საზოგადოებასამართალი

„ორსულ ცოლს მუცელში ფეხი ჩაარტყა“ – როდის [არ] აბამენ მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურს

30 ნოემბერი, 2023 • 2369
„ორსულ ცოლს მუცელში ფეხი ჩაარტყა“ – როდის [არ] აბამენ მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურს

„ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე მ. ო.-მ მუცლის არეში ხელ-ფეხის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეზე“, – აღნიშნულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში ვკითხულობთ.

განჩინება უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე 2023 წლის აპრილში მიიღო. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო მანამდე, ვიდრე მას ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავებდნენ, თუმცა მოძალადისთვის არ გაუკეთებიათ ელექტრონული სამაჯური. რომლითაც პოლიციელები გააკონტროლებდნენ მოძალადის მსხვერპლთან მიახლოებას.

კანონის მიხედვით, მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება ანუ მოძალადისთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრება შემაკავებელი ორდერის თანმხლები ღონისძიებაა. ეს იმ შემთხვევაშია კანონით დასაშვები, როცა ძალადობის განმეორების რისკი დასტურდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებისთვის მარაგში 350 ერთეული ელექტრონული სამაჯური აქვს, თუმცა 2023 წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ 74 შემთხვევაში გაუკეთეს მოძალადე კაცებს ელექტრონული სამაჯური.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ელექტრონული ზედამხედველობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. საუბარია იმ შემთხვევებზეც, როცა შემაკავებელი ორდერი გამოიცემა, ანუ არსებობს „მოძალადე“ და „მსხვერპლი“, მაგრამ მოძალადისთვის ბრალის წარსადგენად პროკურატურას ჯერ საკმარისი წინაპირობა არ აქვს, ან ძალადობაში ბრალდებული კაცი გირაოთი გაათავისუფლა მოსამართლემ და მას ისევ აქვს საშუალება, მსხვერპლს მიუახლოვდეს.

თუ მოძალადე მსხვერპლთან 500 მეტრის რადიუსში აღმოჩნდა, აპარატი ავტომატურად აცნობებს 112-ს, ხოლო 100 მეტრის რადიუსში მიახლოება დარღვევად მიიჩნევა. თავდაპირველად პოლიცია უკავშირდება პოტენციურ მოძალადეს და მას აფრთხილებს, რომ მსხვერპლს უახლოვდება და ზონა უნდა დატოვოს. თუ მოძალადე გააგრძელებს მოძრაობას, პოლიცია გააფრთხილებს მსხვერპლს და დაიწყებს მოქმედებას.

ელექტრონული სამაჯურები ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მექანიზმად მიიჩნევა. 

ელექტრონულ სამაჯურებს საქართველოში 2020 წლიდან იყენებენ. სამაჯურების გამოყენების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით 2023 წლის მაისიდან გაიზარდა, როცა რისკის შეფასების მექანიზმი განახლდა. უფლებადამცველები შენიშნავენ, რომ სხვადასხვა გამოწვევას შორის ერთ-ერთი თავად ძალადობის მსხვერპლი ქალის უარია.

რის გამო ამბობს მსხვერპლი უარს, მოძალადეს ელექტროსამაჯური გაუკეთონ, როცა ის ხედავს, რომ მასზე შესაძლოა ისევ იძალადონ?

  • საქმე პირველი: ორსული ცოლისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის საქმე

პროკურატურის ვერსიით, კაცმა რამდენჯერმე იძალადა ფიზიკურად ცოლზე. 2022 წლის ივლისში გამომძიებელს შემაკავებელი ორდერი გამოუცია, თუმცა ორდერის პირობების დარღვევა მოძალადეს არ გასჭირვებია.

ორდერის მიხედვით, მოძალადე მ. ო.-ს აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილთან, ასევე, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

ეს ის სტანდარტული ჩანაწერია, რაც შემაკავებელ ორდერებში გვხდება. ელექტრონული ზედამხედველობა კი ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა იმისთვის, რომ სამართალდამცველმა გააკონტროლოს, როგორ ასრულებს მოძალადე შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის პერიოდში – 2022 წლის 29 ივლისს, მ. ო.  თავისი ტელეფონის ნომრიდან რამდენჯერმე დაუკავშირდა მსხვერპლს – თ. პ-ს ტელეფონის ნომერზე … და დაამყარა მასთან კომუნიკაცია. აღნიშნული ქმედებით მ. ო.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები“, – ვკითხულობთ პროკურატურის დადგენილებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 24 ოქტომბერს მიღებული განაჩენის მიხედვით, მ.ო. უდანაშაულოდ მიიჩნიეს ოჯახში ძალადობის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლომ მ.ო. დამნაშავედ ცნო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ნაწილში. მსჯავრდებულს მოსამართლემ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჩაუთვალა პირობით, მსჯავრდებულს გამოსაცდელ ვადად დაუდგინეს 1 წელი.

სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია დაზარალებულად მიჩნეულ ქალს. საქმის მასალების მიხედვით, პოლიციისთვის თავდაპირველად ქალს დაურეკავს. თ. პ-ს განმარტებით, 30 აპრილს მას მეუღლემ მუცელში ფეხი დაარტყა და სახლიდან გააგდო, ღამე ქუჩაში გაატარა, თავი შეუძლოდ იგრძნო და გული აერია…

გამთენიისას ნახა ახლობელი მ. მ. სწორედ მის სახლში გამოიცვალა ტანსაცმელი. ერთ-ერთ ძალადობას შეესწრო მისი მეგობარი ნ. უ. მორიგი ძლიერი დაპირისპირება მოხდა 3 ივნისს. მ-მა ხელი დაარტყა მუცელში, აბორტის გაკეთებას აიძულებდა, შეშინებული წავიდა სახლიდან, მივიდა ახლობელ ი. გ-სთან და შველა სთხოვა. ვინაიდან მუცელი ძალიან სტკიოდა, გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ქალმა აღნიშნულის შესახებ შეატყობინა დედამთილს, თუმცა მან დახმარებაზე უარი განუცხადა.

„მხოლოდ განცხადება არ არის საკმარისი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სხვა მტკიცებულებებით [მტკიცებულებათა ერთობლიობით]. მოცემულ შემთხვევაში, მ. ო-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაც კი“ ,– ჩაუწერია განჩინებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

  • საქმე მეორე: ბათუმში კაცს, რომელიც ყოფილ ცოლს ემუქრებოდა, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, მან ქალს ღამით სახლში მიაკითხა 

ბათუმში მცხოვრებ ბ.კ.-ს შემაკავებელი ორდერი 2022 წლის 13 მაისს გამოუწერეს – ის ყოფილ ცოლს ლ.გ.-ს ემუქრებოდა და ურთიერთობის განახლებას სთხოვდა. ორდერის გამოცემიდან რამდენიმე დღეში, 26 მაისს, მოძალადე კაცი მსხვერპლთან სახლში ღამით მისულა.

„2022 წლის აპრილიდან იმავე წლის პირველი ივლისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ყოველდღიურად, ბათუმში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ლ. გ-ძის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული, აღნიშნული ურთიერთობის განახლების მოთხოვნით, ბ. კ. პირადად, სხვადასხვა მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელების გამოყენებით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ სატელეფონო, ელექტრონულ და პირად კომუნიკაციას ლ. გ-სთან, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა, ასევე, მას გაუჩნდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნიდა და ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა.

2022 წლის 29 ივნისს [შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ], ღამის საათებში, ლ. გ-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მობილური ტელეფონის საშუალებით ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილი მეუღლეს ბ. კ-ს, რა დროსაც დაზარალებულმა ლ. გ-მ განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“, – ეს ქრონოლოგია მოსამართლეს პროკურორმა მიუტანა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით, ბ.კ.-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • საქმე მესამე: ორდერის გამოცემის დღესვე მოძალადე მსხვერპლს ისევ დაუკავშირდა

„2019 წლის 30 ივლისს ბ.ჭ-ს მიმართ გამოიწერა №.. შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, მას 30 დღის განმავლობაში აეკრძალა მსხვერპლთან – მ. მ.–სთან მიახლოება, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან, სადაც მ. მ. შეიძლება იმყოფებოდეს, ასევე – კომუნიკაცია სატელეფონო, სოციალური ქსელებითა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით“, – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2022 წელს მიღებულ ერთ-ერთ განჩინებაში.

რა მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ?

„2019 წლის 30 ივლისიდან – 2019 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ბ. ჭ. მ. მ–ს სოციალურ ქსელ „ფ–ს“ საშუალებით უკავშირდებოდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები…“, – ვკითხულობთ განჩინებაში.

პროკურატურა ბ.ჭ.-ს ედავებოდა როგორც ცოლის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენას, ასევე ცოლისძმის მკვლელობის მცდელობას:

„2019 წლის 11 აგვისტოს ბ. ჭ–მ, განზრახ მოკვლის მიზნით, ცოლისძმას – ლ. მ–ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ბასრი საგნით გულმკერდის მარცხენა მხარეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჭრილობა, ასევე დაზიანება მიაყენა მარცხენა ბარძაყის არეში. ლ. მ–ს სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

2019 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, თ–ის მეტროსადგურ „ა–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკებისას, ბ. ჭ–მ მეუღლეს – მ. მ–ს, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის – ნ. ჭ–ს თანდასწრებით, მკლავში ძლიერად მოუჭირა ხელი, შემდეგ მანქანის გასაღებით ხელზე მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – ეწერა პროკურატურის დადგენილებაში.

ოჯახში ძალადობის ბრალდებაში ბ.ჭ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, თუმცა იგი დამნაშავედ მიიჩნიეს შემაკავებელი ორდერის დარღვევის ნაწილში, ასევე, მკვლელობის მცდელობის მუხლით და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციებში, თუმცა არც სააპელაციოს და არც უზენაეს სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

იმის მიუხედავად, რომ სხვა მრავალი შემთხვევისგან განსხვავებით, ამ საქმეში დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა ამჯობინა, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ: „ბ. ჭ–ს მიერ დაზარალებულ მ.მ-ზე ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მ.მ.-ს ჩვენება, რაც გამყარებული არ არის სხვა რაიმე მტკიცებულებით და საკმარისი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“, – ვკითხულობთ განჩინებაში.

  • უფლებადამცველი: „მსხვერპლმა მოითხოვა ელექტრონული სამაჯური მოძალადისთვის, სახელმწიფოს არ შეუთავაზებია“ 

უფლებადამცველი და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, გოგა ხატიაშვილი თავისი პრაქტიკიდან ერთ კონკრეტულ ისტორიას გვიზიარებს, რომელიც აჩვენებს, როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე.

„…ამ საქმეში ოჯახში ძალადობაში ბრალდებული მოსამართლემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, დაზარალებულს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და უთხრეს, რომ მოძალადე გირაოს საფუძველზე უკვე გარეთაა, მაგრამ ბრალდებულის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერიო.

მსხვერპლმა როცა დამირეკა და მითხრა ეს ამბავი, ძალიან შიშობდა. ის მიიჩნევდა, რომ შემაკავებელი ორდერი არ იქნებოდა ეფექტიანი წინაღობა მისი უსაფრთხოების დასაცავად. მე ავუხსენი, რომ ეფექტიანი იქნებოდა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება. ამის შემდეგ მიმართა ქალმა შსს-ს და დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.

როგორც იცით, ელექტრონული ზედამხედველობა ერთი თვით გამოიყენება პირის მიმართ, თუმცა ერთი თვე დაამატეს შემდეგ. მსხვერპლს რომ არ მიემართა შსს-თვის, თავად სახელმწიფო არ დაუკავშირდებოდა და ამ შესაძლებლობას არ შესთავაზებდა“ ,– გვიყვება გოგა ხატიაშვილი.

მან რამდენიმე დღის წინ მიიღო საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების შესახებ. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი უწყებიდან სხვადასხვა მონაცემს ითხოვდა, მათ შორის ამას: რამდენ შემთხვევაში თქვეს ქალებმა უარი, მოძალადისთვის გაეკეთებინათ ელექტრონული სამაჯური, რომლის მიმღები აპარატიც მათთან დარჩებოდა?

გოგა ხატიაშვილს ასევე აინტერესებდა, რა ალტერნატივა შესთავაზა დაცვისთვის მსხვერპლ ქალებს შსს-მ, როცა მათ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე უარი თქვეს?

გოგა ხატიაშვილი

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შეკითხვას საერთოდ არ უპასუხა“, – გვიყვება გოგა ხატიაშვილი, – „როგორც ვიცი, ამ სახის სტატისტიკურ ინფორმაციას არ აღრიცხავენ, თუმცა პრაქტიკაში არის ეს შემთხვევები და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს. ცხადია, საინტერესოა, რის გამო ამბობს მსხვერპლი უარს. პირველი ის, რომ სამართალდამცველი მას არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას“, – მიიჩნევს იურისტი გოგა ხატიაშვილი.

უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს შსს-ს პრაქტიკაზე, როცა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად არ ქვეყნდება და სახელმწიფო არ დგამს ნაბიჯებს, ამ კუთხით ცნობიერება ამაღლდეს მინიმუმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით. შსს, მაგალითად, არ ასაჯაროებს მონაცემს: განმეორდა თუ არა ძალადობა, როცა მოძალადეს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს? 

„ზოგიერთ მსხვერპლს ასევე ჰგონია, რომ ზედამხედველობის გამოყენება ნიშნავს მის პირად ცხოვრებაში ჩარევას, რომ ასე მას უთვალთვალებენ. მსხვერპლის ნაწილს ჰგონია, რომ ამ აპარატს აქვს გამოსხივება და საშიშია ჯანმრთელობისთვის. ერთ საქმეში როგორც გავიგე, თავად გამომძიებელმა უთხრა მსხვერპლს, რომ აპარატს აქვს ბიოდენები. გაირკვა, რომ გამომძიებელსაც თურმე ასეთი წარმოდგენა ჰქონია ელექტრონული ზედამხედველობის აპარატთან დაკავშირებით“, – გვიყვება გოგა ხატიაშვილი.

საჯარო ინფორმაცია, რომელიც გოგა ხატიაშვილმა შსს-დან კანონით დადგენილი ვადების დარღვევით მიიღო, აღნიშნულია, რომ 2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯამურად 74 შემთხვევაშია გამოყენებული ელექტრონული სამაჯურები, აქედან 6 შემთხვევა – იანვრიდან აპრილის პერიოდში. 

2022 წელს შსს-მ ჯამურად 18 პირის მიმართ გამოიყენა ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება, 2021 წელს – 15 პირის მიმართ.

რა მიაჩნია შსს-ს ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების კუთხით გამოწვევად? რამდენ შემთხვევაში დაარღვია მოძალადემ ელექტრონული ზედამხედველობის პირობები, როცა მას ელექტროსამაჯური ჰქონდა დამაგრებული? – ამ და სხვა შეკითხვებით „ბათუმელებმა“ შსს-ს მიმართა. უწყების პრესცენტრში მხოლოდ წერილობით პასუხის გაცემას დაგვპირდნენ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

„ციფრების ზრდა გამოიწვია იმან, რომ 2023 წლის პირველი მაისიდან რისკის შეფასების განახლებული ინსტრუმენტი მოქმედებს. საუბარია ხელსაწყოზე, რომლის საფუძველზეც პოლიციელი იღებს გადაწყვეტილებას, ელექტრონული ზედამხედველობა დააწესოს თუ არა“ ,– შენიშნავს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი.

გოგა ხატიაშვილი შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, როცა შემაკავებელ ორდერებთან ერთად სამართალდამცველებმა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებაც დაიწყეს. მაშინ და ახლაც შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილებას სამართალდამცველი იღებს, ელექტრონული სამაჯურების გამოყენებაზე გამოცემულ ოქმი კი, გამოცემიდან 24 საათში მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს.

თუ პოლიციელი შემაკავებელი ორდერის გამოცემის საჭიროებას ხედავს, ის ვალდებულია შეავსოს კითხვარი, რომლითაც დგინდება, რამდენად არსებობს ძალადობის განმეორების რისკი. პოლიციელი რისკის შესაფასებლად ინფორმაციას იღებს მსხვერპლის გამოკითხვის გზით, ასევე საინფორმაციო ბაზებიდან, სადაც შეიძლება არსებობდეს ინფორმაცია მოძალადის შესახებ.

პოლიციელმა უკვე დამტკიცებული კითხვარის მიხედვით უნდა დაუსვას მსხვერპლს შეკითხვები, მაგალითად: მოძალადე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებით, მოკვლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც თქვენში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია? – 2023 წლის მაისიდან შეიცვალა ამ კითხვებზე მიღებული პასუხების შეფასების წესი. ამ კითხვაზე მსხვერპლის დადებითი პასუხი ნიშნავს ამჯერად იმას, რომ ძალადობის განმეორების არა საშუალო, არამედ მაღალ რისკთან გვაქვს საქმე.

უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი განმარტავს, რომ გაეროს ქალთა ფონდის უშუალო ჩართულობით და ამერიკელი ექსპერტების მხარდაჭერით, გაუმჯობესდა რისკის შეფასების მექანიზმი, რაც ნაბიჯია იმისკენ, რომ რისკის შეფასება მეტწილად ავტომატიზებული გახდეს.

„თუ ქულათა ჯამი 10-ზე დაბალია ამ კითხვარში, მაშინ ცალსახად ვერ დაწესდება ელექტრონული ზედამხედველობა, რადგან კანონი ამბობს, რომ ძალადობის განმეორების რისკის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული ეს ღონისძიება. 10-15 ქულამდე კი, პოლიციელი იღებს გადაწყვეტილებას, გამოიყენოს თუ არა ელექტრონული ზედამხედველობა.

15 ქულის და მეტის შემთხვევაში სავალდებულოა დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა.

ამჯერად გვაქვს რისკის ორი დონე: ძალადობის განმეორების რისკი და ძალადობის განმეორების მაღალი რისკი. თუ მანამდე კონკრეტულ კითხვაზე პასუხი იყო ერთქულიანი, ახლა ის სამქულიანია, საშუალო რისკის ზოგიერთი კითხვა კი გაუთანაბრდა მაღალი რისკის შეკითხვას. თუ რომელიმე ხუთქულიან შეკითხვას გაეცა დადებითი პასუხი, ეს ფასდება, რომ ძალადობის განმეორების მაღალი რისკია“, – გვიმარტავს გოგა ხატიაშვილი.

ცვლილება რისკების შეფასებაზე, რომელიც 2023 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა, შს მინისტრის ბრძანებაში შევიდა. ელექტრონული ზედამხედველობის პირობების დარღვევა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისგების საკითხია და ეს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა ერთი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. საერთო სასამართლოების, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარ არის, უზენაესი სასამართლოს ბოლო პერიოდის განჩინებებში კი ჩვენ ვერ ვიპოვეთ საქმე, რომელიც უშუალოდ მოძალადის მხრიდან ელექტრონული ზედამხედველობის პირობების დარღვევას შეეხება. 

„არ გვაქვს ინფორმაცია, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაარსში თუ არ შევიდა, ეს მუხლი [381-ე პრიმა ერთი] ითვალისწინებს პასუხისმგებლობას შემაკავებელი ან დამცავი ორდერის დარღვევისთვისაც. ამ მუხლით გამოძიების დაწყება აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ დარღვეულია ელექტრონული ზედამხედველობის პირობები.

პრობლემურია ასევე ამ შემაკავებელი ორდერების მონიტორინგი: როცა შსს გამოსცემს ორდერს, მას აქვს ვალდებულება, პერიოდულად აკონტროლოს მისი შესრულება. მონიტორინგის წესი, რაც შს მინისტრის 2018 წლის ბრძანებითაა განსაზღვრული, ითვალისწინებს მსხვერპლსა და მოძალადესთან კომუნიკაციას. ეს გულისხმობს მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილზე გეგმურ და არაგეგმურ ვიზიტებს. სამართლებრივი საფუძვლები გვაქვს, მაგრამ პრაქტიკაში ეს სრულყოფილად არ სრულდება. მსხვერპლებთან გასაუბრება აჩვენებს, რომ მხოლოდ ტელეფონით უკავშირდებიან მათ, ძირითადად ელიან მსხვერპლის მხრიდან ინფორმაციის მიღებას…

2018 წელს, როცა ამოქმედდა შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის წესები, მაშინ პოლიციამ ინტენსიურად დაიწყო მონიტორინგი და ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა თავად პოლიციამ გამოავლინა ორდერის დარღვევის შემთხვევა“ ,– ამბობს გოგა ხატიაშვილი.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე შსს-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო ამტკიცებს.

„მოსამართლეს არ აქვს კონკრეტული ხელსაწყო, მან კანონის და მინისტრის ბრძანებაზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს რისკების საფრთხის რეალურობა.

როგორც პრაქტიკიდან ჩანს, უმეტეს შემთხვევაში მოსამართლეები ამტკიცებენ ელექტრონულ ზედამხედველობას, თუმცა არის გამონაკლისები. მაგალითად, სასამართლომ ერთ-ერთ შემთხვევაში უარი თქვა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე, რადგან ოქმში მისი შევსების ზუსტი თარიღი მითითებული არ იყო. პოლიციელმა ეს ახსნა ტექნიკური ხარვეზით, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია დარღვევად, რადგან, როგორც ცნობილია, ოქმი 24 საათში უნდა შეეტანათ სასამართლოში.

თითქოს კანონმდებლობა დაიხვეწა ამ კუთხით, თუმცა პრაქტიკაში მთავარი გამოწვევა ისევ არის ის, რომ მსხვერპლის რეალურ საჭიროებებზე ნაკლებად არის ეს მექანიზმი ორიენტირებული“, – დასძენს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი.

_____________________

სტატია მომზადებულია USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი