კომენტარი

“ჩვენი ფეხით ხომ არ წავსულვართ ირანში?” — ფერეიდნელი ქართველი ბინადრობის ნებართვის მოლოდინში

30 ნოემბერი, 2023 • 13000
“ჩვენი ფეხით ხომ არ წავსულვართ ირანში?” — ფერეიდნელი ქართველი ბინადრობის ნებართვის მოლოდინში

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ჩამოსული და აქ ცხოვრების მოსურნე არაერთი ფერეიდნელი ქართველი ჩივის, რომ ბინადრობის ნებართვაზე უარს ეუბნებიან. 

ფერეიდანი არის რეგიონი ირანში, ისპაანის პროვინციაში, სადაც XVI-XVII საუკუნეებში ირანის შაჰების მიერ იქ გადასახლებული ქართველების შთამომავლები ცხოვრობენ. 

იმ ფერეიდნელ ქართველებს შორის, რომელთაც უკანასკნელ წლებში ირანიდან საქართველოში ჩამოსვლა და აქ დამკვიდრება გადაწყვიტეს, მორთეზა (თორნიკე) სეფიანია. 1 წლის წინ ბინადრობის ნებართვა მიიღო, თუმცა ახლა დოკუმენტის ვადის გაგრძელებაზე უარი უთხრეს.

კონკრეტულად რა დგას უარის უკან, მორთეზა სეფიანმა არ იცის, თუმცა სურს, პრობლემა მალე მოგვარდეს და ოჯახთან ერთად იცხოვროს ქვეყანაში, რომელსაც სამშობლოდ მიიჩნევს.

“ნეტგაზეთი” მორთეზა სეფიანის ნაამბობს გიზიარებთ.


მე ვარ მორთეზა სეფიანი. აქ, საქართველოში, ჩემი სახელია თორნიკე, რადგან მინდა, ჩემი სახელი, გვარი და ყველაფერი იყოს ქართული.

მამა და ბაბუა ფერეიდანში ცხოვრობდნენ, თუმცა შემდეგ ისპაანში გადავიდნენ საცხოვრებლად და მეც იქ დავიბადე. ფერეიდანში ახლობლებთან ჩავდიოდით ხოლმე. იქ ჩვენი პატარა სამშობლო იყო, რადგან სულ ქართველები ცხოვრობდნენ.

500 წელია, ფერეიდნელები საქართველოში არ ვყოფილვართ, მაგრამ ქართულად ვსაუბრობთ. [მე და ჩემი ძმა] ბავშვები რომ ვიყავით, 7 წლამდე სპარსულად ვერც ვლაპარაკობდით, რადგან ბაბუაჩემი, მამაჩემი, დედაჩემი, ყველანი ქართულად ლაპარაკობდნენ სახლში. ბებია-ბაბუა ამბობდნენ, რომ თავიანთ შვილიშვილებსაც უნდა სცოდნოდათ ქართული.

ბაბუაჩემი და მამაჩემი მიხსნიდნენ, რომ ქართველები ვართ და შაჰ-აბასმა წაგვიყვანა საქართველოდან ირანში. ბაბუა მეუბნებოდა, რომ  თავისი მეგობრები კომუნისტების დროს ჩავიდნენ საქართველოში და გვიყვებოდა [იმათ ნაამბობს], თუ როგორი ყოფილა საქართველო. გვეუბნებოდა, მე ვერ შევძელი, მაგრამ თქვენ თუ შეძლებთ, წადით საქართველოში, რადგან ის თქვენი სამშობლოაო. 

ფერეიდანში ხალხს ისე უყვარს საქართველო, რომ თავიანთ მანქანებზე ქართულად აქვთ [წარწერები], საქართველოს დროშები… ბავშვებმა 7 წლამდე, სანამ სკოლაში წავლენ, მარტო ქართული იციან. მაღაზიებზეც ქართულად არის წარწერები. მამაჩემის სახლს ისპაანში ქართულად აწერია “სეფიანის სახლი”. ახლა, როცა ინტერნეტია, უფრო იციან, საქართველო სად არის, რა ქვეყანაა, როგორ წერენ იქ… თუმცა მაშინაც, როცა ინტერნეტი არ იყო, ფერეიდნელებმა იცოდნენ, რომ ისინი ქართველები იყვნენ. იყო ხალხი, ვინც პურს რომ აცხობდა, ზედ ჯვარს ასვამდა. 

მორთეზა სეფიანი ძმასთან, მოსე სეფიანთან ერთად.

მე ძალიან მინდოდა, აქ ჩამოვსულიყავი, თუმცა ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ირანიდან ასე ვერ წახვალ: უნდა ისწავლო, მერე ჯარი მოიხადო და შემდეგ უკვე შეგიძლია წახვიდე. მანამდე პასპორტს არ გაძლევენ. 

2015 წელს , როცა [უნივერსიტეტში] ვსწავლობდი, ჩემი ძმა ჩამოვიდა საქართველოში. იქიდან დაბრუნებულმა ამიხსნა, რა კარგი ქვეყანაა, რა კარგი ქალაქია [თბილისი]… რომ საქართველო ირანივით დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ ძალიან ძვირფასია, რადგან ჩვენც ქართველები ვართ და მარტივი იქნებოდა ჩემთვის იქ ცხოვრება. ჩემი ძმა მეორედ დაბრუნდა აქ 2017 წელს, საბუთები გააკეთა და მოქალაქეობაც მიიღო როგორც მან, ისე მამაჩემმა, დედაჩემმა და ჩემმა დამ. 

2018 წელს გავხდი ჯარისკაცი. როცა [ჯარი] დავამთავრე და ჩემი პასპორტიც მოვიდა, ჩამოვედი საქართველოში. მინდოდა, პასპორტი გამეკეთებინა. პასპორტი არ გამიკეთეს და მითხრეს, რომ უნდა ამეღო თანამემამულის მოწმობა. თანამემამულის ტესტი ჩავაბარე, მერე იყო გასაუბრებაც. თუმცა მაშინ დაიწყო კოვიდი. დავბრუნდი ირანში, ვცხოვრობდი იქ და 1 წლის მერე ისევ ჩამოვედი. თანამემამულის მოწმობა მზად იყო და ავიღე, თუმცა [საქართველოში ხანგრძლივად დასარჩენად] ბინადრობის ნებართვაც მინდოდა. წავედი, 1-წლიანი ბინადრობა გამიკეთეს, თუმცა ახლა, როცა ვადა გაუვიდა და ისევ მივედი, რომ [ახალი] გამომერთმია, მითხრეს, რომ არა, არ შეიძლება. არ ვიცი, რატომ.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში; ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს.

ეს მხოლოდ ჩემი [პრობლემა] არ არის. მეგობრები მყავს, ისინიც ფერეიდნელები არიან, აქ ცხოვრობენ: ზოგს ბინადრობა არ აქვს, ზოგს — თანამემამულეობა, ზოგს — მოქალაქეობა. მათ საქართველოში ცხოვრება სურთ. ისინი თავის ფეხით ხომ არ წასულან ირანში? ახლა, როცა აქ ცხოვრება და მუშაობა უნდათ, რატომ არ უშვებენ?

აქ ხალხმა იცის, რომ ქართველები ვართ. გვეუბნებიან, გენაცვალეთ, ნაღდი ქართველები თქვენ ხართო. მადლობა თქვენ, რომ 500 წელი ენა არ დაკარგეთ და ლაპარაკობთო. მაგრამ კანონმა რატომ არ იცის, რომ ქართველები ვართ და საბუთებს რატომ არ გვაძლევენ, არ ვიცი. არც ბინის მოცემა მინდა, არაფერი, მარტო საბუთი მინდა, რომ აქ ვიცხოვრო. მინდა, ჩემი შვილი საქართველოში გაჩნდეს, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს, საქართველოში დაბადების მოწმობა აიღოს. საბუთი რომ არ მომცენ, შავად [არალეგალურად] ხომ ვერ ვიცხოვრებ? უნდა დავბრუნდე ირანში. ირანში რა ვთქვა? მეგობრებმა იციან, რომ ქართველი ვარ და საქართველოში ჩამოვედი. [ რა ვთქვა], ჩემს სამშობლოში არ შემიშვეს-მეთქი? 

აქ კარადის ხელოსანი ვარ. სამზარეულოს, შემოსასვლელის კარადებს ვაკეთებ, ასევე, საწოლებს. ირანში არქიტექტურა ვისწავლე, დიპლომიც მაქვს. მინდა, მოქალაქეობა ავიღო, მცირე მეწარმის სტატუსიც გავაკეთე… არ მინდა, არალეგალურად ვიმუშაო და არალეგალურად ვიცხოვრო. მამაჩემს, დედაჩემს, ჩემს დას და ძმას აქვთ მოქალაქეობა. ერთი მე ვარ, ასევე, ჩემი სიძე და ცოლი: სამნი ვართ ამ დიდი ოჯახიდან, ვისაც საბუთი არ გვაქვს.

მორთეზა სეფიანი ძმისშვილთან, დასთან და სიძესთან ერთად.

ახლა რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი. კიდევ უნდა მივმართო და თუ უარი მითხრეს, სასამართლოში უნდა წავიდე. თუ იქაც [არაფერი გამოვიდა], უნდა დავბრუნდე ირანში, რაც არ მინდა. არა იმიტომ, რომ ირანი ცუდი ქვეყანაა: ირანი ჩემთვის ცუდი ქვეყანა არ ყოფილა, მაგრამ მე ქართველი ვარ, საქართველო მიყვარს და მინდა, ჩემი ბავშვი აქ გაჩნდეს. 

მე ხომ ჩემი ფეხით არ წავსულვარ ირანში? შაჰ-აბასმა წაიყვანა ძალით ჩემი ჯიში, წინაპრები. მათ არ ჰქონდათ უკან დასაბრუნებელი გზა, მაგრამ ახლა, როცა შემიძლია, მინდა, ჩამოვიდე და აქ ვიცხოვრო, მოქალაქეობა მქონდეს… გთხოვთ, რომ გაუკეთეთ ეს საბუთები ფერეიდნელებს. მათ არაფერი უნდათ თქვენგან, მხოლოდ ის უნდათ, რომ აქ იცხოვრონ, რადგან ქართველები არიან.


უარის შაბლონური საფუძვლები

მორთეზა სეფიანს ბინადრობის უფლების გაგრძელებაზე უარი უთხრეს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი ქვეპუნქტების საფუძველზე:

ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის”(TDI)  იურისტის, შოთა თუთბერიძის თქმით, ხსენებული ორი ქვეპუნქტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის “რეკომენდაციებს” მოიცავს, “არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი საფუძველი, რომლითაც საქართველოში ბინადრობის ნებართვის სურვილის მქონე ადამიანებს უარს ეუბნებიან ხოლმე ბინადრობის ნებართვის გაცემაზე”.

მისი სიტყვებით, მე-18 მუხლის ზემოხსენებულ ქვეპუნქტებს სახელმწიფო იყენებს იმ შემთხვევებში, როცა იმიგრანტების საქართველოდან გაძევება სურს და ამას ვერ ახერხებს სხვა საკანონმდებლო მექანიზმებით გამოყენებით.

“როცა ამ ინსტრუმენტის გამოყენება დაიწყო სახელმწიფომ, მაშინ არსებობდა გარკვეული რწმენა, რომ შესაძლოა, სუს-ს მართლა ჰქონდა რაღაც ტიპის ობიექტური ინფორმაცია. თუმცა დროის გასვლასთან ერთად ცხადი გახდა ის, რომ სინამდვილეში სუს-ის რეკომენდაციებს და სუს-ის მუშაობას რეალურ უსაფრთხოებასთან საერთო არ გააჩნია”, — დასძენს ის.

იურისტის თქმით, ხსენებული დასკვნები ხშირად ემყარება სუს-ის ბიუროკრატთა მიერ “შემთხვევითობის წესით შერჩეულ კანდიდატებს, [ისევე როგორც] ემყარება, ზოგადად, აპლიკანტის წარმომავლობის ქვეყანას”.

“გარდა იმისა, რომ სუს-მა უარყოფითი რეკომენდაცია გასცა, არც იუსტიციის სამინისტრომ, არც თავად განმცხადებელმა, არაფერი იცის დასაბუთების შესახებ.

დასაბუთების შესახებ არ იცის არც სასამართლომ, რომელსაც მართალია სუს-იდან მისდის რამდენიმეფურცლიანი მასალა, მაგრამ ამ მასალებში არასდროს წერია ხოლმე რეალური მიზნები ან აღწერილობა, თუ რატომ წარმოადგენს კონკრეტული ადამიანი საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის”, — აღნიშნავს თუთბერიძე.

ფერეიდნელი ქართველებისა და კონკრეტულად მორთეზა სეფიანის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად “ნეტგაზეთმა” იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა.

პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი