ახალი ამბები

ონკოპაციენტები მინისტრს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

10 აპრილი, 2024 • 961
ონკოპაციენტები მინისტრს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

როგორც კავშირის „სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე ამბობს, გუშინ, 9 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მინისტრი კრიტიკამ წყობიდან გამოვია და ონკოპაციენტებს ჩხუბი და ყვირილი დაუწყო:

„მინისტრმა დაგვიწყო ჩხუბი ონკოპაციენტებს, როდესაც ვუყვებოდით ჩვენს პრობლემებს და ერთ-ერთმა ჩვენგანმა გააკრიტიკა ბატონი მიხეილი, რომელიც გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყო ყვირილი. ყვირილი ნამდვილად არ არის ზრუნვა“ ,— ამბობს აფხაიძე ტელეკომპანია „პირველთან“.

პროტესტში მონაწილე ერთ-ერთი ონკოპაციენტი აცხადებს, რომ მინისტრის გაღიზიანება კონკრეტულ საკითხებზე კითხვების დასმამ გამოიწვია და მინისტრმა მათ მოუწოდა, „ეს თემა არ გააპოპულარულონ“:

„ძალიან დიდი ბოდიში, ბატონო მიხეილ, რომ კიბო არის ისეთი დაავადება, რომელიც უცებ არ გვკლავს და გარკვეულ ეტაპებს გავდივართ, სანამ მივალთ სიკვდილამდე და თქვენ ამაში ხელს გვიწყობთ ძალიან კარგად თქვენი არასწორი დამოკიდებულებებით ჩვენ მიმართ — ყვირილით, ჩხუბით. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო ამაზრზენი საქციელი, ეს იყო ფაქტობრივად გაჩუმება ადამიანის, რომელსაც აინტერესებდა კითხვებზე პასუხები.

კითხვა დავუსვი, ვუთხარი რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და თქვენ იმისთვის ხართ აქ, ჩვენთან კონფრონტაციაში შემოხვიდეთ და ამ თემას ნუ გააპოპულარულებთო, ანუ ონკოპაციენტების თემა არ უნდა იყოს პოპულარული, ჩუმად უნდა მოვკვდეთ, არ ვიცი, წამალს ვინ მოგვცემს? სერვისებს ვინ დაგვიფინანსებს? ჩუმად თუ ვიქნებით, ვინ რას გაგვიკეთებს“, — აცხადებს ონკოპაციენტი ტელეკომპანია „პირველთან“.

დილას გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ 18:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში ბრიგინფი დაინიშნა, სადაც მიხეილ სარჯველაძემ განცხადა, რომ მისთვის უპირატესი პაციენტების ინტერესებია და „ღია კარის მტვრევა“ საჭირო არ არის:

„ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილი. ეს არის მთავარი რამ, რაზეც იმუშავებს ჩვენი სამინისტრო. ეს მინდა კარგად იცოდეს ყველამ. ასევე, ყველამ მინდა კარგად იცოდეს, რომ არცერთ პაციენტთან კომუნიკაციის და მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც შემეშლება არც ამიერიდან.

არც ჩემი მსოფლმხედველობით და არც ქცევით საპირისპიროს თქმის მიზეზი არავისთვის არასდროს მიმიცია. მინდა ყველა პაციენტმა კარგად იცოდეს, რომ ვმუშაობ, რათა არცერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა. ეს სამინისტროს მოვალეობაა და უნდა იცოდეს ყველა თანამშრომელმა, კლინიკამ და პაციენტმა. ყველა თავად გადაწყვეტს, ვინ, რა გზით, რას მოითხოვს, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამის საჭიროება- ან პეტიციისა, ან აქციების ჩატარებისა- ობიექტურად არ იარსებებს პაციენტისა და სამინისტროს ურთიერთობაში“ ,— ამბობს სარჯველაძე.

რაც შეეხებ გუშინდელ შეხვედრას, მინისტრი აცხადებს, რომ ორსაათიან შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ონკოპაციენტები, ასევე სხვა პირებიც, თითოეული პაციენტის კონკრეტული სატკივარი მოისმინა და მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს:

„რაც შეეხება იმ კონკრეტულ შეხვედრას, დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც პაციენტები, ასევე არაპაციენტები. თითოეული პაციენტის კონკრეტული სატკივარი მოსმენილ იქნა და სამინისტრომ დაიწყო ინტენსიურად მუშაობა. დიდი ნაწილი ამ საკითხების უკვე მოწესრიგებულია და გაგრძელდება მუშაობა. ასეთი ინფორმაცია და დამოკიდებულებები ხელს ვერ შეგვიშლის, რომ განვაგრძოთ ინტენსიური მუშაობა თითოეული პაციენტის ინტერესების დასაკმაყოფილებლად“ ,— აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.


ონკოპაციენტები უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მოითხოვენ 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას. მათ არაერთი აქცია გამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთან, მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის განსაზღვრულ წლიურ 25 000-ლარიან ლიმიტს მედიკამენტების ხარჯები გამოეყოფა. ეს მედიკამენტები სხვა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდება. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, ვისაც ამ დროისთვის უკვე ამოწურული აქვთ აღნიშნული ლიმიტი.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი