საზოგადოება

გელა მთივლიშვილი მოსამართლე შჩერბაკოვმა 2 ათასი ლარით დააჯარიმა

31 იანვარი, 2024 •
გელა მთივლიშვილი მოსამართლე შჩერბაკოვმა 2 ათასი ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

გელა მთივლიშვილი პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის 1-ში ხატიაშვილების გამოსახლებისას, იმ დროს დააკავა, როცა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას იღებდა.

გელა მთივლიშვილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთივლიშვილი უარყოფს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. პირიქით, მისი განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები  მანქანაში გუდავდნენ, აგრესიულად ექცეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.


ვიდეოს იღებს გელა მთივლიშვილი, რომელსაც პოლიცია უმიზეზოდ აკავებს

გელა მთივლშივილმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციამ სრულიად უმიზეზოდ დააკავა. ჟურნალისტი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს, შემდეგ კი საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც წაიღებს. მთივლიშვილი ასევე მოითხოვს სამართალდამცავთა პასუხისგებაში მიცემას მის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის გამო.

ნინო შჩერბაკოვი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე


მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი, რომელმაც მთივლიშვილი სამართალდამრღვევად ცნო, ის მოსამართლეა, რომელმაც 2023 წლის მარტში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული „პუბლიკისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტები 2200-2200 ლარით დააჯარიმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი