საზოგადოება

კანონპროექტის ხელახლა შემოტანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს — ევროკავშირი

4 აპრილი, 2024 • 1066
კანონპროექტის ხელახლა შემოტანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს — ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ევროკავშირი იხსენებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ და წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის მძაფრი რეაქციის მიუხედავად.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს“, — ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.

პიტერ სტანოს თქმით, გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად.

„მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“, — აცხადებს ევროკავშირი.

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომას არ დასწრებია, თუმცა „რუსული კანონის“ დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი