ახალი ამბები

ტაშსაც დაგიკრავთ, ოღონდ პენსიონერებს ერთჯერადად გავუსტუმროთ დავალიანება – კირკიტაძე მთავრობას

21 თებერვალი, 2024 • 849
ტაშსაც დაგიკრავთ, ოღონდ პენსიონერებს ერთჯერადად გავუსტუმროთ დავალიანება – კირკიტაძე მთავრობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, საპენსიო სესხები ერთჯერადად უნდა განულდეს.

ამის შესახებ მან დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვინერვიულებთ, რაც გნებავთ, ის დაარქვით, თქვით, რომ ეს არის თქვენი ინიციატივა. პირობას გაძლევთ, ტაშსაც დაგიკრავთ, ოღონდ გადავდგათ ეს ნაბიჯი და პენსიონერებს ერთჯერადად გავუსტუმროთ დავალიანება, მოვუხსნათ ეს მძიმე უღელი, რომლის გადახდაც ყოველთვიურად უწევთ. რაც გნებავთ, ის იყოს.

ბედნიერად ჩავთვლი თავს, თუ ერთხელ კიდევ დაგაფიქრებთ, რომ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებლად მისაღებია, მიგაახლოვეთ მაინც.  ადრე თუ გვიან, ეს გადაწყვეტილება მისაღები მაინც გაგვიხდება, რადგან ნამდვილად არ იმსახურებენ ჩვენი პენსიონერები, „ლიბერთი ბანკი“ მათ ძარცვავდეთ“, — განაცხადა დავით კირკიტაძემ.


„ლიბერთი“ ერთადერთი ბანკია, რომელიც საქართველოში პენსიებს გასცემს. 2022 წელს ბანკმა უკონკურენტოდ, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა ტენდერში. პენსიების გაცემისთვის „ლიბერთი“ სახელმწიფოსგან ყოველწლიურად იღებს 15 მილიონს.

საპენსიო სესხი, რომელსაც ბანკი მომხმარებელს სთავაზობს, საქართველოში პენსიონერებისთვის სტანდარტულთან შედარებით უფრო მაღალ პროცენტში გაიცემა. შარშან მთავრობამ საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი 26%-ზე დააწესა.

მანამდე პენსიით აღებულ სესხში პენსიონერები 30 პროცენტზე მეტსაც იხდიდნენ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი