“150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება” – საქართველოს მთავრობის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.
ნათია თურნავას განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.
დღეისათვის ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის სესხებს 25.5%-ში (ეფექტური განაკვეთი უფრო მეტიც იქნება) გასცემს. შესაბამისად, ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ იმ პენსიონერებს, რომლებმაც სესხი წინა წლებში აიღეს, პროცენტი 25.5%-მდე შეუმცირდებათ. თურნავას თქმით, ამ ადამიანებს სესხი ამჟამად გაცილებით მაღალ პროცენტში აქვთ, 30% და ზევით. ინიციატივა შეეხება ოვერდრაფტებსაც.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.
მთავრობის ცნობით, საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა.
საპენსიო სესხების მაღალ პროცენტში გაცემის პრაქტიკის გამო „ლიბერთი ბანკი“ წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. მათ შორის სახალხო დამცველიც მიუთითებდა, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებდა სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ „გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა“.
საპენსიო სესხები წლების განმავლობაში მართლაც სხვა სამომხმარებლო სესხებზე მაღალ პროცენტში გაიცემოდა და გაიცემა. სახალხო დამცველის თანახმად, 2022 წელს „საპროცენტო განაკვეთის დადგენილი რაოდენობის შედეგად (30.69%), ბანკისთვის უკან გადასახდელი თანხა, საბოლოოდ, სესხის სახით მიღებულ პირვანდელ თანხას დაახლოებით 75%-ით აღემატებოდა.
როგორც მოძრაობა „ხმის“ წევრი, ვაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც პენსიონერებისთვის გაცემული სესხების ხელშეკრულებები შეისწავლა, „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნავს, 2012-2013 წლებში ამგვარი სესხების საპროცენტო განაკვეთი 100-დან 200 პროცენტამდე იყო, 2014 წელს 53-დან 80 პროცენტამდე მერყეობდა, 2017 წელს კი 41-დან 50%-მდე შეადგენდა. 2018 წლიდან საპენსიო სესხის გაცემის პროცენტი 43.55%-მდე შემცირდა.
2022 წელს სახელმწიფომ სოციალური შემწეობის დარიგებაზე კომერციული ბანკებისთვის ხელახლა გამოაცხადა ტენდერი, სატენდერო პირობებით განისაზღვრა, რომ ბანკი, რომელიც კონკურსში გაიმარჯვებდა, ვალდებული იყო, საპენსიო სესხები რეფინანსირების განაკვეთი +15%- პროცენტიანი ზღვრით გაეცა, შესაბამისად, 2023 წლის იანვრიდან ამგვარი სესხების საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრად 26% განისაზღვრა (იმ პერიოდისთვის რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტს შეადგენდა, ამჟამად კი 10.5 პროცენტია). ტენდერში კვლავ „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა.