ვრცელდება 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, მანუჩარ მიქელაძის წერილი ციხიდან.
მანუჩარ მიქელაძე ერთ-ერთი პატიმარია, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა პროკურატურასთან საპროცესო გარიგების დადებაზე, რის სანაცვლოდაც მას ბრალის აღიარება მოეთხოვებოდა.
მანუჩარ მიქელაძეს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 24 ივნისს.
მის წერილს ციხიდან ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ.
„მოგესალმებით, ჩემო უცნობო მეგობარო.
მე კარგად ვარ, იმედი მაქვს, თქვენც კარგად ხართ. მხნედ ვარ, ძლიერად ვარ, მჯერა გამარჯვების, მჯერა სიმართლის, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილების მომავლისთვის. მზად ვარ ყველაფრისთვის. ჩემი აქ ყოფნა სანერვიულო არ არის, სანერვიულო ქვეყნის ევროპული მომავალია, რომელიც უკვე დიდი საფრთხის წინაშეა ქოცნახირის ხელში. ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა ვიყოთ თანამონაწილეები ამ დანაშაულის. უნდა ვესაუბროთ იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით, არ აინტერესებთ და უპასუხისმგებლოდ უყურებენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი შვილების მომავლის მკვლელობას. ეს დანაშაულია, ეს სამარცხვინოა.
მოვა დრო, როდესაც შერცხვება ყველას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს ან უმოქმედობით თანამონაწილეობს.
ვინც იბრძვის და ეწინააღმდეგება ამ უსამართლობას, ყველას მადლობა. ყველა მიყვარხართ, ყველა ღირსეულები ხართ, ყველა სამაგალითოები ხართ. ყველას მადლობა, რომ გვკითხულობთ და არ გავიწყდებით. ყველა მოიკითხეთ ჩემგან, გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან N E-67 კამერა.
თქვენი და ჩვენი ქვეყნის მონა-მორჩილი მანუჩარ მიქელაძე, დაბადებული — აჭარა, შუახევის რ/ნი სოფელი ბუთურაული.
ერთი და მთავარი სურვილი მაქვს, რომ ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე. ეს გამარჯვება იქნება ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის ისტორიული გამარჯვება. ეს გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების საწინდარი, რითაც ყველა ვიამაყებთ, ვისაც წვლილი გვექნება ამ ყველაფერში.
დაგემშვიდობებით. დროებით, ჩემო ღირსეულო და პატრიოტიზმით აღსავსე ქართველო გოგო-ბიჭებო.
ჩემი თანასაკნელი სერგო ქიმერიძე გიცხადებთ სოლიდარობას და გკითხულობთ ყველას და გაძლევთ რჩევას — მთავარი ის არ არის, ვინ და რა სიძლიერისაა მოწინააღმდეგე. მთავარია, ვინ არის შენი თანამებრძოლი. ამ და სხვა თემებზე ვრცლად შემდგომში მოგწერთ.
თქვენგან ველი წერილებს, თუ არ დაგეზარებათ.
მ. მიქელაძე, 27-06-2026“
მანუჩარ მიქელაძის საბოლოო სიტყვა და მისი მოტივების შესახებ, რატომ თქვა უარი საპროცესო გარიგებაზე, წაიკითხეთ აქ:
4 ოქტომბრის საქმეში ბრალდებულმა კიდევ 12-მა პირმა დადო საპროცესო შეთანხმება — განაჩენი
