ახალი ამბები

პაპუაშვილი მიკროფონის გათიშვით ემუქრება დეპუტატებს, ვინც “რუსულ კანონს” “რუსულს” უწოდებს

3 აპრილი, 2024 • 644
პაპუაშვილი მიკროფონის გათიშვით ემუქრება დეპუტატებს, ვინც “რუსულ კანონს” “რუსულს” უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გააფრთხილა, რომ თუ ისინი “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ “რუსულ კანონს” “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ, მიკროფონს გაუთიშავს.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააპროტესტეს მმართველი პარტიის მიერ პირობის დარღვევა და “რუსული კანონის” გაწვევიდან ერთი წლის შემდეგ მისი მიღება კვლავ დააანონსეს.

რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკის შემდეგ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საუბრის დროს დარბაზში ხმაური ატყდა – მას შეეპასუხნენ მმართველი პარტიის დეპუტატები, რა დროსაც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის “რუსული კანონის” დარქმევა ანტიქართული პროპაგანდაა.

“იმ კანონის უკან შემოტრიალება არის ჩვენი ყველას შეურაცხყოფა და ამ ქვეყნის, მინდა გითხრათ. ის კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი. წერტილი არა, ძახილის ნიშანი”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

“ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც თქვენ ახლა აქ ეწევით ქართულ პარლამენტში. ანტიქართულ პროპაგანდას და ამ ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს ისევ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს, 3 აპრილს, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია რუსული კანონის მიღებას აპირებს.

მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული. მისი თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით გასული წლის 7 მარტს მიიღო. კანონის მიზანი ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები პირობას დებდნენ, რომ მას მომავალში აღარ მიუბრუნდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი