საზოგადოება

საეჭვო წამლების შემოტანის სქემაში, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული – აზარაშვილი

4 მარტი, 2024 • 14837
საეჭვო წამლების შემოტანის სქემაში, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული – აზარაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც “საეჭვო ქვეყნიდან” ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება.

აზარაშვილის თქმით, ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში.

ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს, სადაც თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს.

„სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა, რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება. დაზოგვის ეფექტის გათვალისწინებით კი ონკოლოგიის ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 350 მლნ ლარამდეა, რაც 2012 წლისთვის მხოლოდ 20 მლნ ლარი იყო“, – წერს აზარაშვილი.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს.

აზარაშვილი, რომელიც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან „მართვის და კომუნიკაციის კუთხით” პრობლემების გამო გადააყენა, თავის საქმიანობის ანგარიშის შესახებ ვრცელ პოსტს სწორედ იმით იწყებს, რომ „ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ, გვავიწყდება“.

ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა – აზარაშვილი


ზურაბ აზარაშვილი მინისტრის თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. შემდგომში თავის კაბინეტში ირაკლი კობახიძემაც დაასახელა, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებიდან რამდენიმე კვირაში პოსტი დატოვა სწორედ “კობახიძესთან საუბრის შემდეგ”.

უკვე ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძეს წინა მთავრობისაგან განსხვავებული ხედვა აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. მან შეაჩერა თბილისის ცენტრში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კლინიკაში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი და განაცხადა, რომ საავადმყოფო არ დაინგრევა, სანამ ახალი შენობა არ აშენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი