საზოგადოება

„ოცნებას“ მოუწოდებენ, ებრძოლოს EU-ზე დეზინფორმაციას, რომელსაც თავადაც ავრცელებდა

10 ნოემბერი, 2023 • 2124
„ოცნებას“ მოუწოდებენ, ებრძოლოს EU-ზე დეზინფორმაციას, რომელსაც თავადაც ავრცელებდა

„შეებრძოლოს დეზინფორმაციას, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებს და ჩარევას ევროკავშირისა და მის ღირებულებების წინააღმდეგ“, — ასეთია ევროკომისიის 9 პირობიდან პირველი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროინტეგრაციის გზაზე.

ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოს შესახებ, ისევე როგორც კომუნიკაცია საბჭოსა და ევროპარლამენტისადმი, ცხადყოფს, რომ 12 პრიორიტეტისგან განსხვავებული ამ ახალი დათქმის შემოღება ძირითადად განპირობებული იყო დეზინფორმაციით, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

რა წერია ევროკომისიის შეფასებაში?

ევროკომისია აცხადებს, რომ გაფართოების პაკეტის ქვეყნებში უცხოური ინფორმაციული მანიპულაციები და ჩარევა (FIMI) და დეზინფორმაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და კრემლის სხვადასხვა ნარატივებს გაფართოების ქვეყნებში განსხვავებული შედეგები მოჰყვა.

„უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისა და მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს სამი ქვეყანა გახდა FIMI-ის კამპანიების ახალი ტალღის სამიზნე, რომელიც ძირითადად მიმართული იყო ევროკავშირისკენ მისწრაფების დისკრედიტაციაზე და რეგიონში არსებულ ვითარებაში დასავლეთის დადანაშაულებაზე. საქართველოში დეზინფორმაციის სპეციფიკური მიმართულება ცდილობდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დასავლეთს საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის“ გახსნა სურდა“, — აცხადებს ევროკომისია და დასძენს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან ამ დეზინფორმაციის უფრო აქტიური გაქარწყლება.

ანგარიშში ევროკომისია წერს, რომ საქართველოში გრძელდება „მკვახე რიტორიკის გამოყენება ევროკავშირის მიმართ დეზინფორმაციის ელემენტებით“.

„ოცნების“ პროპაგანდა

ევროკომისიის შეფასებას წინ უძღოდა თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომლის თანახმადაც, არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს.

„ოცნება“ ვერ ასახელებს, ვინ მოიაზრება გლობალური ომის პარტიაში. თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ კი ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალა“ იყო მთავარი რუპორი „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო ისჯება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ამიტომ ვერ მიიღო.

„ხალხის ძალის“ წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან, გურამ მაჭარაშვილი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ამბობს, რომ ისინი არათუ ავრცელებდნენ, პირიქით, ებრძოდნენ  ანტიდასავლურ დეზინფორმაციას და ამ ბრძოლის წარმატების შედეგია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია.

„ანტიდასავლური დეზინფორმაციაა, როდესაც დასავლეთს ატყუებ, რომ შენს ქვეყანაში არ არის დემოკრატია და ინსტიტუტები არ მუშაობენ. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ბრალდებები [საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციის და ევროპარლამენტარების მხრიდან] არ არის სწორი. ჩვენ ვებრძოდით და გავაგრძელებთ ბრძოლას ამ მიმართულებით, რაც არის ზუსტადაც დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლა“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი, რომელსაც „გლობალურ ომის პარტიას“ შემსრულებლად ცოტა ხნის წინ დასახელებული ჰყავს, მაგალითად, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია, ახლა ამბობს, რომ არასდროს თქმულა, დასავლეთი კოლექტიურად ცდილობდა საქართველოს ომში ჩართვასო.

„კონკრეტულ პიროვნებებზე იყო საუბარი, კონკრეტულ ევროპარლამენტარებზე, უკრაინის მაღალჩინოსნებზე… ამიტომ ვამბობთ გლობალური ომის პარტიას, მაგრამ იქვე ვამბობთ, რომ არსებობენ რაციონალური ადამიანები ევროპაში და ევროკავშირში, რომელთა იმედიც გვქონდა და ამ იმედმა გაამართლა. ეს არის ზუსტად [დეზინფორმაცია], როდესაც საზოგადოებას აჩვენებენ, რომ დასავლეთი თითქოსდა ითხოვს აქ ლგბტ პრაიდის ჩატარებას და ა.შ.— დასავლეთმა იცის ევროპული ღირებულება და ევროპული ღირებულებაა, როცა შენს თავს პატივს სცემ, სუვერენიტეტს შეინარჩუნებ და კონსტიტუციას დაიცავ. ეს რომ დაინახეს, მოგვცეს კანდიდატის სტატუსი“, — ამბობს მაჭარაშვილი.

არც უკრაინელი მაღალჩინოსნები და არც ევროპარლამენტარები არ იყვნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიმღებნი, თუმცა მაჭარაშვილის თქმით, პირველ ჯერზე „მათმა დეზინფორმაციამ იმოქმედა“ გადაწყვეტილების მიმღებებზე, შემდეგ კი სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციებმა შეძლეს „სწორი ინფორმაციის მიტანა“ ბრიუსელში.

დეზინფორმაცია „მტრის ჩასანაცვლებლად“

ევროკომისიის დასკვნა ცხადყოფს, რომ საქართველოში წარმოებული პროპაგანდა აღქმულია ევროკავშირის და მთლიანად დასავლეთის წინააღმდეგ და „გლობალური ომის პარტიის“ არდასახელება ამ მხრივ ვითარებას ვერ ცვლის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის, როგორც მტრის ჩანაცვლება ხდება დასავლეთით, რომელსაც თითქოს საქართველოში სურს ომის გაჩაღება, რაც არის სრული აბსურდი, უბრალოდ მისი დამაჯერებლობის ხარისხი, სამწუხაროდ, იმატებს, როცა სახელისუფლებო რიტორიკის დონეზეა ასული“, — ამბობს ნინო რიჟამაძე, არჩევნების და ინფორმაციის სანდოობის ექსპერტი.

„საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა რიგ შემთხვევაში ბუნდოვანი და ორაზროვანია, მაგრამ ყველა საღი აზრის მქონე ადამიანი ასკვნის, რომ როდესაც საუბრობენ მეორე ფრონტზე და ნეგატიურად განწყობილ ძალებზე, მოიაზრებენ დასავლეთს კოლექტიურად — ამერიკასაც და ევროპასაც. ყველა ძალიან კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე და, როგორც ვხედავთ, ეს რიტორიკა მიუღებელია დასავლეთისთვის. ევროკომისიის მიერ დეზინფორმაციის საკითხის ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად გამოტანა მის მნიშვნელობაზე მიუთითებს. მით უმეტეს, რომ ეს არ არის უბრალოდ რიტორიკა ან დეზინფორმაცია. ეს არის საკითხი, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი, რაც სერიოზული გამოწვევაა. სწორად მიანიშნა ევროკომისიამ, რომ ეს არ იქნება მიღებული და ხელისუფლების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ რიჟამაძემ.

მისი თქმით, მეორე ფრონტის გახსნის განზრახვაზე დეზინფორმაცია მიმართული იყო არა მხოლოდ დასავლეთის დისკრედიტაციისკენ და მისი მტრად წარმოჩენისკენ, არამედ იმისკენ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამყოფოს მუდმივ შიშსა და ომის მოლოდინში — ამ დროს რაციონალური გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია, რაც წარმოადგენს კიდეც საინფორმაციო მანიპულაციის ერთ-ერთი მიზანს.

ამასთან, რიჟამაძე შენიშნავს, რომ მეორე ფრონტთან დაკავშირებულ დეზინფორმაციული კამპანია შედარებით მინავლებულია ბოლო ორი თვის განმავლობაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი, მისი თქმით, შეიძლება იყოს ის მედეგობა, რომელიც საზოგადოებამ აჩვენა ამ დეზინფორმაციის მიმართ. თუმცა რიჟამაძეს არ ჰგონია, რომ რიტორიკის ცვლილება პოლიტიკის ცვლილებით არის განპირობებული და მიიჩნევს, რომ ეს უფრო ტაქტიკური სვლაა, რათა ამ რიტორიკის პირობებში შესაძლო უარყოფითი რეკომენდაცია ხელისუფლებას მეტად არ დაჰბრალებოდა.

„რაც შეეხება სამომავლო გამოწვევებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ხელისუფლების გზავნილები საქართველოს საზოგადოების მიმართ არის ძალიან დამაბნეველი, ფაქტობრივად, გამომრიცხავი იმისი, რა მისწრაფებებიც და რა გამაერთიანებელი იდეებიც ქართულ საზოგადოებას აქვს. და არ მგონია, რომ ხელისუფლება არის მზად, რომ შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა, რომელზეც 2 წელია მუშაობს, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოების მუდმივი ზეწოლით შეიძლება რიტორიკის მოტრიალება“, — ამბობს რიჟამაძე.

მთავრობის სტრატკომები

ევროკომისიის მიზანშეწონილად მიიჩნევს, ხელისუფლება შეებრძოლოს ანტიდასავლურ დეზინფორმაციას. „მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარი სანდრო გიგაური ამბობს, რომ ხელისუფლება პირიქით, თვითონ იყენებს დეზინფორმაციას ინსტრუმენტად. ამას ადასტურებს Facebook-ის გამოძიებაც, რომელმაც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში საქართველოს მთავრობის სტრატკომი ამხილა. ამ წლის მაისში META-მ საქართველოში წაშალა 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, ცხრა ჯგუფი და ორი ანგარიში Instagram-ზე, რომლებიც არღვევდნენ კომპანიის პოლიტიკას კოორდინირებული არაავთენტური ქცევის წინააღმდეგ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Facebook საქართველოდან გვერდებს არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამო შლის. 2020 წლის აპრილში Facebook-მა გააუქმა კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ „ესპერსონასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ასეულობით გვერდი, ჯგუფი და პერსონალური ანგარიში. მანამდე „ფეისბუქმა” „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა.

„როგორ უნდა ებრძოლოს ხელისუფლება იმას, რაც მისი შექმნილია? პირველ რიგში ეს არის თავის დანებება ამ აბსურდული გზავნილებისგან და იმ კურსის გატარება, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციას უნდა ებრძოდნენ და საზოგადოებას რუსული გზავნილების წინაშე მედეგს ხდიდნენ, პირიქით, პროპაგანდისტულ აქტივობებში არიან ჩართული და საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებენ“, — აცხადებს ნინო რიჟამაძე.

ნინო რიჟამაძე და სანდრო გიგაურიც მიიჩნევენ, რომ თავად ევროკავშირს შეუძლია წვლილი შეიტანოს ქართული საზოგადოების მედიაწიგნიერების ამაღლებასა და დეზინფორმაციისადმი მედეგობის გაზრდაში, ერთი მხრივ, ამ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით და მეორე მხრივ, ევროკავშირის, როგორც მშვიდობის პროექტის მიმართ ცნობადობის ამაღლებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი