საზოგადოება

Facebook-მა არაავთენტურ ქცევაში საქართველოს მთავრობის სტრატკომი ამხილა

3 მაისი, 2023 • 3683
Facebook-მა არაავთენტურ ქცევაში საქართველოს მთავრობის სტრატკომი ამხილა

Facebook-მა განაცხადა, რომ წაშალა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის 6 ქსელი შეერთებულ შტატებში, ვენესუელაში, ირანში, ჩინეთში, საქართველოში, ბურკინა ფასოსა და ტოგოში.

META-მ გამოაქვეყნა საფრთხეების კვარტალური ანგარიში, რომელშიც წერს, რომ საქართველოში წაშალა 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, ცხრა ჯგუფი და ორი ანგარიში Instagram-ზე, რომლებიც არღვევდნენ კომპანიის პოლიტიკას კოორდინირებული არაავთენტური ქცევის წინააღმდეგ. ეს ქსელი რამდენიმე აპლიკაციის, მათ შორის Facebook, Instagram და TikTok-ის მეშვეობით ორიენტირებული იყო შიდა აუდიტორიაზე. ამ ქსელის მიერ ფეისბუქსა და ინსტაგრამში რეკლამისთვის დახარჯულია 33 500 დოლარი.

„ამ აქტივობის უკან მდგომი ხალხი ყალბ ანგარიშებზე დაყრდნობით ქმნიდა ფიქტიურ პერსონაჟებს, მართავდა ჯგუფებს და გვერდებს, აქვეყნებდა პოსტებს, კომენტარებს და იწონებდა საკუთარ კონტენტს, რათა ის უფრო პოპულარული გაეხადათ, ვიდრე იყო. ეს გვერდები და ჯგუფები წარმოადგენდნენ ადგილობრივ, დამოუკიდებელ, პრო-სამთავრობო ჯგუფებს. ქსელი დღე და ღამე მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა საქართველოს მთავრობის სასარგებლო კონტენტი, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და მედიის მიერ გავრცელებული პრო-სამთავრობო პოსტების გაზიარებით. ასევე, აზიარებდნენ ოპოზიციის კრიტიკას, განსაკუთრებით ბოლო დროს სახალხო პროტესტის დროს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ. ფაქტობრივად, ეს ოპერაცია რეალურ დროში ეხმაურებოდა საპროტესტო მოვლენებს, მათ შორის შუაღამისას გამოქვეყნებული პოსტებით. ამ ქსელის უკან მყოფმა პირებმა გამოაქვეყნეს მიმები, ტექსტური სტატიები და კომენტარები ძირითადად ქართულად“, — ნათქვამია ანგარიშში.

Facebook აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობა აღმოაჩინა საეჭვო კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოძიების ფარგლებში.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ მათი ვინაობის და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა [ქსელის] კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიულ კომუნიკაციების დეპარტამენტთან“, — ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ნინო გიორგობიანი ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე კი ბექა მჭედლიშვილია. „ნეტგაზეთი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას, სადაც კომენტარს არ აკეთებენ.

სქრინშოტი META-ს ანგარიშიდან

„ფეისბუქს“ გაცხადებული აქვს, რომ ებრძვის მის პლატფორმაზე საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებს, რომლებიც საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ისახავენ მიზნად. Facebook კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევად განიხილავს, როდესაც რამდენიმე გვერდი, ჯგუფი და ანგარიში ერთობლივად მუშაობს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ. „ფეისბუქი” შლის როგორც ყალბ, ისე რეალურ ანგარიშებს, რომლებიც არაავთენტურ კოორდინირებულ ოპერაციებში არიან ჩართული.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Facebook საქართველოდან გვერდებს არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამო შლის. 2020 წლის აპრილში Facebook-მა გააუქმა კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ „ესპერსონასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ასეულობით გვერდი, ჯგუფი და პერსონალური ანგარიში. მანამდე „ფეისბუქმა” „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა.

ინტერნეტის რეაქცია გვერდების წაშლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი