საზოგადოება

„საინტერესო მოთამაშეა“ – მელიამ „ენმ“ დატოვა. რას ცვლის ეს ქართულ პოლიტიკაში?

12 დეკემბერი, 2023 • 1467
„საინტერესო მოთამაშეა“ – მელიამ „ენმ“ დატოვა. რას ცვლის ეს ქართულ პოლიტიკაში?

ბათუმი, ხობი, ზუგდიდი, კასპი, ქუთაისი – ეს არასრული სიაა იმ მუნიციპალიტეტებისა, რომელთა საკრებულოებშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] დეპუტატთა ნაწილმა, ისევე როგორც რაიონული ორგანიზაციის წევრებმა, ყოფილი მმართველი პარტია დატოვეს.

მათთან ერთად, ენმ-ს ნიკა მელიაც დაემშვიდობა – ყოფილი თავმჯდომარე და პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე ბოლო წლებში. იგი ახალ ხელმძღვანელობასთან საკმაო ხანი იყო კონფლიქტში და პარტიიდან წასული სხვა წევრების მსგავსი პრეტენზიები და ბრალდებები აქვს, მათ შორის მთავარია  ჩრდილოვანი მმართველობა [რომლის გამოც ოპოზიცია მმართველ „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს] დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მონაწილეობით.

მელიამ თქვა, რომ წარსულს ტოვებს უკან და მიდის წინ, მომავალში. თქვა ისიც, რომ იგი მალევე აპირებს ახალი პარტიის დაფუძნებას. თუმცა ჯერჯერობით პასუხებზე მეტი კითხვები არსებობს: როგორი შეიძლება იყოს ეს მომავალი მისთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ოპოზიციური სპექტრისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის…

„მეორე დიდი გაყოფა“ – ისტორია მეორდება?

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ პარტიიდან ლიდერების გასვლა არახალია – 2020-ში პარტიის რიგები მისმა მაშინდელმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემაც კი დატოვა. თუმცა აქამდე პროცესს მასობრივი ხასიათი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა – კერძოდ კი, 2017 წელს, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ცნობილი წევრების და დეპუტაციის უდიდესი ნაწილი გამოეყო და „ევროპული საქართველო“ დააფუძნა.

პოლიტიკის ანალიტიკოსები და კომენტატორები, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, ხედავენ მსგავსებებს ამ ორ გაყოფას შორის, თუმცა უფრო განსხვავებებზე მიუთითებენ. იმაზე კი თანხმდებიან, რომ პარტია ახლაც დასუსტდა წევრების ნაწილის დაკარგვის გამო.

„პარტია გაიყო – ეს არის მეორე დიდი გაყოფა. ეს სერიოზულად დაასუსტებს ნაცმოძრობას, შეიძლება უფრო მეტად, ვიდრე პირველი [გაყოფა 2017 წელს]“, – გვითხრა პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ნოდიამ.

გია ნოდია / ფოტო: Georgian Strategic Analysis Center

2017-ისა და 2023-ის გაყოფებში უფრო მეტ განსხვავებას ხედავს გია ხუხაშვილიც. პირველ შემთხვევაში იგი „პოლიტიკური ელიტის“, მეორეში კი – „ელექტორატის წასვლაზე საუბრობს“ და აღნიშნავს:

„[2017-შ] წავიდა პოლიტიკური ელიტის ნაწილი. ამ შემთხვევაში კი წავიდა ელექტორატი, ადგილებზე დაიწყო პროცესები, ბევრი რამ მოხდა ისეთი, რის გამოც განსხვავება დიდია.

საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ელიტის წასვლა-წამოსვლა არ წყვეტს პერსპექტივებს. წყვეტს მხარდამჭერების მასა. ვფიქრობ, მელიას გადაჰყვა ამომრჩეველი, რაც არ მოხდა 2017 წელს. ეს არაა ელიტის გასვლა, ეს არის პარტიის გაყოფა“.

თუმცა აღსანიშნავია, რომ გაყოფის შემდეგ ევროპულმა საქართველომ თვითმმართველობების არჩევნებში 10%-ზე მეტი მიიღო მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წელს [ენმ-მ 17%], მათმა თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ – 7%. ერთი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში ევსაქების კანდიდატმა დავით ბაქრაძემ თითქმის  11% მიიღო. მათმა რეიტინგმა კლება 2020 წელს დაიწყო.

გია ნოდია საუბრობს ორი გაყოფის ძირეულ განსხვავებაზე – როგორც იგი ამბობს, თუკი 2017 წელს გასაგები იყო, კონკრეტულად რა განასხვავებდა გაყოფილებს, 2023-ში ეს ასე არაა:

„მაშინ იყო განსხვავება პრინციპებზე. [..] წინა პლანზე წამოიწია დამოკიდებულებამ მიხელ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობისადმი. სააკაშვილის ერთგული ხალხი დარჩა ნაცმოძრაობაში, ვისაც კი, ასე ვთქვათ, უფრო პლურალისტური პარტია სურდა, ის  აღმოჩნდა ევროპულ საქართველოში. გარკვეული განსხვავება იყო გასაგები. ამ შემთხვევაში არაა გასაგები, რა განსხვავებაა ამ ორ ჯგუფს შორის. შთაბეჭდილება ისაა, რომ ეს ჯგუფური და პიროვნული დაპირისპირებაა“.

პარტია გაიყო – გამარჯვებულები და დამარცხებულები

შედეგები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ (და მიხეილ სააკაშვილისთვის)

„ნეტგაზეთის“ რესპონდენტები – პოლიტიკის ანალიტიკოსები – იზიარებენ აზრს, რომ სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომხდარით იზარალა.

ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] პოლიტიკის მკვლევარი, ხაზს უსვამს რა ენმ-ის, როგორც უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის როლს, გვეუბნება – „პარტიის ისედაც კლებადი მხარდაჭერა ამ მოცემულობით კიდევ უფრო დაიკლებს“.

რას გვეუბნება კვლევები „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერაზე? [ორივე კვლევა გაყოფამდე, თუმცა მწვავე დაპირისპირების ფონზე ჩატარდა].

  • „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ნოემბრის კვლევის თანახმად, მათ ხმას გამოკითხულთა 13% მისცემდა;
  • „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ოქტომბერ-ნოემბრის კვლევაში თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლო პარტიად „ენმ“ 4%-მა დაასახელა.

ნინო სამხარაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს პარტიის მიერ მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსის დაკარგვას, რაც, მისივე თქმით, შეამცირებს ენმ-ის ხელმისაწვდომობას რეგიონებში. „რეგიონულ ოფისებს რაოდენობრივად ბევრი წევრი ტოვებს. ეს პარტიისთვის დიდი დარტყმაა, რაოდენობრივად. სავარაუდოდ, შემცირდება რეგიონული რესურსი, კადრების გადინება მოხდა“, – გვეუბნება იგი.

მომხდარს სახარბიელოდ არც გია ნოდია მიიჩნევს. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე პარტიისთვის პოზიტიური არაფერი მომხდარა, რაც საარჩევნო შედეგებზეც აისახება. თუმცა, თავად პარტიის გარდა, ნოდია არსებულ ვითარებაში კიდევ ერთ წაგებულზე საუბრობს – „ორივე მხარე სააკაშვილის ერთგულებას ფიცულობს, მაგრამ მისი ფაქტორი ვერ აღმოჩნდა საკმარისი პარტიის ერთიანობისთვის. მისი ფაქტორი ნაკლებად მუშაობს. ასე ჩანს, რომ ამ ეტაპზე წაგებული არის მიხეილ სააკაშვილი“.

სხვებთან შედარებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოზიტივს ხედავს გია ხუხაშვილი. იგი არ უარყოფს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში პარტიამ იზარალა, თუმცა აღნიშნავს – შიდა დაპირისპირების გაგრძელება კიდევ უფრო უარესი იქნებოდა – „საბოლოო ჯამში, რაც მოხდა, პოზიტიურია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობისთვის. ბუნდოვანება, განსაკუთრებით გაწელილი, კიდევ უფრო დაანგრევდა პარტიას. ბუნებრივია, იზარალეს, მაგრამ რაკი პროცესი დასრულდა, ახლა შეუძლიათ იზრუნონ შენარჩუნებულის სტაბილიზაციაზე“, – აცხადებს ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილი.

რა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“?

ფორმალურად, ნიკა მელიას ჯერ არ გამოუცხადებია ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ. გასარკვევია ისიც, მასში მხოლოდ ენმ-დან წასული პოლიტიკოსები თუ სხვა სახეებიც გაერთიანდებიან. არ გვაქვს არც სხვა მონაცემები – მაგალითად, საზოგადოებაში ნიკა მელიას პარტიის მხარდაჭერის მიახლოებით დონეზეც. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ანალიტიკოსები კონკრეტული და მყარი დასკვნების გაკეთებას ერიდებიან.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“, რომლის საჯარო პროფილის სერიოზული შემადგენელი ნაწილია „ნაციონალური მოძრაობისადმი“ ოპოზიცია, ამ ეტაპზე მაინც, ბევრს არაფერს ამბობენ მომხდარის შესახებ. იქონიებს თუ არა მათთზე რამე  გავლენას „ნაცმოძრაობის“ გაყოფა? ამ ნაწილში „ნეტგაზეთის“ რესპონდენტების მოსაზრებები განსხვავდება.

გია ხუხაშვილი მელიას ცალკე ძალად ჩამოყალიბებას ორი უმსხვილესი პარტიისთვის ნეგატიურ მოვლენად მიიჩნევს. მისი თქმით, მელიას, მისი თვისებებისა და წარსულის გამო, ახალ რანგში გამოჩენა „მანკიერი ორპოლუსიანი სიმბიოზის დარღვევის წინაპირობებს“ ქმნის:

„ბოლო ათი წელი ქვეყანა, ფაქტობრივად, ცხოვრობს წარსულსა და აწმყოს შორის. მომავლის არჩევანს ამომრჩეველს ვერავინ სთავაზობს. ენმ-ის დასუსტება, შესაბამისად, იწვევს „ოცნების“ დასუსტებასაც. მმართველი ძალის მთავარი იარაღი ყოველთვის იყო ანტიმიშაზე თამაში – ისინი არასდროს ამტკიცებდნენ, რომ კარგები არიან, მაგრამ ამბობდნენ, რომ ალტერნატივა მათზე უარესია. პოლიტიკურმა პროცესმა ამ [გაყოფით] მოიგო“, – გვითხრა მან.

მელიას სახით, როგორც ახალი, ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბების პერსპექტივას არც ნინო სამხარაძე გამორიცხავს. უფრო მეტიც – ექსპერტის თქმით, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის მომავალი კარიერისთვის სწორედ ესაა „მთავარი ჰიპოთეტური პერსპექტივა“.

„თუმცა ბევრი დეტალი არ ვიცით მელიას პარტიაზე და ძნელია იმის თქმა, რამდენად იმუშავებს პარტია ოცნების ამომრჩეველზე ან ოპოზიციაზე იმედგაცრუებელზე“, – აცხადებს სამხარაძე.

ნინო სამხარაძე.

თავის მხრივ, გია ნოდია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომხდარით მოიგო – „მთელი მათი პროგრამა ლამის იყო ის, რომ ნაცმოძრაობა უნდა დავშალოთ, რადარებიდან გავაქროთ. ისინი თვლიან, რომ აქეთკენ მიდის საქმე“. ამავე დროს, ნოდია ვერ ხედავს საფრთხეს „ოცნების“ სტრატეგიისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლისთვის კვლავაც საფრთხედ წარმოაჩინოს:

„ენმ ისე ძალიანაც არ დასუსტდება, ამომრჩეველი უბრალოდ გაიყოფა. [..] არის სერიოზული შანსი, რომ ენმ ძირითადად ოპოზიციურ ძალად დარჩეს“, – ამბობს იგი.

„ძალაუფლება ქუჩაში აგდია“ – რას ველოდოთ თავად მელიასგან?

თეორიული პერსპექტივები

ანალიტიკოსები, რომლებსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, თანხმდებიან, რომ მელიას პერსპექტივები ნამდვილად აქვს – თუმცა, გარკვეული პირობების შესრულებისა და დათქმების შემთხვევაში.

ყველაზე დიდად მელიას პერსპექტივებს გია ხუხაშვილი უყურებს. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აქვს თვისებები, რომლებიც პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების უმრავლესობას აკლია:

  • „არ აქვს დამწვარი ხიდები და შეუძლია სხვა პარტიებთან თანამშრომლობა“;
  • „არ ეზარება მუშაობა“;
  • „შეუძლია ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია“;
  • „შეუძლია დინამიკური პროცესის ორგანიზება“;
  • „აქვს ახალ ელექტორატზე, მათ შორის გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე [NDI-ის კვლევაში 47%-მა პროცენტმა თქვა, რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას] გასვლა“;
  • „არ იკრავს ენმ-ის მმართველობის, იგივე სისხლიანი ცხრა წლის დამღას“.

ნიკა მელია [მარცხნიდან მეორე] და კოალიციური პარტნიორები 2021-ში, თბილისის მერის არჩევნებამდე.

მელიასთვის თეორიული პერსპექტივის არსებობას ნინო სამხარაძეც ადასტურებს. მისი თქმით, მელიამ, როგორც ცალკე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებულმა ძალამ, შეიძლება მიიზიდოს პოლიტიკური სპექტრით უკმაყოფილო მოქალაქეები.

პერსპექტივების სისრულეში მოყვანა

ნინო სამხარაძის თქმით, მელიას მარტოსაც შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა, თუმცა იმ დათქმით, რომ იგი ყველაფერს სწორად გააკეთებს. ამასთან ერთად, ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ასე წინა გამოცდილების [მაგალითად, გიორგი გახარიას პარტიის] და არა კონკრეტული მონაცემის საფუძველზე საუბრობს.

ნაბიჯები, რომლებიც, სამხარაძის აზრით, მელიამ უნდა გადადგას, შემდეგია:

  • დაიკავოს სხვადასხვა თავისუფალი იდეოლოგიური ნიშა იმ პირობებში, როცა პარტიათა დიდ ნაწილს იდეოლოგიური პროფილი არ აქვს გამოკვეთილი;
  • აქცენტი გააკეთოს თანამშრომლობით და პროფესიონალურ პოლიტიკაზე „მათთვის, ვინც დანარჩენი პოლიტიკური სპექტრით იმედგაცრუებულია“;
  • გაახმოვანოს სწორი გზავნილები და გააერთიანოს სხვადასხვა ძალები მნიშვნელოვანი თემების, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე;
  • ჩაატაროს სწორი კამპანია და ჰქონდეს სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური რესურსი.

ამ ნაწილში დაახლოებით იმავეს გვეუბნება გია ნოდიაც. კითხვაზე, რა სჭირდება ნიკა მელიას, იგი პასუხობს – „ფულადი რესურსი და ორგანიზაციული უნარი“.

მელიასთვის რესურსების არსებობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს გია ხუხაშვილიც, თუმცა იქვე ამატებს, რომ მათი ნაკლებობა მას საკუთარი დინამიკურობის ხარჯზე შეუძლია დააბალანსოს.

საბოლოო ჯამში, ნინო სამხარაძის თქმით,  ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში, წინა გამოცდილებებზე დაყრდნობით, მელიას 7-8%-ის მიღება შეუძლია. გია ხუხაშვილის თქმით კი, მელიამ „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის, სულ მცირე, 30% უნდა წაიყვანოს.

მარტო, თუ კოალიციაში?

ამ ეტაპზე საჯაროდ არც ისაა ცნობილი, აპირებს თუ არა მელია ვინმესთან კოალიციაში შესვლას, და თუ კი – ვისთან. ამავე დროს, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი „დაკავებულია“ – „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ელენე ხოშტარიას „დროასთან“ გაერთიანდა; გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ – „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მსხვილი პარტიებიდან უკოალიციოდ გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ და „ლელო“ რჩებიან.

სწორედ უკანასკნელს მიიჩნევენ მელიასთვის ყველაზე სავარაუდო პარტნიორად როგორც ხუხაშვილი, ასევე სამხარაძე. უკანასკნელის თქმით, ყველაზე მოსალოდნელი უნდა იყოს მელიას გაერთიანება რესურსების მქონე პარტიებთან.

ხოლო, ხუხაშვილის შეფასებით, კოალიცია მელიასთვის სარგებლის მომტანიც შეიძლება იყოს:

„როდესაც 47%-ია აქტიური გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ფქტობრივად ძალაუფლება ქუჩაში აგდია, ამას სჭირდება სინერგიის შექმნა. შეიძლება მელიას ან ლელოს ცალ-ცალკე გაუჭირდეს 5%-ის შეკრება. ცხადია, გაერთიანება არ გულისხმობს რეიტინგების მიმატებას, ზოგჯერ ნაკლები შედეგიც შეიძლება დაიდოს. ამომრჩეველს კოალიცია არა მარტო უნდა მოსწონდეს, ძალას უნდა ხედავდეს, რომ შეუძლიათ [შედეგის დადება].

ყველაზე ლოგიკურია მელიას ლელოსთან დაკავშირება. სხვა პარტიებს ვერაფრით ვიტყვით. პრობლემები გახარიასთან ორივეს აქვს, მაგრამ თუ ეს პრობლემები გადალახვადია, და გახარიაც გამოჩნდა ამ კოალიციაში, ეს შეიძლება ძალიან სერიოზულ ძალად იქცეს“, – მიიჩნევს ხუხაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი