საზოგადოება

რას (არ) ცვლის ომისთვის ზალუჟნის სირსკით ჩანაცვლება – 2 ქართველი გენერლის მოსაზრება

9 თებერვალი, 2024 • 7510
რას (არ) ცვლის ომისთვის ზალუჟნის სირსკით ჩანაცვლება – 2 ქართველი გენერლის მოსაზრება

8 თებერვალს  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა უკრაინის არმიის ხელმძღვანელობაში – სრულმასშტაბიანი ომიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, ჯარის მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ჩაანაცვლა ოლექსანდრ სირსკიმ.

ამას წინ უძღოდა მედიაში არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია ზელენსკისა და ზალუჟნის კონფლიქტზე. თუმცა ორივე მხარე ამას საჯაროდ უარყოფდა.

ამ სტატიაში ვაანალიზებთ, რას ნიშნავს ომის შემდგომი მიმდინარეობისთვის სირსკის დანიშვნა და როგორია მისი საბრძოლო გამოცდილება.

„კარიერა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გააგრძელა“

ოლექსანდრ სირსკი 1965 წლის 26 ივლისს რუსეთში დაიბადა. მოსკოვში დაასრულა საერთო-საჯარისო სასარდლო უმაღლესი სასწავლებელი და 1986 წლიდან მსახურობდა მოტომსროლელთა ოცეულის მეთაურად. ამგვარად, ვალერი ზალუჟნისგან განსხვავებით, მან სამხედრო სამსახური ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარში დაიწყო. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, რუსეთში დაბრუნებას ამჯობინა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურების გაგრძელება.

რუსული გამოცემა „კომერსანტი“ აღნიშნავს, რომ სირსკის მშობლები და ძმა ახლაც რუსეთში ცხოვრობენ და პუტინის მხარდამჭერები არიან, რის გამოც უკრაინის ძალების ახალ მთავარსარდალს მათთან ურთიერთობა არ აქვს.

„ხელმძღვანელობდა კიევის დაცვას“

რუსეთის მიერ 2014 წელს საომარი მოქმედებების დაწყებისას სწორედ სირსკი ჩაუდგა უკრაინის გამოცხადებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას („ატო“) ქვეყნის აღმოსავლეთით. 2015 წელს, როცა უკრაინული ძალები დებალცევოსთან ალყაში მოხვდნენ, მათი უკან დახევის კოორდინაცია სირსკიმ ჩაატარა. ამისთვის მას ბოგდან ხმელნიცკის მესამე ხარისხის ორდენი მიანიჭეს. 2019 წელს სირსკი დაინიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვეითი ჯარის სარდლად.

სირსკის სამხედრო გამოცდილება რუსეთთან სრულმასშტაბიან ომსაც მოიცავს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, სწორედ იგი ხელმძღვანელობდა დედაქალაქის, კიევის დაცვას.

„მისი განკარგულებით ააფეთქეს ხიდები და დამბა. როგორც მრავალი სამხედრო მიმომხილველი მიიჩნევს, ამან მნიშვნელოვნად გაართულა რუსული ჯარის წინსვლა“, – წერს გამოცემა.

კიევის ოლქიდან რუსული ძალების უკან დახევის შემდეგ, სირსკის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.

2022-23 წლებში მან სხვა ოპერაციებშიც მიიღო მონაწილეობა – უკრაინელთა წარმატებული იერიში ხარკოვის ოლქში, რომლის შედეგადაც რუსებმა უკან დაიხიეს. იგი ხელმძღვანელობდა ბახმუტისა და სოლედარის დაცვასაც. მიუხედავად უკრაინელთა დანაკარგებისა, სირსკი ამბობდა, რომ ამ ქალაქების ასეთმა თავდაცვამ დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის სამხედრო პოტენციალს და დაასუსტა „ვაგნერი“.

საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე, სირსკის ასეთ მიდგომას შეცდომად მიიჩნევს. იგი ამბობს, რომ ბახმუტის ასეთ დაცვას მხოლოდ ემოციური მნიშვნელობა ჰქონდა: „რუსებმა ბახმუტში ციხეებიდან გამოყვანილი ხალხი აბრძოლეს, უკრაინელებმა კი საუკეთესო მებრძოლები და მნიშვნელოვანი რესურსი დაკარგეს“.

უკრაინელთა ახალმა მთავარსარდალმა უკვე გამოაქვეყნა პირველი საჯარო განცხადება და თავის გეგმებსა და ჯარის ამოცანებზე ისაუბრა. სირსკის განცხადებით, ესენია:

  • ლოგისტიკისთვის – მებრძოლთათვის ყველაფერი აუცილებლის უსწრაფესი და რაციონალური განაწილება და მიტანა;
  • სამხედროებისთვის – კვალიფიკაციის ამაღლება, ფრონტის საჭიროებებისა და ყოველ მონაკვეთზე ვითარების ცოდნა;
  • ტექნოლოგიურად – ახალი ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვა, წარმატებული გამოცდილების გაზიარება, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების სისტემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სფეროებში.

„ომში მთავარსარდლის ცვლილება, რა თქმა უნდა, პრობლემაა“

ზალუჟნის ნაცვლად სირსკის დანიშვნის შემდეგ დიდ ცვლილებებს არ ელის გიორგი სურმავა, ბრიგადის გენერალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე.

მისი თქმით, მომხდარი უფრო პოლიტიკურია და არა სამხედრო ცვლილება [მედიაში საკმაო ხანია აქტიურად იწერება პრეზიდენტ ზელენსკისა და ზალუჟნის უთანხმოებაზე. საჯაროდ, ორივენი ამას უარყოფენ]. იგი ხაზს უსვამს, რომ უკრაინელთა სტრატეგიის ცვლილებას არა მარტო ხელმძღვანელობის, არამედ მოცემულობის ცვლილებაც სჭირდება – მაგალითად, ახალი იარაღის, F-16 თვითმფრინავების მიღება.

სტრატეგიის ცვლილებას არ მოელის არც ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი. მისი მოსაზრებით, მთავარსარდლის ცვლილება უფრო პრეზიდენტ ზელენსკის პირადი პრეფერენციების შედეგია – „როგორც ვიცი, ზელენსკი უშუალოდ მასთან კონტაქტობდა, არა ზალუჟნისთან“.

რაც შეეხება ომის მიმდინარეობისას ჯარის მთავარსარდლის ცვლას, ამას დადებით მოვლენად არ მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეც ხდება ხოლმე და ისტორიიდან იხსენებს პრეცედენტებს, მაგალითად, პრეზიდენტ ჰარი ტრუმენისა და გენერალ დაგლას მაკარტურის კონფლიქტს [ტრუმენმა კორეის ომის მიმდინარეობისას დაითხოვა მაკარტური].

„თუმცა, თუკი ცვლილებების დროა, ახლა ყველაზე კარგი მომენტია, ვინაიდან საომარმა მოქმედებებმა სტატიკური ხასიათი მიიღო, რაც იძლევა შიდა ამბების დარეგულირების საშუალებას. [..] ორი აზრი არ არსებობს – ზალუჟნი თანამედროვეობის თვალსაჩინო სამხედრო მოღვაწეა, მაგრამ თუ დაძაბულობა იყო, ჯობია ასეთი დაშორებით დამთავრებულიყო ყველაფერი“, – ეუბნება იგი „ნეტგაზეთს“.

მთავარსარდლის შეცვლის პრობლემურობაზე საუბრობს გიორგი სურმავაც. „რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა – [იმ შემთხვევაში], თუ, ასე ვთქვათ, რამე პრობლემები არ იქმნება, რაც [მთავარსარდლის] შეცვლას მოითხოვს… აქედან, [არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით], ვერ ვხედავდი მსგავს პრობლემას“, – აღნიშნავს სურმავა „ნეტგაზეთთან“.

ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს ამერიკელ გენერალს, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული არმიის ყოფილი მეთაურ მარკ ჰერტლინგს. ტვიტერზე გამოქვეყნებულ სტატიაში იგი წერს, რომ ზალუჟნი დიდი ალბათობით ფიზიკურად, ემოციურად და გონებრივად გამოიფიტა.

“ამისდა მიუხედავად, ბოლო ორი წელია, იგი ოსტატურად ართმევს თავს საქმეს. მას შეისწავლიან, როგორც დიად სამხედრო ლიდერს, რომელმაც კრიზისისას თავის გამოიჩინა. დროა, საქმე ხელში ახალმა სარდალმა აიღოს. კარგი გადაწყვეტილებაა კამპანიის ახალ ფაზაში ახალი სისხლის გამოყენება”, – წერს ჰერტლინგი.

„ძველი, საბჭოთა სკოლის წარმომადგენელი?“

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელსაც ხაზს უსვამენ, ისაა, რომ ზალუჟნის არ უმსახურია საბჭოთა ჯარში და არც საბჭოთა სამხედრო სკოლა აქვს გამოვლილი, ოლექსანდრ სირსკისგან განსხვავებით.

„სისხლით და ხორცით სისტემის ნაწილია. ძველი, ეგრეთ წოდებული საბჭოთა სკოლის წარმომადგენელი“, – ეუბნება „ლიგას“ უკრაინის გენშტაბის ყოფილი სპიკერი, ვლადისლავ სელეზნიოვი.

სირსკის საბჭოთა განათლების მიუხედავად, საქართველოს გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, გიორგი სურმავა, არ მიიჩნევს, რომ მასსა და ზალუჟნის შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

„არა მგონია, დიდი განსხვავება იყოს. მეც უკრაინის ეროვნული თავდაცვის აკადემია მაქვს დამთავრებული. მაშინაც, მაგ პერიოდში [2000-იან წლებში], ფაქტობრივად ეს იყო საბჭოთა სკოლის გაგრძელება. ვერ ვიტყვი, რომ რამით ნაკლები იყო, ცოტა მიდგომებია სხვადასხვანაირი. სირსკიც უწყობს ფეხს თანამედროვე მიდგომებს. არა მგონია, ბრმად მიმდევარი იყოს ძველი, საბჭოთა დოქტრინების. ის იყო ამ [ზალუჟნის] სისტემის ნაწილი და მისგან განსხვავებულად ცალკე ვერ იმოქმედებდა“, – აღნიშნავს იგი.


ამერიკელი გენერალი ხსნის, მისი აზრით რატომ შეცვალეს ზალუჟნი

მასალების გადაბეჭდვის წესი