საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა

30 დეკემბერი, 2023 • 2743
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება:

„ზუსტად სამი წლის წინ საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი სამი წლის შემდეგ ჩემივე ინიციატივით პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე.

ივანიშვილის თქმით, პოლიტიკური საქმიანობა მის ხასიათში არ არის და ამიტომაც, 2012 წლის არჩევნებამდე საზოგადოებას გაუზიარა მისი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკას დატოვებდა:

„მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო. თუმცა, ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე, მივიღე მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ერთ წელიწადში, საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი“ — განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოსულა და ეს ნაბიჯი იმის რწმენამ გადაადგმევინა, რომ აღნიშნული ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებს წაარდგებოდა:

„პოლიტიკიდან კი ერთ წელიწადში იმ რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

პირველად 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. ამ გადაწყვეტილების მიზეზების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. გავიხსენებ მხოლოდ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს. ელჩმა, რომელთანაც ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა: რომ არ დაბრუნებულიყავი, ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი დარჩებოდაო. ეს მართლაც ასე იყო და ძალიან კარგად ვიცოდი. თუმცა, ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, თურმე, გარედანაც კარგად ჩანდა“ — ამბობს ივანიშვილი.

მისი თქმით, მაშინ მისი მისია შწეასრულა, გუნდი თავიდან დაალაგეს, სისტემა ააწყვეს და მხოლოდ ამის შემდეგ, მეორედ გავიდა პოლიტიკიდან:

„ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა.

მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება“ — ამბობს ივანიშვილი.

მისი თქმით, დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა:

„შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს. საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ – საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება.

პოლიტიკიდან გასვლისას, მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული 3 წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანის შესრულება შეძლო. ამ ფონზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ – სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი.

დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის.

ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება“ — “ — ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, ამ ყველაფერმა მიაღებინა მისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემობრუნდეს პოლიტიკაში და დაიკაოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც მის მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მიმართა:

„ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას.

ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია, ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ“ — თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი