ახალი ამბები

„დეზინფორმაციაა“ – ოპერისა და ბალეტის თეატრი 36 გაფიცულის ანაზღაურებაზე

5 ნოემბერი, 2023 • 1951
„დეზინფორმაციაა“ – ოპერისა და ბალეტის თეატრი 36 გაფიცულის ანაზღაურებაზე

თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ტექნიკური პერსონალი გაფიცვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ინფორმაცია მათი ხელფასების შესახებ დეზინფორმაციაა.

თეატრის შეფასებით, დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება და „მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და თეატრის დისკრედიტაციას“.

განათლებისა და კულტურის პროფკავშირში აცხადებდნენ, რომ დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება უკვე წლებია, დაახლოებით 500 ლარია, თეატრში სამუშაო მოცულობის ინტენსიურად გაზრდის მიუხედავად.

თავად ტეატრის განცხადებით კი:

„თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების არსებული, ყოველთვიური მინიმალური შრომის ანაზღაურება 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური 1350 ლარი. ამასთანავე, დასაქმებულებზე რეგულარულად, ყოველთვიურად გაიცემა სახელფასო დანამატები“.

თუმცა, როგორც განათლებისა და კულტურის პროფკავშირის იურისტი, დავით ომსარაშვილი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, 650 ლარი, რომელზეც თეატრში საუბრობენ, დარიცხული ხელფასია და მას საშემოსავლო გადასახადი აკლდება [ამ მოცემულობით, ხელზე ასაღები ხელფასი 520 ლარი გამოდის].

რაც შეეხება 1350-ლარიან მაქსიმალურ ხელფასს, იურისტის განმარტებით, მისი მიღება დასაქმებულს ორი თანამშრომლის მოვალეობის შეთავსებით შეუძლია.

„ამ ადამიანებს [გაფიცულებს] აქვთ დაბალი ხელფასი. [ადმინისტრაციაში] რომ ამბობენ, თითქოს ტყუილში გამოგვიჭირეს, ძალიან ცდებიან“, – აღნიშნავს იგი.

ამასთან, ადმინისტრაციის განცხადებითვე, ბოლო 10 თვეში „გაფიცულ თანამშრომლებზე ჯამურად გაიცა სახელფასო დანამატები – 63 500 ლარის ოდენობით“ და „2024 წლის 1 იანვრიდან თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს ეზრდებათ შრომის ანაზღაურება 35-40%-ით“.

პროფკავშირის იურისტის განცხადებითვე, დანამატებს თანამშრომლები ზეგანაკვეთური მუშაობისთვის იღებენ.

გარდა ამისა, თეატრში „დეზინფორმაციას“ უწოდებენ პროფკავშირების ცნობებს, რომ გაათავისუფლეს პროტესტში მონაწილე ორი თანამშრომელი. „აღნიშნული პირები თეატრში დასაქმებულები იყვნენ 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომელთაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდათ ამ ვადის ამოწურვამდე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი