საზოგადოება

ოპერის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ

9 ნოემბერი, 2023 • 1464
ოპერის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაფიცვას აგრძელებს. 9 ნოემბერი მათი გაფიცვის მე-7 დღეა.

გაფიცულების თავშეყრის კერა და ადგილსამყოფელი ლაღიძისა და თაბუკაშვილის ქუჩების კვეთაზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის ის შესასვლელია, საიდანაც პერსონალი შედის და გამოდის თეატრში. მათი რიცხვი ოცდაათამდეა და, როგორც ამბობენ, ყველა ქუჩაშია, ვინც თეატრში სცენის გამართვაზეა პასუხისმგებელი.

ტექნიკური პერსონალის უპირველესი მოთხოვნა ხელფასების 100%-იანი ზრდაა. ამბობენ, რომ უკვე წლებია მათი ხელზე ასაღები ანაზღაურება 509 ლარია. გაფიცულები ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ გარდა მიზერული ხელფასისა, რაც გაორმაგების შემთხვევაშიც კი არაა ახლოს რეალურ საჭიროებებთან და მათ შრომასთან, პრობლემად რჩება უსაფრთხოების ზომების არარსებობა და დამაკნინებელი დამოკიდებულება მათდამი, როგორც თეატრის დაბალი რგოლისადმი.

ოპერის ტექნიკური პერსონალის გაფიცულთა ნაწილი. გაფიცვის მეხუთე დღე

გიორგი ხიზანიშვილი თეატრში სამუშაოდ კოვიდ-პანდემიამდე მივიდა და, როგორც იხსენებს, ეს პრობლემები უკვე იმ დროიდან არსებობდა თეატრში. არც გაფიცვა მომწიფებულა ერთ დღეში და ტექნიკურმა პერსონალმა არცთუ მოკლე გზა გამოიარა მანამდე, სანამ ამ უკიდურეს ზომას მიმართავდა. 

“პანდემიის დროს რამდენიმე დღე გამოგვივიდა ,ჯამში, როცა ზეგანაკვეთურად მუშაობა მოგვიწია. ყველაფერი გაჩერებული კი იყო, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ ტვირთი ჩამოვიდა, ის იყო შემოსატანი და ა.შ. პანდემიამ რომ ჩაიარა და ანაზღაურება მოვითხოვეთ, ირონიულად, დამცინავად გვითხრეს, თქვენ ეგ თანხები კიდევ გახსოვთო? მაშინ დაიწყო ეს პროტესტი რეალურად. ერთ-ერთი სპექტაკლის გენერალური რეპეტიციები მიდიოდა. ჩაშლით დავემუქრეთ, იმ დონემდე მივედით. მაშინ მოგვაქციეს ყურადღება შედარებით და აუდიენცია ჩაგვინიშნეს სამხატვრო ხელმძღვანელთან, ბადრი მაისურაძესთან. ვინც ახლა გარეთ ვდგავართ, იგივე ხალხი ვიყავით მაშინ. არც კი ვიცოდი მე, რომ პანდემიის დროს მუშაობდითო. რა არ იცოდით, ბატონო ბადრი, საკუთარი მანქანით წაგვიყვანეთ ერთხელ მე და კიდევ ოთხი ბიჭი კარანტინის დროს-მეთქი, ვუპასუხე”, – იხსენებს ნეტგაზეთთან გიორგი ხიზანიშვილი.

როგორც თეატრის გაფიცული თანამშრომლები ჰყვებიან, მაშინ ბადრი მაისურაძე მათ დაჰპირდა, რომ სამინისტროს აუხსნიდა ტექნიკური პერსონალის როლს და ხელფასების 20%-ით მომატებას ეცდებოდა. ხიზანიშვილის თქმით, კოლექტივმა გაითვალისწინა პანდემიის ფაქტორიც, სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაც და უკან დაიხია.

“ორი წელი გავიდა მას მერე და აქამდე მოვედით, რომ გარეთ ვდგავართ. იქნებ ასე მაინც გაიგონ ჩვენი ხმა. ღირსეული ანაზღაურება კი არა, მადლობელიც არაა არავინ და კიდევ ზემოდან გიყურებენ. ხალხს ჰგონია, რომ იქ რაკი დეკორატორი ხარ, სიმძიმეებს ეწევი, არც წიგნი წაგიკითხავს, არც განათლება გაქვს”, – ამბობენ ოპერის თანამშრომლები.

“ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ბევრი მოვინდომეთ. მაგრამ კარგად გვინდა გაიგოს ყველამ – 500 ლარია ჩვენი ხელფასი, რასაც რეალურად ხელზე ვიღებთ. 1000 ლარს ვითხოვთ და ეგ 1000 ლარიც არაა საკმარისი, რომ ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს კი არა, უბრალოდ საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა შეძლოს”, – ამბობს გიორგი ხიზანიშვილი.

როგორც ოპერის გაფიცული თანამშრომლები ნეტგაზეთს ეუბნებიან, ამ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია და პროცესში მედიატორის ჩართვა ითხოვეს. თუმცა, მათი თქმით, მედიატორი, რომელიც დაუნიშნეს, საქართველოშიც არ იმყოფებოდა და მედიაციისთვის გამოყოფილი 21 დღიდან დაახლოებით 10 დღე იყო დარჩენილი, როცა ჩამოვიდა და ტექნიკურ პერსონალს პირველად შეხვდა. გაფიცვამდე 2 დღით ადრე კი შეიტყვეს, რომ დირექცია იანვრიდან 35%-ით გაზრდიდა ხელფასებს კულტურის სამინისტროს განკარგულებით და მოლაპარაკების თემა სხვა საკითხი ვერ გახდებოდა. ტექნიკურმა პერსონალმა მედიაციის შეწყვეტა გადაწყვიტა, წერილობით აცნობა ადმინისტრაციას, რომ გაფიცვას იწყებდა და 3 ნოემბერს ქუჩაში გავიდა.

“პირველივე დღეს გამოვიდა თეატრის იურისტი და ინტერვიუში ამბობს, 40%-ით ვუზრდით ხელფასებს. ისედაც 650 ლარიდან 1350 ლარამდე აქვთ ხელფასებიო. დეზინფორმაციის გავრცელებაში გვდებენ ბრალს და იქით თავად ავრცელებენ დეზინფორმაციას. იმიტომ, რომ ჟურნალისტებთან ეს ალბათ უკეთესად ჟღერს, ვიდრე ის, თუ რამდენს ვიღებთ რეალურად. ჯერ ან ეგ რა თანხაა, რასაც ასახელებენ და გადასახადები რომ აკლდება მაგას და ბევრად ნაკლებს ვიღებთ რეალურად, მაგას არც ახსენებენ”, – გვეუბნება ხიზანიშვილი.

მერაბი სწორედ ის თანამშრომელია, რომელიც გაფიცულებს შორის, თეატრის ცნობით, 1350 ლარს იღებს.

“მეც პირველად გავიგე, მაგდენი ხელფასი თუ მქონდა ქაღალდზე. ხელზე რამდენს ვიღებ, იცით? 1080 ლარს. ორ ცვლაში ვმუშაობ. დილით ვარ არასრულ განაკვეთზე, სცენის მემანქანე, და საღამოთი ვარ ბრიგადირი. თოთხმეტი საათი გამოდის საშუალოდ ყოველდღე. ორშაბათის გარდა, დილიდან დაღამებამდე აქ ვარ”, – ამბობს ნეტგაზეთთან მერაბი.

მერაბი 25 წელზე მეტია, რაც ოპერის თანამშრომელია. 24 წლის ყოფილა, როცა სამუშაოდ თეატრში მოსულა. 

“რამ გამაჩერა ამდენი წელი და სიყვარულმა. ოპერის სიყვარულმა, სცენის მტვერმა. ვინც მოდის, მართლა ყველას უჭირს მერე წასვლა. ამბობენ, ოპერის ხერხემალი ხართო, ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართო. მე რა ვერ გამიგია, იცი? ოჯახის წევრები თუ ვართ და ოპერის ხერხემალი თუ ვართ,  ოჯახის წევრებს თვითონ მშიერს ტოვებენ? განსაკუთრებულს ვითხოვთ რამეს? ექიმთან წასვლის თავი რომ გვქონდეს, მაგას ვითხოვთ. რამე რომ დავიზიანო, ექიმთან ხომ უნდა მივიდე, 50 ლარია ერთი უბრალო ვიზიტი. დაზღვევა ჩვენთვის არაა. კი აქვს ოპერას დაზღვევა, მაგრამ თვეში 35 ლარის გადამხდელები ვართ ამ ხელფასებით? ბავშვი რომ გეტყვის, მამა, ნაყინი მიყიდეო და ამას ვერ ყიდულობ ზოგჯერ, სირცხვილია უბრალოდ. პენსიასთან უფრო ახლოსაა ჩვენი ხელფასები”, – გვეუბნება მერაბი.

თეატრის გაფიცული თანამშრომლები ჰყვებიან, რომ გაფიცვის წინა დღემდე სრული დატვირთვით იმუშავეს. მორიგი პრემიერისთვის, რომელიც 14 ნოემბერს არის ჩანიშნული, თითქმის ყველაფერი მზად დატოვეს. ამბობენ, რომ მათი მიზანი არც რომელიმე სპექტაკლის ჩაშლა ყოფილა და არც ვინმესთვის ფეხის წამოდება, მაგრამ იმედგაცრუებული არიან იმ დამოკიდებულებით, რასაც აწყდებოდნენ გაფიცვამდე და გაფიცვის შემდეგაც.

“დირექცია ახლა ცდილობს, შიგნით რამდენიმე ადამიანი გამოძებნოს და ჩვენი საქმე მათ შეუთავსოს. 20 კაცი რომ გაჭირვებით ვართმევდით თავს ამხელა საქმეს, როდემდე ჩაგვანაცვლებენ რამდენიმე ადამიანით? ჰგონიათ, რომ დრო მათზე მუშაობს.  ბრძოლის ჟინი და სულისკვეთება ჩაიხშობა. რაც ქუჩაში ვდგავართ, ოპერის მომღერლებით დაწყებული, ორკესტრანტებით დამთავრებული, ზოგი კი არის ისეთი, გამარჯობასაც რომ არ გეტყვის, მაგრამ უმრავლესობა ჩერდება, გამოგველაპარაკება,  სოლიდარობას გვიცხადებს. ყოჩაღ, ბიჭებოო, ბოლომდე იდექითო. სიტყვიერად კი ვგრძნობთ მხარდაჭერას, მაგრამ მათაც ვეუბნებით, თუ რამე პრობლემა გაქვთ და რამე გულის ტკივილი გაქვთ, ამაზე კარგ დროს ვერ ნახავთ, გამოდით და თქვენი პროტესტი საჯაროდ დააფიქსირეთ. მაგრამ ჯერჯერობით ასე არ ხდება. ჯერჯერობით მარტონი ვართ. რეალურ მხარდაჭერას ვერ ვგრძნობთ. შეიძლება, თანამდებობებით განვსხვავდებით, შეიძლება შეხედულებებითაც განვსხვავდებით, მაგრამ სცენაზე რომ ვდგებით, იქ ყველა ერთი ვართ და ჩვენი ბიჭების გარეშე ვერც იმღერებს ვინმე და ვერც იცეკვებს”, – გვეუბნება გიორგი ხიზანიშვილი.

ოპერის გაფიცულ თანამშრომელთა თავშეყრის ადგილი. გაფიცვის მე-5 დღე

პერსონალი, რომელიც გარდა იმისა, რომ სცენის ვიზუალურ მხარეზეა პასუხისმგებელი, აგებენ პასუხს სცენაზე მდგომი არტისტების უსაფრთხოებაზეც. თუმცა, როგორც ამბობენ, მათ უსაფრთხოებაზე არავინ ზრუნავს და თეატრში ელემენტარული სტანდარტები არ არის დაცული მათი შრომის უსაფრთხოებისთვის.

“10-12 მეტრის სიმაღლეზე გვიწევს საქმის კეთება და უსაფრთხოების ღვედიც არ მაქვს ელემენტარულად, ფეხი რომ დამიცდეს, რაღაცამ დამაზღვიოს. ქუდი არა გვაქვს ელემენტარულად და ფეხსაცმელი, რაც ამ სამუშაოებს სჭირდება. ჩემი არჩევანია, რომ ამ საქმეს მოვეკიდე, მაგრამ თეატრმაც ხომ უნდა იზრუნოს, რომ უსაფრთხოდ გავაკეთოთ ყველაფერი. ყოფილა კიდევ პრეცედენტები, როცა დაზიანებები მიგვიღია”, – ამბობს ხიზანიშვილი.

გაფიცულები ამბობენ, რომ დათმობას არ აპირებენ, რა დროც არ უნდა დასჭირდეთ, მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვას არ შეწყვეტენ. აღიარებენ, რომ მოლოდინი ჰქონდათ, გაფიცვა დიდხანს არ გაუგრძელდებოდათ.

“ის იმედიც გვქონდა, რომ ნინო ანანიაშვილი თავისი მხრიდან რაღაცას იტყოდა. მაგრამ ეს იმედები გაგვიცრუვდა. 3 ნოემბრიდან გარეთ ვართ – არანაირი რეაქცია. არავინ გამოდის, არავინ გველაპარაკება, ჩვენ შიგნით არ გვიშვებენ. ელემენტარულად, რომ საპირფარეშოში შეხვიდე ან ეზოში ჩამოჯდე, მაგის უფლებაც არ გვაქვს”, – ამბობენ გაფიცულები. 

პირველსავე დღეს სოციალური ქსელის საშუალებით პირველად და უკანასკნელად გამოეხმაურა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაფიცულებს. თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლებს კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა მალევე შეუზღუდა. 

გაფიცვის დაწყებიდან მალევე გახდა ცნობილი გაფიცული ტექნიკური პერსონალის თანამშრომლებიდან ორი მათგანის გათავისუფლების შესახებ. რასაც თეატრიდან “დეზინფორმაცია” უწოდეს და აღნიშნეს, რომ ხსენებული ორი თანამშრომელი გამოსაცდელი ვადით იყო თეატრში და ვადის ამოწურვამდე შეუწყდათ შრომითი ურთიერთობა.

ნეტგაზეთი ორი გათავისუფლებულიდან ერთ-ერთს, 22 წლის გელა გასიტაშვილსაც ესაუბრა. გასიტაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ გაფიცვის წინა დღით უშუალო ხელმძღვანელისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი გამოსაცდელი ვადა უკვე ამოწურული იყო და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა.

“რამდენიმე საათში, საღამოს, სახლში ვიყავი, როცა მოვიდა შეტყობინებები, გათავისუფლებულები არიანო. მე მგონია, იმიტომ მოხდა ეს, რომ ჩემი გვარ-სახელი იყო იმ სიაში, ვინც ვიფიცებოდით. რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ გამოსაცდელი ვადა ვერ გავიარე. წარმოდგენა არ მაქვს, ამიყვანენ უკან თუ არა, მაგრამ ამ ხალხთან ერთად ვიდგები აქ ბოლომდე”, – ამბობს გასიტაშვილი.

გელა გასიტაშვილი

სცენის სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის ფონზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 14 ნოემბერს პრემიერისთვის ემზადება. ნინო ანანიაშვილისა და ალექსეი ფადეევიჩის ახალი ქორეოგრაფიული რედაქციით, მაყურებელი ლუდვიგ მინკუსის “ბაიადერას” ნახავს.

ოპერისა და ბალეტის თეატრში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ საკმარისი პერსონალი ჰყავთ იმისთვის, რომ დაგეგმილმა პრემიერამ კარგად ჩაიაროს.

“ყველა არ არის გაფიცული. სულ 56 ადამიანია ტექნიკურ პერსონალში, შესაბამისად, არის ხალხი, ვინც მუშაობს ახლაც და რეპეტიციები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს”, – ამბობენ თეატრში.

ოპერისა და ბალეტის თეატრს ტექნიკური პერსონალის შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ვეკითხებით, რაზეც გაფიცულებმა ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დაცული არ არის თეატრში და არანაირი ინვენტარი მათი შრომის უსაფრთხოებისთვის თეატრს არ აქვს. თეატრში გვპასუხობენ, რომ მსგავსი რამ პირველად ესმით და თეატრს ყველაფერი დაცული აქვს.

ამავე თემაზე

„დეზინფორმაციაა“ – ოპერისა და ბალეტის თეატრი 36 გაფიცულის ანაზღაურებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი