ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის წინ ონკოპაციენტები ღამეს ათევენ

8 აპრილი, 2024 • 638
მთავრობის ადმინისტრაციის წინ ონკოპაციენტები ღამეს ათევენ

მთავრობის ადმინისტრაციის წინ ონკოპაციენტები ღამეს ათევენ. დღეს, 8 აპრილიდან ისინი 24-საათიან პროტესტზე გადავიდნენ.

ონკოპაციენტები ითხოვენ, 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და პერსონალიზებულ მედიცინას, რაც გულისხმობს როგორც გეგმური და წინასწარი კვლევების, ასევე ყველა, სიცოცხლისთვის აუცილებლად საჭირო მედიკამენტის როგორც ფიზიკურ, ასევე ფინანსურ ხელმისაწვდომობას.

ამავდროულად, ონკოპაციენტები ითხოვენ მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას გადადგომას. მათი თქმით,  12 მარტის შეხვედრაზე სწორედ თამარ გაბუნიამ განუცხადა მათ, რომ მედიკამენტების დეფიციტი მოხსნილია. მათი თქმით,  ეს სიმართლეს არ შეესაბამება და დღესაც ქვეყანაში კვლავ არის მედიკამენტების დეფიციტი.

„ჩვენ გვჭირდება მზრუნველი, პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი ადამიანებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გულისყურით მოეკიდება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოწყვლადი ფენის – ონკოპაციენტების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას.

ვითხოვთ სამუშაო ჯგუფში ჩართულობას და რედაქციას, რათა არ განმეორდეს იგივე პროცესი და შემდგომი ცვლილებები უამრავი ხარვეზით არ დამტკიცდეს“, – აცხადებენ ონკოპაციენტები.

როგორც ონკოპაციენტები აცხადებენ, უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.


ონკოპაციენტები უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მოითხოვენ 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმებას. მათ არაერთი აქცია გამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთან, მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის განსაზღვრულ წლიურ 25 000-ლარიან ლიმიტს მედიკამენტების ხარჯები გამოეყოფა. ეს მედიკამენტები სხვა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდება. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, ვისაც ამ დროისთვის უკვე ამოწურული აქვთ აღნიშნული ლიმიტი.

ამავე თემაზე:

ფოტო: FB / გვანცა აფხაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი