საზოგადოება

საქართველოში ცხოვრების უფლება აღარ გვაქვს… არ ვიცით, რა საფრთხეს წარმოვადგენთ | ფერეიდნელი ცოლ-ქმრის ამბავი

12 დეკემბერი, 2023 • 16470
საქართველოში ცხოვრების უფლება აღარ გვაქვს… არ ვიცით, რა საფრთხეს წარმოვადგენთ | ფერეიდნელი ცოლ-ქმრის ამბავი

6 წელია, ფერეიდნელი ქართველი გვანცა იოსელიანი მეუღლესთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. სურს, ასეც გაგრძელდეს, თუმცა საქმეს ართულებს იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული უარი ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

გვანცას და მის მეუღლეს, მოსეს, ასევე ფერიდნელ ქართველს, არ ესმით, რით დაიმსახურეს საქართველოს უარი აქ 6-წლიანი ცხოვრების შემდეგ, თუმცა ისინი მარტონი არ არიან: უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში ცხოვრებისათვის საჭირო დოკუმენტების მიღებას სხვა არაერთი ფერეიდნელიც ვერ ახერხებს.

წყვილი აპირებს, იბრძოლოს ქვეყანაში ცხოვრების უფლებისთვის. მათ რთულად წარმოუდგენიათ ირანში დაბრუნება, სადაც წლების წინ ყველაფერი მიატოვეს: სახლი, სამსახური თუ საახლობლო წრე.  

ფერეიდანი

მე ვარ გვანცა იოსელიანი, 28 წლის. 6 წელიწადია, საქართველოში ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან ერთად. 2018 წელს ჩამოვედით და იმის შემდეგ სულ საქართველოში ვართ. აქ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ.

დავიბადე და გავიზარდე ფერეიდანში. დაახლოებით 22-23 წლის ასაკამდე ვცხოვრობდი ფერეიდანში ოჯახთან ერთად, რის შემდეგაც ჩამოვედი საქართველოში.

ბავშვმა ფერეიდანში პატარაობიდან იცის, რომ არის ქართველი. ფერეიდნელების უმეტესობა, რა თქმა უნდა, ოჯახში სწავლობს ქართულს, რადგან სხვა საშუალება არ არის: იქ ქართული სკოლები არ არსებობს. სკოლაში რომ მივდივართ, უკვე მერე ვსწავლობთ სპარსულს.

მე რაც მახსოვს, ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა დიდად არც იცოდნენ სპარსული. ყველა ქართულად საუბრობდა. სპარსული ჩვენი [თაობის] ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როცა სკოლები დაიწყო, ბებია-ბაბუები კი სკოლაში არც არასდროს ყოფილან. მე პირადად მახსოვს, რომ ოჯახში სპარსულად არასდროს გვისაუბრია: არც მშობლებთან, არც დედმამიშვილებთან…

ასე რომ, ბავშვობიდან ვსწავლობდით ქართულს, თუმცა, არა წერა-კითხვას. რომ წამოვიზარდე, 11-12 წლისა დავინტერესდი და ვისწავლე ანბანი. იქამდე მხოლოდ ვსაუბრობდით. სკოლაშიც ქართულად ვლაპარაკობდით. მასწავლებელი გვეუბნებოდა, რომ იქ სპარსულად უნდა გვესაუბრა, მაგრამ ჩვენ მაინც ვარღვევდით ამ წესს და მეგობრებთან ქართულად ვლაპარაკობდით.

ფერეიდანში ქართული ენა მხოლოდ ოჯახებს შიგნით არ გამოიყენება. ის ქალაქშია გაფანტული. ყველა ქართულად ესაუბრება ერთმანეთს. მაღაზიებში რომ შეხვალთ, 90-99% ქართულად დაგელაპარაკებათ. სპარსული მაშინ იხმარება, როცა ვინმე უცხო შემოდის ქალაქში და ქართულად ვერ ლაპარაკობს.

უმეტესობას მიაჩნია, რომ უნდა შეინარჩუნოს ქართველობა და ქართული ენა. მნიშვნელობა არ აქვს, ჩამოვა საქართველოში თუ არა. ის არის ქართველი და უნდა ისაუბროს ქართულად.

პირველად საქართველოში

ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემი უფროსი ძმა ჩამოვიდა საქართველოში და აქ დაიწყო ცხოვრება. მას შემდეგ სულ კავშირში ვიყავი საქართველოსთან, რადგან მამაჩემი ჩამოდიოდა ხშირად, ჩემი ძმის მოსანახულებლად. ორივე მათგანი უკვე საქართველოს მოქალაქეა.

მეც სულ ვფიქრობდი, რომ უნდა ჩამოვსულიყავი და მომენახულებინა საქართველო და 2015 წელს ეს გავაკეთე კიდეც. ისეთი კომფორტი და მშვიდობა ვიგრძენი, ადამიანი სახლში შესვლისას რომ გრძნობს ხოლმე. თავს ვგრძნობდი ჩემს ხალხთან.

როცა ფერეიდნიდან ირანის სხვადასხვა ქალაქში ჩავდიოდი, სულ უცხოდ ვგრძნობდი თავს. შესაძლოა, სხვებს ასეთი განცდა არ რჩებოდეთ, თუმცა მე მქონდა. ყველა ჩემთვის გასაგებ ენაზე საუბრობდა, ვინაიდან სპარსული ბავშვობიდან ვიცოდი, თუმცა მაინც მქონდა გრძნობა, რომ იქაური არ ვიყავი.

საქართველოში ასეთი გრძნობა არასდროს მქონია. სულ პირველად რომ ჩამოვედი, მივედი ჩემს ძმასთან, რომელიც მაშინ უკვე აქ ცხოვრობდა. სახლში რომ შევდიოდი, მითხრა, ალბათ რაღაც განსხვავებული გრძნობა გაქვსო. რას ფიქრობ საქართველოზეო? ღამე იყო, ახალი ჩამოსული ვიყავი და ვფიქრობდი, განსხვავება რა უნდა იყოს-მეთქი. თუმცა მეორე დღეს ქუჩაში რომ გავედი, ზუსტად ის გარემო დამხვდა, რომელიც, ვფიქრობ, რომ მეკუთვნის. მაშინ მივხვდი, განსხვავებული გრძნობა რატომ არ მქონია: ადამიანი სახლში რომ შედის, რა განსხვავებული ემოცია უნდა ჰქონდეს? შედიხარ, მშვიდდები, კომფორტულად ხარ და იცი, რომ ის ადგილი გეკუთვნის ზუსტად შენ.

მაშინ 16-17 წლის ვიყავი. ისევ დავბრუნდი ირანში და გავაგრძელე სწავლა. ქორწინების შემდეგ ჩემი მეუღლეც იმ აზრზე იყო, რომ საქართველოში უნდა ჩამოვსულიყავით და აქ გაგვეგრძელებინა ცხოვრება. ერთად გადავწყვიტეთ, რომ სამუდამოდ ჩამოვსულიყავით აქ.

თანხმობა და უარი: ბიუროკრატიულ ლაბირინთებში

ჩემი ოჯახის წევრებიდან ჩემს უფროს ძმას და მამას აქვთ მოქალაქეობა, დედაჩემს 11-წლიანი ბინადრობა აქვს, ჩემს უმცროს ძმას და მის ცოლსაც ბინადრობები აქვთ.

6 წლის წინ, როცა მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით, აზრადაც არ მოგვსვლია, რომ რაიმე ასეთ პრობლემას შევეჩეხებოდით სამომავლოდ, რომლის წინაშეც ახლა ვართ. მაშინ მარტივად მივიღეთ თანამემამულის სტატუსი, მარტივად მივიღეთ ბინადრობაც.

თავიდან 1-წლიანი ბინადრობა ავიღეთ, 1 წლის შემდეგ კი განაცხადი შევიტანეთ გაგრძელებაზე და 5-წლიანი [ბინადრობა] ავიღეთ.

რა თქმა უნდა, მოქალაქეობის ამბავი გაგვირთულდა და არ მოგვცეს, მაგრამ ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ბინადრობას ავიღებდით და იქამდე გავაგრძელებდით [დოკუმენტის ვადას], სანამ არ მოვიდოდა დრო, როცა საბოლოოდ მოგვცემდნენ მოქალაქეობას.

სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ, როცა [5-წლიანი დოკუმენტის ვადის გახანგრძლივება გახდა საჭირო] და ისევ შევიტანეთ განაცხადი, სრულიად უმიზეზოდ მივიღეთ [უარი] მე-18 მუხლით. ამას არ ველოდით. ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ მიზეზი არ ვიცით და არავინ გვცემს პასუხს. აქციაზეც ვიყავით, შეხვედრაც მოვითხოვეთ, მაგრამ ყველა თავიდან ირიდებს ამ თემას და არავინ ნორმალურ პასუხს არ გვცემს. ერთადერთი, სასამართლოში გვაქვს შეტანილი [სარჩელი] და იმედი გვაქვს, რომ იქიდან მივიღებთ რაიმე შედეგს.

საბოლოო ჯამში, მე-18 მუხლი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ფერეიდნელები, სახელმწიფოს და საზოგადოებას ვუქმნით საფრთხეს. თუმცა არ არის [განმარტებული], რა საფრთხეს ან რის საფუძველზე. დასაბუთება ან ახსნა-განმარტება არ არსებობს. მე-18 მუხლი და მორჩა: საქართველოში ცხოვრების უფლება აღარ გვაქვს.

მე პირადად სამჯერ გვაქვს შეტანილი მოქალაქეობაზე მოთხოვნა. სამჯერვე შევიტანე საგამონაკლისო წესით, თანამემამულეობის მოწმობის ფლობის საფუძველზე. თანამემამულეობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ შენ ხარ ქართველი, უბრალოდ, დაბადებული სხვა ქვეყანაში. მე მიმაჩნია, რომ როცა ადამიანს თანამემამულეობა აქვს და წესიერად ცხოვრობს საქართველოში, ეკუთვნის მოქალაქეობაც. სამჯერვე უარი მივიღე.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში; ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს.

პირველად რომ შევიტანე საბუთები, რაღაც უაზრობის გამო არ დაკმაყოფილდა ჩემი მოთხოვნა. მეორედ ისევ შევიტანე, როცა 1-წლიანი ბინადრობა გვქონდა, თუმცა უარი მითხრეს იმ მიზეზით, რომ ჯერ 6 თვე უნდა იცხოვრო საქართველოში და მერე შეგიძლია, მიიღო საქართველოს მოქალაქეობაო.

წლების მერე კიდევ შევიტანე მოქალაქეობაზე საბუთები, წარმატებით გავიარე გამოცდა და ამ დროსაც, სამწუხაროდ, [უარი მითხრეს]. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა [მითხრა], რად გინდა მოქალაქეობა, ბინადრობა ხომ გაქვს და არაფერში ხელი არ გეშლებაო. თუ გინდა, იყავი და იცხოვრე საქართველოშიო. მე პირდაპირ ვუთხარი, თქვენ მომცემთ გარანტიას, რომ 5 წლის მერე ამ ბინადრობას გამიგრძელებენ-მეთქი? ამის გარანტიას ვერ მოგცემო, მაგრამ სანამ გაქვს თანამემამულეობის სტატუსი, ჩვეულებრივად გააგრძელებ [ბინადრობას] და იცხოვრებ, თუ რაიმე ისეთი არ მოხდაო. არ გჭირდება მოქალაქეობაო.

მოლოდინი

დღეს [ბინადრობის] საქმე გვაქვს შეტანილი სასამართლოში. ველოდებით, როგორ ჩაივლის სხდომა. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს საჩივარს და მივიღებთ შედეგს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სასამართლო პროცესი მხოლოდ მე მეხება. ჩემი საქმე შეიძლება მოგვარდეს და ეს ძალიან გამიხარდება, მაგრამ ეს თემა ძირფესვიანად არის მოსაგვარებელი. ადამიანები ფულს კარგავენ ამ პროცესში: საბუთების მოგროვება, ადვოკატის მომსახურება… რატომ უნდა უწევდეთ მათ ამ პროცესის გავლა?

თქვენ თუ ბინადრობა არ გაქვთ, ძალიან ბევრი პრობლემა გექმნებათ, ვინაიდან არაკანონიერად იმყოფებით საქართველოში. ზოგიერთს, იმისთვის, რომ კანონიერად იმყოფებოდეს საქართველოში, ყოველ 45 დღეში უწევს საზღვრის გადაკვეთა, რის შემდეგაც ან შემოუშვებენ უკან და ან  — არა. ეს არ არის ნორმალური ცხოვრება, როცა ყოველ 45 დღეში საზღვარი უნდა კვეთო და თან იფიქრო, შემოგიშვებენ უკან თუ არა.

სიმართლე გითხრათ, ირანში დაბრუნება ჯერ გეგმაში არ გვაქვს, რადგან როცა ჩამოვედით საქართველოში, იქ ყველაფერი მივატოვეთ — ოჯახი, სამსახური, მეგობრები, იმის იმედით, რომ მუდმივად ვიცხოვრებდით საქართველოში. ასე მალე გაჩერებას არ ვაპირებთ. ვაგრძელებთ და ვიბრძვით ჩვენს ფერეიდნელ მეგობრებთან ერთად. ქვეყნის დატოვებას ან შეჩერებას ჯერ არ ვგეგმავთ.

ხშირად ვკითხულობ კომენტარებს. ზოგი ამბობს, ფერეიდნელები აქ ჩამოდიან, მოქალაქეობას იღებენ და აქედან ევროპაში გადიანო. ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. შესაძლოა, 100-200 კაცში 1-2 ასეთი გამოჩნდეს, მაგრამ ამის ახსნა მინდა, რომ საქართველოში ფერეიდნელი ჩამოდის და მოქალაქეობას იღებს, რათა იყოს დაზღვეული, რომ ჰაერში არ დარჩეს. ჩვენ 5-6 წელია, აქ ვცხოვრობთ და ამ დროის მერე სად გვიშვებენ და რა საფუძვლით გვაგდებენ ქვეყნიდან, არ ვიცით. მოქალაქეობას ფერეიდნელი იმიტომ ითხოვს, რომ დაზღვეული იყოს და, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს აქ. მოქალაქეობის მქონე ადამიანებს, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები პრობლემა ექნება იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც მხოლოდ ბინადრობა აქვს.

ერთ ამბავს მოვყვები, რომელიც ძალიან ემოციურია ჩემთვის: როცა პავლე ლორთქიფანიძე პირველად ჩავიდა ფერეიდანში და იქაურობა მოინახულა, ხალხმა უთხრა, ჩვენი ქალები წიწილასაც რომ დაკარგავენ, მთელი ღამე არ სძინავთო. საქართველომ ამდენი ათასი ადამიანი დაკარგა და ნუთუ ჩვენზე არ ფიქრობსო? გადაშენებულები ხომ არ ვგონივართო? ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, საათობით ვფიქრობდი ამაზე. მაშინ ფერეიდნელთა იძულებით ჩასახლებიდან 300 წელი იყო გასული, მაგრამ მაინც ელოდნენ ვიღაცას, რომ იქნებ ვინმეს ჩაეკითხა, იქნებ ვინმე ჩასულიყო და მოენახულებინა. რაღაც იმედი მაინც ჰქონდათ, მაგრამ, მეორე მხრივ, იმდენად იმედგაცრუებულნი იყვნენ, რომ ფიქრობდნენ, საქართველოდან ვინაიდან არ მოგვაკითხეს და აღარც ვახსენდებით, ნეტავ გადაშენებულები ხომ არ ვგონივართო.

ახლა, როცა იმ ხალხის შვილებმა მოახერხეს აქ დაბრუნება, სახელმწიფო მათ უშვებს თავისივე ქვეყნიდან და თავისივე სამშობლოდან. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა.


გვანცას და მოსეს ბინადრობის უფლების გაგრძელებაზე უარი უთხრეს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტების საფუძველზე:

ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის”(TDI) იურისტი შოთა თუთბერიძე კიდევ ერთი მსგავსი საქმის კომენტირებისას “ნეტგაზეთს” ეუბნებოდა, რომ ხსენებული ორი ქვეპუნქტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის “რეკომენდაციებს” მოიცავს, “არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი საფუძველი, რომლითაც საქართველოში ბინადრობის ნებართვის სურვილის მქონე ადამიანებს უარს ეუბნებიან ხოლმე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე”.

მისი სიტყვებით, მე-18 მუხლის ზემოხსენებულ ქვეპუნქტებს სახელმწიფო იყენებს იმ შემთხვევებში, როცა იმიგრანტების საქართველოდან გაძევება სურს და ამას ვერ ახერხებს სხვა საკანონმდებლო მექანიზმების გამოყენებით.

“როცა ამ ინსტრუმენტის გამოყენება დაიწყო სახელმწიფომ, მაშინ არსებობდა გარკვეული რწმენა, რომ შესაძლოა, სუსს მართლა ჰქონდა რაღაც ტიპის ობიექტური ინფორმაცია. თუმცა დროის გასვლასთან ერთად ცხადი გახდა ის, რომ სინამდვილეში სუს-ის რეკომენდაციებს და სუს-ის მუშაობას რეალურ უსაფრთხოებასთან საერთო არ გააჩნია”, — დასძენს ის.

იურისტის თქმით, ხსენებული დასკვნები ხშირად ემყარება სუს-ის ბიუროკრატთა მიერ “შემთხვევითობის წესით შერჩეულ კანდიდატებს, [ისევე როგორც] ემყარება, ზოგადად, აპლიკანტის წარმომავლობის ქვეყანას”.

“გარდა იმისა, რომ სუს-მა უარყოფითი რეკომენდაცია გასცა, არც იუსტიციის სამინისტრომ და არც თავად განმცხადებელმა არაფერი იციან დასაბუთების შესახებ.

დასაბუთების შესახებ არ იცის არც სასამართლომ, რომელსაც, მართალია, სუს-იდან მისდის რამდენიმეფურცლიანი მასალა, მაგრამ ამ მასალებში არასდროს წერია ხოლმე რეალური მიზნები ან აღწერილობა, თუ რატომ წარმოადგენს კონკრეტული ადამიანი საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის”, — აღნიშნავდა თუთბერიძე.

ფერეიდნელი ქართველების, ასევე, კონკრეტულად გვანცა იოსელიანისა და მოსე ლაჩინანის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად “ნეტგაზეთმა” იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურებს მიმართა.

პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ამავე თემაზე:

“ჩვენი ფეხით ხომ არ წავსულვართ ირანში?” — ფერეიდნელი ქართველი ბინადრობის ნებართვის მოლოდინში

მასალების გადაბეჭდვის წესი