ახალი ამბები

საია „ლიბერთი ბანკს“ მოუწოდებს, საპენსიო სესხის პირობებს გადახედოს

22 იანვარი, 2024 •
საია „ლიბერთი ბანკს“ მოუწოდებს, საპენსიო სესხის პირობებს გადახედოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „ლიბერთი ბანკს“ მოუწოდებს, საპენსიო სესხის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს გადახედოს.

საიას ცნობით, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში საპენსიო სესხით/ოვერდრაფტით მოსარგებლე პენსიონერთა რაოდენობა 305 255 პირს შეადგენს.

მათივე განცხადებით, მზარდია პენსიონერ მსესხებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე საჩივრების წარდგენის მაჩვენებელი. საიას თანახმად, მხოლოდ 2023 წელს 1 440 განაცხადი/საჩივარი იყო წარდგენილი საქართველოს ეროვნულ ბანკში საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია.

როგორც საია აცხადებს, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები პრობლემურია. ორგანიზაციის შეფასებით,  ხელშეკრულებაში არსებობს სხვა მძიმე პირობებიც, რომლებიც პენსიონერებს სრულიად უსამართლო და დაუცველ პირობებში აყენებს.

„აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს, 2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში, საპენსიო სესხების გადავადების შემთხვევები „ლიბერთი ბანკის“ მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებით მოხდა. პენსიონერებმა ბანკისაგან მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ თუ არ სურდათ სესხის გადავადება, უნდა ეცნობებინათ ბანკისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ავტომატურად ისარგებლებდნენ ე. წ. საშეღავათო პერიოდით. ამ პროცესში მსესხებელთა უმეტესობისთვის არ იყო განმარტებული, თუ რა რისკებთან და პირობებთან იყო დაკავშირებული სესხების გადავადება.

შედეგად, საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო მათ მნიშვნელოვნად გაეზარდათ გადასახდელი თანხის ოდენობა და ხანგრძლივობა. ხშირ შემთხვევაში 2-3- თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო მათ რამდენიმე წლითაც კი გაეზარდათ სესხის დაფარვის ვადა“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ამასთან, საია აღნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“, როგორც სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) გამცემი ერთადერთი საბანკო დაწესებულება, სხვა ბანკებთან შედარებით სარგებლობს უპირატესობით.

ორგანიზაციის განცხადებით, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობის მიხედვით, სასესხო ვალდებულების არსებობისას პენსიონერს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უკავებს პენსიას, მანამ, სანამ ვალდებულება სრულად არ დაიფარება.

როგორც საიას აცხადებს, ხშირ შემთხვევაში ეს ვალდებულება რამდენჯერმე აღემატება სესხის ძირითად თანხას და არც ამ პროცესში აქვთ პენსიონერებს შესაბამისი ინფორმაცია მიღებული საბანკო დაწესებულებიდან.

„აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონსაც და სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასაც. ბანკის წინააღმდეგ ამ საკითხებთან დაკავშირებით არაერთმა პენსიონერმა უკვე მოიგო სასამართლო დავა, თუმცა, სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიუხედავად, არ იცვლება ხელშეკრულების უკვე მრავალჯერ ბათილად ცნობილი პირობები და უკანონო პრაქტიკა“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ამასთან, საიას ცნობით, დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ბანკი მსესხებლებს არ აძლევს მათთან დადებულ ხელშეკრულებებს, იმ მიზეზით, რომ არქივში ვერ მოიძებნა შესაბამისი დოკუმენტი.

როგორც საია აცხადებს, მათ მიერ პენსიონერებისათვის გაწეული სამართლებრივი დახმარების პროცესში გამოიკვეთა არაერთი სისტემური, მათ შორის, საკანონმდებლო პრობლემა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულ რეაგირებას მოითხოვს. კერძოდ:

  • პენსიონერებს პენსიის დანიშვნის ეტაპზე არ განემარტებათ პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები.
  • პენსიონერებისათვის პენსიის დანიშვნის ეტაპზე პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების განმარტების საკითხი საკანონმდებლო დონეზე არასრულყოფილად არის მოწესრიგებული. ხშირია პრაქტიკა, როდესაც არასათანადო ინფორმირება პენსიის შეჩერების ან/და შეწყვეტის საფუძველი ხდება. ინფორმირების არარსებობის პირობებში, პენსიონერებს არც შესაძლო გართულებების თავიდან არიდება შეუძლიათ და უფლებების დაცვისთვის სასამართლოში უწევთ ხანგრძლივი დავის დაწყება, რაც მათთვის მძიმე ფინანსური ტვირთია.

პრობლემური პრაქტიკის გამოსწორების მიზნით, საია მოუწოდებს:

სოციალური მომსახურების სააგენტოს:

  • შეიმუშაოს სპეციალური წესი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება პენსიის დანიშვნისას პენსიონერებისათვის მათი უფლებებისა და მოვალეობების განმარტების პროცედურა. კერძოდ, განისაზღვროს პენსიონერებისათვის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაციის წერილობითი ფორმით მიწოდების ვალდებულება.

საქართველოს ეროვნულ ბანკს:

  • სათანადო და დროული რეაგირება ჰქონდეს პენსიონერების მიერ შეტანილ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ბანკის მიერ მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს;
  • წარდგენილი განცხადებებიდან გამოიკვეთოს ის სისტემური ხარვეზები, რომლებიც არსებობს საპენსიო სესხებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მოახდინოს ეფექტიანი კონტროლი საბანკო დაწესებულების საქმიანობაზე.

„ლიბერთი ბანკს“:

  • გადახედოს საპენსიო სესხის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. ამ პროცესში მხედველობაში მიიღოს ამ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა;
  • შეიცვალოს სასესხო ვალდებულებების გამო სასამართლოს განჩინების/ გადაწყვეტილების გარეშე საპენსიო თანხების დაქვითვის უკანონო პრაქტიკა;
  • პენსიონერებს დროულად და სრულად მიეწოდოთ ის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია მათთან;
  • საბანკო პროდუქტების შეთავაზებისას პენსიონერებს სახელშეკრულებო პირობები სრულად და ამომწურავად განემარტოთ. შეთავაზება და პირობების განმარტება განხორციელდეს მათი ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

საიას მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ, ნეტგაზეთი „ლიბერთი ბანკს“ დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი