საზოგადოება

გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს – NDI-ის კვლევა

11 დეკემბერი, 2023 • 1117
გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს – NDI-ის კვლევა

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 11%-თაა გაზრდილი.

კვლევა 2023-ის ოქტომბერ ნოემბერში ჩატარდა, თუმცა იქამდე, ვიდრე ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემდა.

როგორ აფასებენ მთავრობას, პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტს

თუკი 2023-ის მარტში მთავრობის საქმიანობამ რესპონდენტთა 43%-ის მოწონება დაიმსახურა, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი უკვე 54% იყო. 5%-ით შემცირდა მათი წილი, ვინც ამ საქმიანობას უარყოფითად აფასებს.  ყველაზე მეტად [68%] მთავრობის საქმიანობა მოსწონთ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში, ყველაზე ნაკლებად [41%] კი, თბილისში.

ამასთან ერთად, მთავრობის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელმა, მარტთან შედარებით, იმატა 18-34 წლის გამოკითხულთა კატეგორიაში – 35%-დან 52%-მდე. ასევე მომატებულია მთავრობის რეიტინგი მათ შორის, ვისაც არ დაუსახელებია ფავორიტი პარტია – 34%-დან 49%-მდე.

რაც შეეხება მთავრობის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, 6%-ით მოიმატა და 37% შეადგინა მათმა წილმა, ვინც საშუალოდ აფასებს პრემიერის საქმიანობას. 29% ღარიბაშვილის საქმიანობას აფასებს „კარგად“, 26% ცუდად. მარტთან შედარებით ცვლილებები ამ ორ კატეგორიაში ცდომილების ზღვარშია.

რაც შეეხება პრეზიდენტს, მისი მაჩვენებლები ფაქტობრივად არ შეცვლილა 2023-ის მარტთან შედარებით. პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს 16%, საშუალოდ – 41%, ცუდად 30%, პასუხი არ აქვს 11%-ს. შედარებით კრიტიკულად პრეზიდენტის მიმართ კაცები არიან განწყობილნი. ქალების 25% აფასებს მის საქმიანობას ცუდად, მაშინ როცა კაცთა შორის ეს მაჩვენებელი 37%-ს უტოლდება.

პარლამენტის საქმიანობის შეფასებაშიც მცირე ცვლილებებია. მარტთან შედარებით 13%-ზე დარჩა მათი რაოდენობა, ვინც საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად აფასებს. 4%-ით, 44%-მდე, იმატა მათმა რაოდენობამ, ვინც საშუალოდ. 3%-ით დაეცა მათი წილი, ვინც ცუდად აფასებს პარლამენტს. პასუხი კი გამოკითხულთა 8%-ს არ აქვს.

დემოკრატია და პოლტიკური პარტიები

გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიები მათ ინტერესებს არ გამოხატავენ. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია ოპოზიციის [42%], ვიდრე მმართველი პარტიის [20%] მხარდამჭერებს შორის, თუმცა ბევრად დიდია [79%] მოქალაქეთა იმ კატეგორიაში, ვისაც არ დაუსახელებია თავისი ფავორიტი პოლიტიკური ძალა.

გარდა ამისა, მოქალაქეთა 47% ვერ ასახელებს, რომელი პარტიაა ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან. 19%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 4%-მა – „ნაციონალური მოძრაობა, 12%-მა – სხვა პარტიები. 13%-მა არ ისურვა პასუხის გაცემა, 6%-ს კი პასუხი არ ჰქონდა.

39%-დან [2023-ის მარტი] 46%-მდე, შვიდი პროცენტული პუნქტით გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიაა. 2%-ით [ჯდება ცდომილების ზღვარში] გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ასე არ ფიქრობს. რვა პროცენტით შემცირდა რესპონდენტთა რაოდენობა, ვისაც არ აქვს პასუხი ამ კითხვაზე.

ამასთან ერთად, ოპოზიციის მხარდამჭერები ბევრად უფრო დიდი რაოდენობით მიიჩნევენ, რომ საქართველო დემოკრატია არაა. თუმცა მმართველი ძალის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შორის ასეთი აზრი რესპონდენტთა 18%-მა დააფიქსირა.


კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი