ რცხილაძეც არ არისო ჯაშუშიო, ის უბრალოდ პრორუსია და პარიტეტი დაიცვა სახელმწიფომ, რომ ვითომ რუსეთის აგენტურასაც ვებრძვითო. თქვა, რომ ევროპეიზმი დღეს საქართველოში ისეთივე დასჯადია, როგორც ფაშისტური გერმანიის დროს დევნიდნენ ებრაელებს. ჩვენ მოვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება, ასევე საქმის შეწყვეტა, ვინაიდან არ არის მტკიცებულებების ის სტანდარტი, რაც საქმის არსებით განხილვაზე გადაცემას შეიძლება დაედოს საფუძვლად. სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული და საქმე გადაეცა არსებითად განსახილველად“, — განაცხადა უძილაურის ადვოკატმა, ბექა გულედანმა.
ყოფილი ჟურნალისტი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი წარმომადგენელი, გიორგი უძილაური, 5 მაისს დააკავეს. მას საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობა ედება ბრალად.
სუს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უძილაური ბრალს არ აღიარებს.
გიორგი უძილაური ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. წარსულში კი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ გიორგი უძილაური უძღვებოდა წარსულში ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებსაც.
უძილაურის საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ამიტომ დეტალები საჯარო არ არის.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი უძილაური ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაშია ბრალდებული.
